Accessibility links

logo-print
დღევანდელი „რეზონანსი“ პარტიების დაფინანსების ახალ მოდელზე წერს. "შვიდი საპარლამენტო პარტიისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 100 ათასი ლარი, ხოლო შვიდი არასაპარლამენტო პარტიისთვის მილიონ 50 ათასი ლარი გამოიყოფა. გარდა ამისა, ერთჯერად დაფინანსებას 150-150 ათასი ლარის ოდენობით კიდევ ოთხი ე.წ. არაკვალიფიციური სუბიექტი მიიღებს. პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების ახალი მოდელი საპრეზიდენტო არჩევნებამდე ამოქმედდება“, - წერს გაზეთი "რეზონანსი". ამ საკითხს ეხმაურება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი ლევან ვეფხვაძე. როგორც ის ამბობს, "მთავარი თემა კომისიების მიუკერძოებლობაა, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ორი კაპიკის გადმოგდება. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ჩვენი ფული "ნაცმოძრაობისა" და "ქართული ოცნების" მონოპოლიის შესაქმნელად არ იხარჯებოდეს. ეს ცვლილებები სათავისოდ გამოიყენეს და ამით ჩვენთვის არაფერი შეიცვლება. პირველივე ტურში მარგველაშვილს გაიყვანენ და ბაქრაძე ხელის ჩამორთმევით მიულოცავს გამარჯვებას. ეს ყველაფერი საეჭვოდ ემთხვევა არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ ამერიკის ელჩთან დაგეგმილ შეხვედრას, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას პოზიტიური ფონის შექმნა სურს“, - ამბობს ლევან ვეფხვაძე გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას.

"თავად პარტიების დაფინანსების პროცესი ცუდი არ არის, რადგანაც უამრავ პრობლემას აგვარიდებს, მათ შორის იმას, რომ ამ პარტიებს არალეგარული გზებით ფულის შოვნის სურვილი არ გაუჩნდეთ, მაგრამ, მეორე მხრივ, არის სერიოზული პრობლემა“, - ამბობს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია იმავე „რეზონანსთან“ საუბრისას და განაგრძობს: „საქართველოში 200-მდე პარტიაა რეგისტრირებული. შესაბამისად, თუ ჩვენ მომავალში დაფინანსების პროცესი გავაგრძელეთ, ამის სურვილი ყველას გაუჩნდება და მათი ძირითადი საქმიანობა შემოწირული თანხებით ცხოვრება გახდება. ისინი სახელმწიფოსგან გამუდმებით მოითხოვენ ფინანსებს, რაც სახარბიელო ნამდვილად არ იქნება. სწორედ ამიტომ სიფრთხილე აუცილებელია. საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და მას ყველა პარტიის გამოკვება არ შეუძლია. გარკვეული რეგულაციები და ზედა ზღვრის დაწესება აუცილებელია".

აქტუალურია დღევანდელ ბეჭდურ მედიაში საპრეზიდენტო არჩევნები და პრეზიდენტობის კანდიდატების თემა. გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ ბეჭდავს ინტერვიუს პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძესთან. ის დარწმუნებულია საკუთარ ძალებში და გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ მას ძნელად წარმოუდგენია პრეზიდენტობის კანდიდატად ისეთი პოლიტიკური ფიგურის დასახელება, რომელსაც მასზე მეტი პოლიტიკური გამოცდილება აქვს. „მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ძნელი იქნებოდა დაესახელებინა ისეთი კანდიდატურა, რომელზეც ვიტყოდი, რომ ის არის ხსნა საქართველოსთვის“, - ამბობს ნინო ბურჯანაძე და განაგრძობს: „ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ძალიან გაძლიერდება ბიძინა ივანიშვილის საქვეყნო პოზიციები. იმედი მაქვს, ჩემი არჩევის შემთხვევაში, ის ჩემთან ინტენსიურად ითანამშრომლებს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, საქართველოს დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, იდეალური იქნება ბურჯანაძე - პრეზინდენტი, ბიძინა ივანიშვილი - პრემიერ-მინისტრი“.
სინამდვილეში რისთვის შექმნეს თბილისის საკრებულოში "ნაციონალებმა" 7 ფრაქცია? - ამის შესახებ დღევანდელი „ალია“ წერს. კორესპონდენტს კი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ჯაბა სამუშია ესაუბრება. "თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფრაქციის შექმნა აუცილებლად ითხოვს მთელ რიგ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს, ადვილი მისახვედრია ამ გადაწყვეტილების უკან რა დგას: 7 ფრაქცია ავტომატურ რეჟიმში ნიშნავს ფრაქციის 7 თავმჯდომარის გაჩენას, ეს ავტომატურად ნიშნავს 7 ფრაქციის აპარატის გაჩენას და კიდევ ავტომატურად - 7 ტექნიკური პერსონალის გაჩენას, რომელიც ფრაქციის ხელმძღვანელობას ემსახურება. ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, საკრებულოს ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდება. "ნაციონალებს" არ სურთ იმ კომფორტის დაკარგვა, რაც წლების განმავლობაში ჰქონდათ - სხვა პოლიტიკურ ახსნას ამ ფაქტს მე პირადად ვერ ვუძებნი", - ამბობს ჯაბა სამუშია გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში. პოლიტიკური გემოვნებიდან და პოლიტიკური თემატიკიდან ამომავალი გადაწყვეტილებები ასე არ წყდება, რომ 7 სამ-სამკაციან ფრაქციად დაიყო 22 დეპუტატი, განაგრძობს ის. როგორც ჯაბა სამუშია მიიჩნევს, ამის უკან დგას სუფთა პრაგმატული კონფორმისტული მიდგომა, ანუ მაღალი ანაზღაურება, პირადი მძღოლი და ა.შ. "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაკარგა უმრავლესობა საკრებულოში, შესაბამისად, მათი წარმომადგენლები გამოყვანილი იქნენ კომისიებიდან და კომისიის ხელმძღვანელობიდან. ბუნებრივია, ამან წარმოშვა მათში ის სურვილი, რომ კომფორტი, რომელიც ჰქონდათ წლების განმავლობაში, რაღაც ფორმით მაინც შეენარჩუნებინათ - ეს ყველაფერი ამის გაგრძელებაა და არავითარი დიდი "პოლიტიკური გათვლები" არ დგას ამ ყველაფრის უკან, -აცხადებს ჯაბა სამუშია გაზეთ „ალიასთან“ საუბარში.
XS
SM
MD
LG