Accessibility links

logo-print
წინასაარჩევნოდ მოსალოდნელ პროვოკაციებზე წერს გაზეთი „რეზონანსი“. პუბლიკაციის სათაურიც სწორედ ეს არის. როგორც „რეზონანსის“ ავტორი ამბობს, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები ახალი ხელისუფლების ტესტი იქნება და ის სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდება. "ნაციონალურ მოძრაობაში" არნახულ ზეწოლაზე საუბრობენ, არასამთავრობო ორგანიზაციები კი წინასაარჩევნოდ მოსალოდნელ პროვოკაციებს აანონსებენ. გასულ კვირას არასამთავრობოთა ნაწილმა შინაგან საქმეთა მინისტრს სპეციალური წერილით მიმართა, სადაც სისტემაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობაზე ისაუბარი. მაგალითად, როგორც უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოცემასთან საუბარში ამბობს, "როდესაც პირველი ოქტომბრის არჩევნები ახლოვდებოდა, მეგის ქარდავას, ბაჩო ახალაიასა და სამეგრელოში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერების თაოსნობით იქმნებოდა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ტყეებში ბანაკდებოდნენ. თავის დროზე ამის შესახებ განცხადებები არაერთი უფლებადამცველის მიერ კეთდებოდა, მაგრამ მაშინ ეს რეაგირების გარეშე რჩებოდა. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ განცხადებების მიმართ ყურადღება, რასაც არასამთავრობოები აკეთებენ. ისინი პრაქტიკულად შინაგან საქმეთა სამინისტროს იძულებულს ხდიან, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ საგანგებო ზომები მიიღოს, რათა რაიმე ტიპის პროვოკაცია არ დაუშვას. პროვოკაციების მოწყობის მოტივაცია აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც გაქრობის ზღვარზეა. ამიტომ ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძახილი იქნება თუ სხვა მნიშვნელოვან დანაშაულებებზე სერიოზული საანგარიშო მოხსენებები, იგივე სახალხო დამცველის მიერ, თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ".

გაზეთი „ალია“დღეს მკითხველს ინტერვიუს სთავაზობს საარჩევნო ტექნოლოგიების ექსპერტ კახა კახიშვილთან. ის გამოცემასთან საუბარში ამბობს: „ახლა „ენდიაი“ აყალიბებს აზრს, რომ ყოველდღიურად „ქართული ოცნების“ მიმართ დამოკიდებულება იცვლება უარესობისკენ... პირველ რიგში, ის ვთქვათ, რომ არჩევნების დანიშვნის დღიდან, როდესაც საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა ხდება და იდება მისი შედეგები, ექცევა საარჩევნო კოდექსის რეგულაციების ქვეშ. ამიტომ, ასეთი ტიპის ნებისმიერი ინფორმაციის განთავსების დროს, აუცილებლად უნდა იყოს დაცული საარჩევნო კოდექსის მოთხოვნები. კერძოდ, ვინ იყო დამკვეთი, შემსრულებელი, რა ფინანსური საშუალებებით ჩატარდა ეს კვლევა და წარმოდგენილი უნდა იყოს კითხვების აბსოლუტურად სრული ფორმულირება". კახი კახიშვილი „ენდიაის“ ორ რჩევას აძლევს: "საკუთარი მოქმედებებით ნუ უწყობთ ხელს, რომ ამერიკის ამხელა ორგანიზაციას ნდობა დაეკარგოს. როდესაც რეგიონული წარმომადგენელი ასეთ რამეს აკეთებს, ბუნებრივია, კითხვები იბადება და უნდობლობის გრძნობა ჩნდება თავად ორგანიზაციის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს ეჭვი სრულიად უსაფუძვლოა, მაგრამ მისი წარმომადგენელი ამას მიზანმიმართულად აკეთებს. მეორე რჩევა ასეთია - იქნებ შემდგომ კვლევაში ერთ-ერთ კითხვად იყოს, რამდენი ადამიანი ენდობა საერთოდ "ენდიაის" კვლევას. ასე ხომ მაინც გაკეთდება დასკვნა, ღირს თუ არა ამხელა ფულის დახარჯვა".

„საპრეზიდენტო მარათონი“ - ასეთია ინტერვიუს სათაური „საქართველოს რესპუბლიკაში“, რომლის რესპონდენტიც არის ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი. როგორც ის გამოცემასთან საუბარში ამბობს, „ქართული ოცნების“ კანდიდატურას მოცემულ მომენტში რესურსი საკმაოდ დიდი აქვს, მის უკან დგას საპარლამენტო უმრავლესობა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის სიმპათია ივანიშვილის გუნდის მიმართ, „მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ასევე საკმაოდ სწრაფად იზრდება გულგატეხილთა რაოდენობაც, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, თუმცა კი „ქართული ოცნების“ კანდიდატურა ამ არჩევნებზე მაინც უალტერნატივო იქნება. ეს ცვლილება მხოლოდ არჩევნების მეორე ეტაპის საჭიროებაზე შეიძლება აისახოს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კაპიტალის შენარჩუნება მის ლიდერებს ძალზე გაუჭირდებათ. ვფიქრობ, სწორედ ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა იზრუნონ არა მხოლოდ გამარჯვებაზე, არამედ იმაზეც, რომ გამარჯვების შემდეგ მათ ხელში საზოგადოების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და მნიშვნელოვანი რესურსი იყოს“, - ამბობს ზაზა ფირალიშვილი გაზეთ „საქათველოს რესპუბლიკასთან“ საუბარში.
XS
SM
MD
LG