Accessibility links

მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის პოლიტიკური მომავალი კვლავაც ინტერესის საგნად რჩება. „კვირის პალიტრას“ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა: „არ ვფიქრობ, რომ კბილაშვილი არ არის კარგი მთავარი პროკურორი. მართალია, მან გუნდის მწვავე კრიტიკა დაიმსახურა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი გადაყენების თუ გადადგომის საკითხი დგას დღის წესრიგში. ეს არ მოხდება, როგორც უნდა ოცნებობდეს ამაზე პრეზიდენტი“.

„კვირის პალიტრის“ ერთ-ერთი თემა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობაზე აღძრული საქმეა. გაზეთს შპს „მექანიზატორის“ დირექტორის მოადგილე, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული მამუკა ივანიაძე დავით კირვალიძეზე ეუბნება: „მსმენია, რომ დათო შიდა ბრძოლებს ემსხვერპლა. მან იცის ამ ხალხის ვინაობა და აჯობებს თვითონ დაასახელოს. ჩემი ტელეფონი ისმინება, შეიძლება ჩვენი საუბარი იწერებოდეს და ამან პრობლემები შემიქმნას“.

სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის შესახებ „ახალი თაობაც“ წერს: „დღეს უკვე კულუარებში ბევრი საუბრობს იმაზე, რომ დავით კირვალიძის პორტფელი სწორედ შიდასახელისუფლებო დაპირისპირებას შეეწირა და ეს ტალღა რესპუბლიკელი ლაშა ნაცვლიშვილისგან იმართება“.

„კვირის პალიტრის“ კიდევ ერთ ინტერვიუზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. გიორგი ბარამიძეს ჟურნალისტი ზურაბ ჟვანიას სიკვდილის საქმეზე უსვამს კითხვებს. ბარამიძე ასეთ რამეს აცხადებს: „არასდროს მიმტკიცებია, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. თუმცა არც იმის საფუძვლიანი ეჭვი მქონია, რომ ვინმესთვის ხელი დამედო. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ვერსიას კატეგორიულად გამოვრიცხავ. საბურთალოზე ჟვანია გარდაცვლილი ვნახე, მანამდე რა მოხდა, ეს მხოლოდ მკვლელმა იცის. თუმცა ის საკითხები, რაც ეჭვს ბადებს, შეიძლება სულაც არ უკავშირდებოდეს მკვლელობის ვერსიას“.
ზურაბ ჟვანიას საქმეზე „ასავალ-დასავალს“ ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისათვის“ ხელმძღვანელი ლალი ანთია ელაპარაკება. ის ამტკიცებს, რომ ზურაბ ჟვანია „წინა ხელისუფლებამ მოკლა“.

„ვერსიის“ მთავარი სტატიის სათაურია „შეთქმულება ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ“. ავტორი წერს კულუარულ ვერსიებზე. ერთი ვერსიით, „ღარიბაშვილისთვის ძირის გამოთხრას თინა ხიდაშელი ცდილობს“, მეორე ვერსიით - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, მესამე ვერსიით - მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, მეოთხე ვერსიით - „შს სამინისტროში დარჩენილი სააკაშვილის და მერაბიშვილის ერთგული კადრები“.

„ვერსიაში“ დღეს ნინო ბურჯანაძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილსა და საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო შედეგზე ამბობს: „სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, როგორ დათანხმდა ბიძინა ივანიშვილის წინადადებას, რადგან ადრე პოლიტიკაში გააქტიურების შესახებ ნებისმიერ შეთავაზებაზე ასე მპასუხობდა - როგორ წარმოგიდგენია მე, პოლიტიკოსის რანგში, ვზივარ ან თათბირს ვატარებო. მაშინ მისი არგუმენტი გამართლებული იყო და ახლაც ნათლად ვხედავ, რომ გიორგი მარგველაშვილის პიროვნებაში არაფერი შეცვლილა. შესაბამისად, დიახ, დარწმუნებული ვარ, თავისუფალი საარჩევნო გარემოს პირობებში - პირველი ტური იქნება თუ მეორე - არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებ!“

„კვირის ქრონიკა“ „ცენტრ პოინტის“ მფლობელთა წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე წერს: „ამ დიდ აფიორაში შესაძლოა თბილისის მერი მართლაც იყოს გარეული. გამოძიება ამ მიმართულებითაც მუშაობს. საგულისხმოა ის ფაქტორი, რომ როცა „ცენტრ პოინტის“ მართვა „დექსუსმა“ გადაიბარა, იმ დღიდან მოყოლებული გიგი უგულავა „დექსუსის“ არც ერთი ობიექტის პრეზენტაციას არ გამოჰკლებია“.

„კვირის ქრონიკის“ ფურცლებიდან ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი: „მე მაქვს 3 ივლისის მთავრობის სხდომის ოქმი, სადაც ივანიშვილი შედის პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლით დადგენილი გარემოება, რომ დაკითხვა მხოლოდ სასამართლოში მოხდეს, გადაიდოს დიდი ხნით“.

„რეზონანსი/მთელი კვირა“ წერს, რომ უფროსი სერჟანტის „როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე პროგრესი არ ჩანს“. შავაძის ოჯახის ადვოკატს „რეზონანსისთვის“ უთქვამს, ძიება ახლაც მიმდინარეობს, თუმცა საქმეში იმდენი მტკიცებულება უკვე არსებობს, რომ კონკრეტულ პირებს ბრალი წარედგინოთ, მაგრამ რატომღაც თავს იკავებენო“. როინ შავაძე 2008 წლის აგვისტოში მოკლეს.

ავიაკომპანია „აირზენას“ დირექტორი თამაზ გაიაშვილი „პრაიმ-ტაიმს“ საქართველოს აეროპორტების ტექნიკური უსაფრთხოების პრობლემაზე ელაპარაკება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მდგომარეობაზე გაიაშვილი ამბობს: „ავიაკატასტროფის საფრთხე რეალური და ყოველდღიურია. აეროპორტის ასაფრენი ზოლი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს ასაფრენი ზოლი თავიდანვე 150 ტონის თვითმფრინავების აფრენა-დაჯდომისთვის იყო დაგებული და უკვე 9 წელია, რაც ეს მაჩვენებელი 200-დან 500 ტონამდე გაიზარდა. ამის შედეგად დაძრულია ყველა ე.წ. ბეტონის პლიტები და ყველა მგზავრი გრძნობს აფრენისა და დაფრენის დროს რა ხდება თბილისის აეროპორტის ზოლზე“.
XS
SM
MD
LG