Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 2 ივლისი


„31 ოქტომბრის არჩევნები და ვილნიუსის სამიტის აჩრდილი“ - ასეთია სათაური „რეზონანსის“ მეწინავე სტატიისა, სადაც ჟურნალისტი წერს: "მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლო დღეს დანიშნა. 31 ოქტომბრის არჩევნებიდან ერთ თვეში ქვეყნის პირველი პირი ევროკავშირის სამიტზე უნდა წარდგეს, თუმცა არსებობს ალბათობა, რომ ამ პერიოდისათვის საარჩევნო პროცედურები დასრულებული არ იქნება და ვილნიუსში გამგზავრება ახლის ნაცვლად ძველ პრეზიდენტს მოუწევს“. "საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელი კახა კახიშვილი მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას არჩევნების თარიღთან დაკავშირებით სწორედ ვილნიუსში გამგზავრების სურვილს უკავშირებს. "საპრეზიდენტო არჩევნები პირველ ოქტომბერს რომ დაენიშნა, ამით ყველას გააკვირვებდა, ეს იქნებოდა ორიგინალური სვლა და იმის დემონსტრირება, რომ ძალაუფლებას ბოლო დღეებამდე არ ებღაუჭება, მაგრამ პირიქით", - ამბობს კახა კახიშვილი და განაგრძობს: „მან ძალიან კარგად იცის, რომ ვილნიუსის სამიტი პრეზიდენტის რანგში მისი ბოლო აკორდია. ამიტომ წარდგება და ისაუბრებს თავის დემოკრატიულ რეფორმებზე, რომ რამენაირად ისე მაინც არ დაამახსოვროს თავი საერთაშორისო თანამეგობრობას, როგორი წარმოდგენაც მასზე თანდათანობით ექმნებათ. კიდევ ერთხელ ყველაფერს, რაც თვითონ გააკეთა და რის გამოც, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გავხდით ვერც ნატოს წევრობის კანდიდატები და ვერც ევროპის ოჯახის წევრები, გადააბრალებს ივანიშვილს. ახლა მისი ამოცანაა, ხაზი გაუსვას, რომ ის იყო დემოკრატიის ერთადერთი გარანტი საქართველოში და ახლა დემოკრატია საფრთხეშია", - აღნიშნავს კახი კახიშვილი გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას.

ბევრს წერს დღევანდელი ბეჭდური მედია იმის შესახებ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უმრავლესობა საკრებულოშიც დაკარგა. საუბარია ფრაქციის თავმჯდომარის კოკი იონათამიშვილის გუშინდელ ნაბიჯზე - მან პირადი ფრაქცია დატოვა. ქართული პრესა მთავარ აქცენტს ამჯერად იმ წერილებზე აკეთებს, რომელიც კოკი იონათამიშვილის გადაწყვეტილების შემდეგ ჯერ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა, შემდეგ კი თავად ფრაქციის ყოფილმა ხელმძღვანელმა. საუბარია კოკი იონათამიშვილის პირად წერილზე, რომელიც მან პრეზიდენტს რამდენიმე ხნის წინ მისწერა და სადაც ის მიხეილ სააკაშვილს დახმარებას სთხოვს. წერილების შინაარსს მკითხველს სრულად სთავაზობს როგორც გაზეთი „ალია“, ისე „ახალი თაობა“. კოკი იონათამიშვილი პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში წერს: „მე მაქვს წილი ერთ ბიზნესში. ეს ბიზნესი ცუდი არ არის, მაგრამ დღეს მხოლოდ თქვენი შუამდგომლობის ხარჯზე თუ დაინტერესდება ვინმე. თუ, რა თქმა უნდა, ამ თავხედობას შემინდობთ და დამეხმარებით, ეს ჩემი გადარჩენა იქნება. წილის გაყიდვა მსურს. ჯამში, 100 000 დოლარი მინდა“. - წერილი გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაასაჯაროვა. კოკი იონათამიშვილის პირადი წერილის გამოქვეყნების შემდეგ კი ფრაქციის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე ახალ წერილს აქვეყნებს - სწორედ ამ წერილის ფინალური სიტყვებია გამოტანილი დღევანდელი პრესის პირველ გვერდებზე: „მივმართავ ჩემს კოლეგებს, რომ დატოვონ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ქვეყნის აღმშენებლობის სხვა გზა ეძიონ“, - წერს კოკი იონათამიშვილი და იქვე დასძენს: „ამაზრზენი ხარ, მიშა!“.

გაზეთი „24 საათი“ კი იმაზე წერს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენას ითხოვს: სტამბოლში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 22-ე პლენარული სესიის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ეუთოს, გაააქტიუროს ძალისხმევა დაურეგულირებელი კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით და გააორმაგოს ძალისხმევა კავკასიასა და მოლდავეთში კონფლიქტების მოსაგვარებლად. „24 საათი“ აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „გვინდა გაძლიერდეს ეუთოს როლი საქართველოში. როგორც იცით, დღეს ქვეყანაში მისი ფუნქციონირება შეზღუდულია რუსეთის პოზიციის გამო და ვეძებთ გზებს, რომ ასეთ ვითარებაში ეუთოს როლი ჩვენთან სათანადოდ იყოს წარმოდგენილი“. მისივე განმარტებით, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად კონკრეტული ფორმა და მექანიზმი ჯერჯერობით გამოძებნილი არ არის, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG