Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 5 ივლისი


„პრემიერს უფლებები გაზრდამდე შეუმცირდება“ - სტატიაში, რომელსაც გაზეთ „რეზონანსში“ წაიკითხავთ, აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრს გაზრდილი უფლებების ნაწილი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა შევიდეს ძალაში, მანამდე შეუმცირდება. „ვფიქრობ, ეს ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეალურად შექმნის იმის საშუალებას, რომ ხელისუფლება მართლაც იყოს დაბალანსებული“, - უთხრა კონსტიტუციონალისტმა ზურაბ ჯიბღაშვილმა გაზეთ „რეზონანსს“. იგი ადასტურებს, რომ არჩევნების შემდეგ რეალურად უფრო ფართომასშტაბიანი ცვლილებები იგეგმება.

გაზეთ „რეზონანსშივე“ წაიკითხავთ სტატიას იმის შესახებ, რომ სექტემბრიდან ახალგორის მიმართულებით გადაადგილების წესები მკვეთრად გართულდება, დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთა კი მგზავრებს ფეხით მოუწევთ.

„მარგველაშვილისა და ბურჯანაძის კანდიდატებად დასახელება წარსულის თამაშს ჰგავს“, - უპასუხა გაზეთ „ვერსიას“ პრეზიდენტობის ერთ-ერთმა სავარაუდო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა კითხვაზე, გაიმართება თუ არა არჩევნებში მთავარი ბრძოლა მარგველაშვილსა და ბურჯანაძეს შორის. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ორივე შვარდნაძის მემკვიდრეა და დარწმუნებულია, რომ ამ თამაშს ამომრჩეველი საკადრის პასუხს გასცემს. მანამდე კი კმაყოფილებას გამოთქვამს იმ მესამე ადგილით, რომელიც ბოლო სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა. „ იგივე გამოკითხვის მიხედვით, ბურჯანაძემ ჩემზე ბევრად ნაკლები ხმა მიიღო“, - შენიშნა სალომე ზურაბიშვილმა გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში.

რა საკითხს ვერ წყვეტს ივანიშვილი ამერიკის ელჩის გარეშე? ინტერვიუს „სახალხო კრების“ ერთ-ერთ ლიდერთან, ლაშა ამირეჯიბთან, გაზეთი „ალია“ აქვეყნებს. ამ ინტერვიუს თანახმად, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სერიოზულ ოპოზიციას არ შექმნის, ამიტომ ამბობს კოალიციაში მაქვს საამისო რესურსიო. მიდის გარე პოლიტიკური ძალების აბსოლუტური იგნორირება და ამ საკითხებს, ამბობს ლაშა ამირეჯიბი, ამერიკის ელჩი წყვეტს. „ბიძინა ივანიშვილს მეტი გამოსავალი არ აქვს და ეყოლებათ ნაციონალები კიდევ 3 წელი და 3 თვე პარლამენტში“, - შენიშნავს „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერი და აზუსტებს, რომ პარლამენტს დღეს ქართული ელემენტები აკლია: „ამერიკელები ეუბნებიან, ეს ლიბერალური ჯგუფი -თინა ხიდაშელი, მისი ქმარი და დანარჩენები უნდა იყვნენ პრივილეგირებულ მდგომარეობაშიო“.
„რასმუსენის განტოლების“ ამოხსნას კი ამავე სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში გაზეთი „ახალი თაობა“ ცდილობს. გაზეთის თანახმად, განტოლება, რომელშიც უცნობთა რაოდენობა სამს აღემატება, ამოხსნას არ ექვემდებარება, იმ უცნობთა რაოდენობა კი, რომელიც ამ დღეებში საქართველოში ოფიციალურად მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დაგვიტოვა, სამს კი არა, ათეულსაც აჭარბებს. კოჰაბიტაციის პროცესის შეუქცევადობა, თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები, შერჩევითი სამართლის გამორიცხვა - სტატიის თანახმად, ის პირობებია, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც საქართველო, რასმუსენის სიტყვებით, ნატოს მხარდაჭერას მიიღებს. რა შემთხვევაში მიიღებს საქართველო ნატოს წევრობას, „ახალი თაობის“ თანახმად, უცნობი დარჩა. შესაბამისად, გაზეთში წაიკითხავთ, რომ განტოლება, რომელიც რასმუსენმა საქართველოს დაუტოვა, ამოხსნას ნაკლებად ექვემდებარება და რჩება შთაბეჭდილება, რომ პირველ რიგში სწორედ ნატოა დაინტერესებული იმით, რომ საქართველომ ამ ამოცანის შესრულება ვერ შეძლოს.
XS
SM
MD
LG