Accessibility links

logo-print
დღევანდელი პრესა ბაჩო ახალაიას საქმეზე სასამართლოს მიერ 1 აგვისტოს გამოტანილ გამამართლებელ განაჩენზე წერს. „რეზონანსში“ წაიკითხავთ: „გუშინ სასამართლომ ბაჩო ახალაიას 10-წლიანი სასჯელი აარიდა, თუმცა სისხლის სამართლის იმ ორ საქმეზე გამტყუნების შემთხვევაში, რომელზეც ძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მას დაახლოებით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. იურისტები კი ვერ იგებენ, თუ რა მოხდა სასამართლოზე და რის საფუძველზე გამოიტანა სასამართლომ აღნიშნული განაჩენი, ვინაიდან, მათი თქმით, მოსამართლემ არა სრული გადაწყვეტილება, არამედ მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი წაიკითხა. პოლიტიკოსებისგან განსხვავებთ, მათ სასამართლოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე საუბარი უჭირთ“. ადვოკატ ლია მუხაშავრიას „რეზონანსისთვის“ უთქვამს: „არ ვფიქრობ, რომ სასამართლო დამოუკიდებელია. დამოუკიდებელი სასამართლო, როგორც მინიმუმ, სრულ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა და ყველა დავრწმუნდებოდით, რომ იგი კვალიფიციური და მიუკერძოებელია“. იურისტი მინდია უგრეხელიძე კი ამბობს: „მაშინაც იმას აკეთებდნენ, რაც უნდოდათ, და მათი გადაწყვეტილებები პოლიტიკური ნიშნით იყო ნაკარნახევი და ახლაც ისე აკეთებენ, მაგრამ სასამართლოს სხვა ტანსაცმელს აცმევენ“.

სასამართლოს შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძეც ლაპარაკობს „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში: „რთულია ვიყო ოპტიმისტი და განვაცხადო, რომ სასამართლო დღეს არის „ნაციონალებისგან“ სრულიად დამოუკიდებელი. ვიდრე სააკაშვილია ხელისუფლებაში, ვფიქრობ, ბევრი რამ პრობლემა იქნება. „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ქვეყანას ვერ გადავაყოლებთ. არ შეიძლება ხალხის ინტერესები პოლიტიკურ კინკლაობას გადაჰყვეს. ამ ქვეყანას სჭირდება თავისუფალი სასამართლო და ძლიერი პროკურატურა. კეთილი ინებონ და გაათმაგებულად იმუშაოს პროკურატურამ. თუ თვლიან, რომ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, დაამტკიცონ ბრალი და საქმე წაიღონ სასამართლოში მომზადებული“.

„მეტი რა ქნას ახალმა ხელისუფლებამ, ამიხსენით, შეუძლებელი შეძლო“, - ამბობს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში და განაგრძობს: „მე თქვენ გეტყვით ახლა, უამრავი საქმე - ბეჟუაშვილზე, კეზერაშვილზე, საყვარელიძეზე და კიდევ ბევრ სხვაზე, მათ შორის, დეპუტატებზე, არადეპუტატებზე - უკვე გამზადებული დევს პროკურატურაში. მხოლოდ ერთგვერდიანი საბრალდებო დასკვნაა დასაწერი. იგივე უგულავაზე და კიდევ ზოგიერთ გუბერნატორზე, სხვა ისეთ საქმეებზე, რომლებიც ჯერ გაჟღერებული არ არის. ეს საქმეები მიყვანილია ბოლომდე და დევს“. შალვა ხაჭაპურიძე თვლის, რომ „ივანიშვილის იმიჯს ვერავინ ვერ შეარყევს“, და დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის მორიგი „ისტორიული“ ნაბიჯები სააკაშვილის დაჭერა და პოლიტიკიდან წასვლა იქნება.

კიდევ ერთი სიახლე ლიტერატურას ეხება, რომელზეც „24 საათი“ წერს. გაზეთში წაიკითხავთ: „სექტემბრის შუა რიცხვებიდან მელიქიშვილის ქუჩაზე მოჩვენებები დაიდებენ ბინას. ისინი შვიდნი იქნებიან, თუმცა ყველას ერთად ვერ ნახავთ, რადგან ერთი კვირის განმავლობაში მონაცვლეობით დასახლდებიან ერთ ძველ, წიგნებით სავსე სახლში, სადაც მთელ ღამეს ოთხ კედელს შუა სრულ სიმარტოვეში გაატარებენ. ...ნუ იჩქარებთ, ძმებ ვინჩესტერებს ჯერ ნუ გამოიძახებთ და ნურც პაკ მანს შეაწუხებთ, რადგან ეს მოჩვენებები, სინამდვილეში, ლიტერატურულ ფესტივალ-კონკურს „ინსომნიას“ კონკურსანტები იქნებიან, მათი ერთადერთი მისია კი ღამის განმავლობაში შერჩეული ჟანრის ნაწარმოების შექმნაა“. „24 საათიდან“ აგრეთვე შეიტყობთ, რომ ფესტივალის იდეა „საბას“ წლევანდელ ნომინანტს პოეტ ზაზა კოშკაძეს ეკუთვნის.
XS
SM
MD
LG