Accessibility links

logo-print
„რეზონანსი/მთელი კვირა“ დღევანდელ ნომერში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ინტერვიუს აქვეყნებს. წულუკიანი თვლის, რომ „პრემიერი მანამ არ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან, სანამ ვითარების სრული სტაბილიზაცია არ მოხდება“. „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში იუსტიციის მინისტრი ბევრს ლაპარაკობს პროკურატურაზე: „ვეთანხმები პრემიერს, რომ პროკურატურა დღეს სუსტია და ვერ უმკლავდება იმ უსამართლობის განცდას, რაც საზოგადოებაშია. პროკურატურას ჰყავს თავისი ხელმძღვანელი, რომელსაც ნოემბრის შემდეგ აბსოლუტური დამოუკიდებლობა ჰქონდა. ახლა ეს გაფორმებულია კანონით. ვფიქრობ, ყველამ პასუხი უნდა აგოს იმ საქმეზე, რაც აბარია“. თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ „მოსამართლეებზე მეტად დღეს პროკურორებს სჭირდებათ მკაცრი, მაგრამ სამართლიანი ხელი“.

მთავარ პროკურორზე „ქრონიკის“ ჟურნალისტი წერს: „საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის თავს დიდი ქარბორბალა ტრიალებს. კულუარული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილოა მისი მუშაობით და არ არის გამორიცხული, კბილაშვილი ახალი ხელისუფლების პირველი მაღალჩინოსანი აღმოჩნდეს, რომელსაც პოსტის დატოვება მოუწიოს“.

„ქრონიკაშივე“ ამავე თემაზე მამუკა არეშიძის კომენტარსაც გაეცნობით: „არჩილ კბილაშვილი შეიძლება არ არის ძლიერი პროკურორი, მაგრამ, სამაგიეროდ, ის არის ძლიერი ხელმძღვანელი. მასზე საკმაოდ სერიოზული ზეწოლებია... სამწუხაროდ, ხელისუფლებას ან არ სურს, ან ვერ აკეთებს იმას, რომ არჩილ კბილაშვილს ეს ზეწოლები აარიდოს - როგორც შიდა, ასევე გარე“. „ქრონიკაში“ მამუკა არეშიძესთან ინტერვიუს მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის რუსეთში ვიზიტს ეთმობა. მამუკა არეშიძე პატრიარქს მოსკოვში ახლდა: „კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პატრიარქი მართლაც ძალიან დიდი პიროვნებაა. ჩემს თვალწინ უკვე მერამდენედ გავეშებული ბრძოლა იმართება, ერთი მხრივ, ვითომ მოკავშირე ეკლესიებსა და საქართველოს საპატრიარქოს ხელმძღვანელს შორის იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები არ შეილახოს“.

„კვირის პალიტრა“ დღეს აქვეყნებს ინტერვიუს ბათუმში მოკლული 16 წლის მარიამ კოჩალიძის გამზრდელ ნათლიასთან - ნატო კვინტრაძესთან. ის მარიამის მიერ განათლებაში მიღწეულ წარმატებებზე, მის ინტერესებზე უამბობს „კვირის პალიტრას“.

„კვირის პალიტრაში“ კინორეჟისორ ელდარ შენგელაიასთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის ზურაბ ჟვანიასადმი მიძღვნილი მომავალი ფილმის - „სკამის“ - შესახებ თხრობით იწყებს. ინტერვიუში ელდარ შენგელაია ამბობს: „ზურა რომ მოკლულია, თავიდანვე ნათელი იყო. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, ასეთ გაჭირვებაში არ ვიქნებოდით. ზურა ძალიან ზნეობრივი, ქრისტიანი ადამიანი იყო“.

„ასავალ-დასავალს“ ასლან აბაშიძის ყოფილი პრესმდივანი და ყოფილი პოლიტპატიმარი თამაზ ბაკურიძე ეუბნება: „გამომძიებელთან საუბრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ პროკურატურას ჟვანიას მკვლელობის საქმე გახსნილი აქვს და ახალმა ხელისუფლებამ იცის - სად, როგორ, რა ვითარებაში მოკლეს ზურაბ ჟვანია“.

„ახალი თაობა“ თბილისის საკრებულოს ახალ თავმჯდომარესთან, ირაკლი შიხიაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. ის აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არასდროს ყოფილა, „მხოლოდ მათი ფრაქციის წევრი ვიყავიო“. შიხიაშვილი დაპირებებსაც იძლევა: „დავაწესებ მოქალაქეების მიღების დღეს. მათ მიღებას დავიწყებ დილიდან და სანამ იქ მოსულ ბოლო მოქალაქეს არ მოვუსმენ, შენობიდან არ გამოვალ“. ამავე ინტერვიუში შიხიაშვილი ამბობს, რომ მისი მიზანი არ არის „მერიის დალაშქვრა და გიგი უგულავას დამხობა. არც ჩემი კოლეგები აპირებენ მის პოლიტიკურ მოგუდვას, თუ, რასაკვირველია, თავად არ ჩაუტარებს უგულავა საკუთარ თავს ხარაკირს“.

„პრაიმ-ტაიმი“ წერს, რომ „ახალი მედიაგადანაწილება დაიწყო“: „“პრაიმ-ტაიმს“ ინფორმირებული წყარო უყვება, რომ უახლოეს ხანში სერიოზული ცვლილებები იგეგმება ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ში. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ არხის 90-პროცენტიანი წილის მფლობელები, ძმები ყარამანაშვილები, საკუთარ წილს ყიდიან, მოლაპარაკებებს კი ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან აწარმოებენ.
XS
SM
MD
LG