Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 27 ივნისი


დღევანდელი პრესა საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს ეხმაურება. "24 საათი" წერს: "საქართველოს წინაშე მდგარი მთავარი ამოცანა კვლავ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ჩამოყალიბებული მოთხოვნების შესრულებაა. პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი, რომელიც მომავალ წელს "მაპ"-ის მიღებას ვარაუდობდა, რასმუსენთან გამართული შეხვედრის შემდეგ ამ თემის წამოწევას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს".

"რეზონანსი" წერს, რომ "2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბიომეტრიული სიებით ჩატარდება. რაც შეეხება ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს, ცსკოს ინფორმაციით, სიების გადამოწმება არ იგეგმება, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით კი, ამ საკითხზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს". "რეზონანსისთვის" "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" წარმომადგენელ ელენე ნიჟარაძეს უთქვამს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იქნება სია, რომელიც გასულ წელს სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიამ წარმოადგინა: "ჩვენი ინფორმაციით, სიახლე ის არის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სიების ფორმირებაზე ცსკოს ნაცვლად "სახელმწიფო სერვისების განვითარების" სააგენტო იქნება პასუხისმგებელი, ანუ ყოფილი "სამოქალაქო რეესტრის სააგენტო" სიებზე მუშაობას ნულიდან დაიწყებს. ახალ სიას დაემატება ახალი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ეს არის ბიომეტრიული ფოტოსურათი".

"ალია" პარლამენტის 26 ივნისის სხდომაზე ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის იმ განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლითაც მან "ნაციონალური მოძრაობის" წევრ დეპუტატებს პოლიტიკიდან წასვლისკენ მოუწოდა. "ალია" მანანა კობახიძესთან ინტერვიუსაც აქვეყნებს. "მე ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ, გულწრფელად გეუბნებით. ჩემს გარშემო ყველას ასეთი განწყობა აქვს - კიდევ ესენი რატომ გადმოდიან შეტევაზე, თქვენკენ რატომ იშვერენ ხელს და რატომ დგებით თავის მართლების რეჟიმშიო?! არადა, აბსოლუტურად პირიქით უნდა იყოს ყველაფერი", - განუცხადა მანანა კობახიძემ "ალიას".

"ვერ გეტყვით, რა მოუვიდა ზაქარია ქუცნაშვილს, მანანა კობახიძეს. ყველაზე მეტად დაგვიპირისპირდა შალვა შავგულიძე. გაოცებული ვარ..." - ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ესაუბრა "საქართველოს რესპუბლიკის" კორესპონდენტს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ბრალდებისა და დაცვის მხარეების უთანაბრო პოზიციებზე: "სისხლის სამართლის საპროცესო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, უნდა გაზრდილიყო ადვოკატთა უფლებები. ეს მინიმალური ცვლილებაც კი არ დაუშვა ხელისუფლებამ. ჩაერია შინაგან საქმეთა მინისტრი, მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და პარლამენტში შემოსულ ცვლილებათა პაკეტი დაბლოკა". ჟურნალისტის შეკითხვაზე, "რატომ დაბლოკა პარლამენტმა ან რატომ ჩაერია შს მინისტრი", ხატიაშვილი პასუხობს: "ვინაიდან საქართველოში ახლა ბიძინომანიაა. ის ქმნის პოლიციურ სახელმწიფოს. თანაც, ჩემი აზრით, იმისთვის არ ქმნის, რომ რამდენიმე თვეში წავიდეს".

"ახალი თაობა", ნანა კაკაბაძე: "აბსოლუტურად ყველგან ვაწყდებით პრობლემებს. ეს პრობლემები დგას იმიტომ, რომ არ მომხდარა რეჟიმის გასამართლება და შეფასება. დღეს, როდესაც ეს კადრები იხილეს, გამოდიან და ლაპარაკობენ, რომ ეს საშინელებაა. არავინ იმას არ ამბობს, რომ რეჟიმი უნდა გასამართლდეს“... "მრჩება შთაბეჭდილება, რომ "ქართული ოცნება" არ იყო მზად ხელისუფლებაში მოსასვლელად. არ ელოდნენ იმას, რომ ასეთი მასშტაბით აიღებდნენ ძალაუფლებას", - ამბობს ნანა კაკაბაძე "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG