Accessibility links

logo-print
„“ნაცმოძრაობის“ საკონსტიტუციო ბერკეტი კვლავ საფრთხეშია“ - ამ სათაურით „რეზონანსში“ ქვეყნდება სტატია, რომელიც დეპუტატების მიერ საპარლამენტო უმცირესობის დატოვების პერსპექტივას ეხება. ავტორი წერს კონკრეტულად ერთ დეპუტატზე - ხულოს მაჟორიტარ ანზორ ბოლქვაძეზე, თუმცა კიდევ რამდენიმე დეპუტატის მიერ იმავე ნაბიჯის გადადგმას არ გამორიცხავს. „რეზონანსი“ წერს: „დღეს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები არიან გოჩა ენუქიძე, იაშა შერვაშიძე, მარიკა ვერულაშვილი, გურამ მისაბიშვილი და გიორგი ფეიქრიშვილი. თუ მათ რიგებს ბოლქვაძეც შეუერთდება, ახალი ფრაქცია შეიქმნება“.

კოჰაბიტაციის პროცესზე არაერთ მოსაზრებას გაეცნობით დღევანდელ პრესაში. „ახალი თაობა“ წერს: „“ქართული ოცნება“ ზომაზე მეტად უწევს ანგარიშს „ნაცმოძრაობას“ როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე გარეთაც. ეს არც ერთ შემთხვევაში არ იძლევა იმის შესაძლებლობას ვთქვათ, რომ ხელისუფლება შეიცვალა და ქვეყანაში ახალი რეალობაა. ადგილებზე, რეგიონებში კვლავ გამგებლებად და გუბერნატორებად ნაციონალები რჩებიან, ხოლო პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობის ყოველ კაპრიზს მმართველი კოალიცია ისეთი რუდუნებით ეკიდება, ნამდვილად იქმნება წარმოდგენა, რომ სახელმწიფოში ორხელისუფლებიანობაა. ამ ფონზე ვერც სამართლიანობის აღდგენა ხერხდება და ვერც სრულყოფილად ძალაუფლების ხელში აღება გამარჯვებული კოალიციის მიერ“.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე ეუბნება „ალიას“: „ყველგან ამას ვამბობ, კაცო, რას ჰქვია კოჰაბიტაცია, სათქმელი უნდა ითქვას. სიმართლეს დაინახავს დასავლეთიც და აღმოსავლეთიც. მე თვითონ მეშლება ნერვები ისევ ჩვენებზე - რა გახდა ამ საქმეების გამოძიება, რომ მიაყარონ მაგათ სახეში, რათა სარკასტული სიცილი მაინც ჩაუქრონ. შაბათს, 13 ივლისს, ჩვენ შეხვედრა გვაქვს პირველთან და იქაც ვილაპარაკებ ამ საკითხზე“.

„ალიაშივე“ უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, დავით ლორთქიფანიძის ინტერვიუში წაიკითხავთ: „მე მაინც ერთ აზრზე ვარ - ეგენი იმიტომ არიან ასეთი თავხედები, რომ, როგორც ჩანს, ამ გათავხედებულ „ნაციონალებს“ ჩვენ რაღაც ხელს ვაკლებთ და ჯერ კიდევ ვუნახავთ სინდისს ამ უსინდისოებს. თუმცა ადამიანი, რომელსაც ნამუსი არ აქვს, მას როგორ უნდა შევუნახო?! პარლამენტშიც ვამბობ და პირად საუბრებშიც, რომ უნდა მოხდეს აღმოჩენილი ფირების გასაჯაროება. ეს იქნება ძალიან სერიოზული დარტყმა და მათი პოლიტიკური კარიერა საბოლოოდ დასრულდება“.

„საქართველოს რესპუბლიკის“ ერთ-ერთი ავტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ რექტორ გია ხუბუაზე წერს: „საქართველო პარადოქსების ქვეყნად რჩება. ამის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტის დამანგრეველ-დამაკნინებელ გია ხუბუას ერის იმედად მოსულ „ოცნებაშიც“ გამოუჩნდნენ ძლიერი დამცველ-მფარველები და ნაცისტების მიერ არჩეულ-გადარჩეულ-გაძევებული კვლავ დააბრუნეს ალმა მატერში. „სამართლიანობის“ აღდგენა გაფორმდა ჩვენგან ქებული აკადემიური საბჭოს „ობიექტური“ გადაწყვეტილების საფუძველზე. ჩვენი სამშობლო ისევ ჩალით დახურული რჩება“.
XS
SM
MD
LG