Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 12 აგვისტო


„კვირის პალიტრაში“ თბილისის მერ გიგი უგულავასთან ინტერვიუ ქვეყნდება. საუბარი არაერთ თემას ეხება, მათ შორის, აგვისტოს ომსაც. უგულავა ჟურნალისტს ეუბნება: „მოდი, ტერმინებს დავაზუსტებ. ომი გლობალური მოვლენაა, როდესაც ქვეყნებსა და ცივილიზაციებს შორის ხდება შეჯახება. მე ამ მოვლენას საბრძოლო მოქმედებებს დავარქმევდი, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარეობდა ჩვენს ტერიტორიაზე“. ამავე ინტერვიუში თბილისის მერი აცხადებს, რომ პირადად მას ბევრი კითხვა აქვს ბაჩო ახალაიასთან, მაგრამ, მისი თქმით, თუ ბაჩო ახალაიას ტარიელ ფოცხვერიას ჩვენებით ასამართლებ, ეს სისტემის პრობლემაა“. გიგი უგულავა მის წინააღმდეგ საქმის სასამართლო განხილვასა და პროკურორებზე: „ჩემს სასამართლოზე ვინც იყო, ისინი, მართლაც, ჩვენს დროს დაინიშნენ. ამიტომაც სასამართლოდან გარეთ რომ გამოვედი, ადვოკატს ვუთხარი, ნუთუ ეს იდიოტი პროკურორები ჩვენთან მუშაობდნენ-მეთქი? ასეთი იმბეცილი, ერთუჯრედიანი პროკურორები რომ იყვნენ, მივხვდი, რატომაც წავაგეთ არჩევნები და ეს ამბავი დაგვემართა“.

„კვირის პალიტრაში“ დღეს ასლან აბაშიძის შვილ გიორგი აბაშიძესთან ინტერვიუსაც გაეცნობით. გიორგი აბაშიძე ამბობს, რომ სამშობლოში დაბრუნებას აპირებს - „მოგვიანებით მამაც ჩამოვაო“.

მე მქონდა კონტაქტი ამერიკული ადმინისტრაციის წარმომადგენლობასთან, მათ შორის, „ეფ-ბი-აის“ ყოფილ თანამშრომელთან. სწორედ ამ თანამშრომელმა მითხრა, რომ, მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ჟვანიას სიკვდილის მომენტში, სულ მცირე, იქ იმყოფებოდა. შეიძლება, არ ესწრებოდა, მაგრამ იქ იმყოფებოდა... შენობაში, სადაც ჟვანია დაიღუპა“, - უთქვამს მამუკა არეშიძეს „პრაიმ-ტაიმისთვის“. არეშიძე აზუსტებს, რომ „ეფ-ბი-აის“ ყოფილ თანამშრომელს დაახლოებით სამი კვირის წინ „აბსოლუტურად შემთხვევით“, კონფერენციაზე შეხვდა.

„რა ურჩია ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილს?!“ – „კვირის ქრონიკა“ აქვეყნებს ასეთი სათაურით სტატიას და ავტორი წერს, რომ, „წყაროს ინფორმაციით“, წლის ბოლოს ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას „დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე“. „კვირის ქრონიკის“ თანახმად, პატრიარქს ივანიშვილისთვის უთქვამს: „შენ შანსი გაქვს ქვეყანა ფეხზე დააყენო, სწორი გზით წაიყვანო, ხალხს ჩაკლული ეროვნული ღირსება აღუდგინო და ამ შანსს ხელიდან ნუ გაუშვებო“.

„ახალი თაობა“, ინტერვიუ ლადო პაპავასთან: „ვთვლი, რომ უკეთესია, თუ ივანიშვილი გადაიფიქრებს და სანამ სტაბილურ სიტუაციას არ შექმნის ინსტიტუციური თვალსაზრისით, სანამ ეკონომიკაში არ გამოიკვეთება ზრდის მყარი საფუძველი, მანამდე დარჩება პრემიერის პოსტზე. ერთიცაა, ივანიშვილს ამომრჩეველი შეცდომაში არ შეუყვანია. მან თავიდანვე თქვა, პოლიტიკაში დიდხანს არ დავრჩებიო...“.

ლადო პაპავასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის სხვა რამდენიმე კანდიდატთან ინტერვიუები დღევანდელ „მთელ კვირაშიც“ ქვეყნდება. უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებს კი ეძღვნება სტატია, სათაურით „თსუ - პირველად 1921 წლის შემდეგ...“. ავტორი წერს: „ექსპერტთა შეფასებით, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ, ეს პრაქტიკულად პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მთავარ უნივერსიტეტში რეალურად დემოკრატიული არჩევნები ტარდება, რომლის შედეგების განსაზღვრა წინასწარ შეუძლებელია“. „მთელი კვირის“ რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს თავისუფალი არჩევანის საშუალება აქვს, თუმცა ზოგიერთი ფიქრობს, რომ რექტორის არჩევა პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი ვერ იქნება. პროფესორ ჯემალ მებონიას „მთელი კვირისთვის“ უთქვამს: „ნაციონალები შეეცდებიან უნივერსიტეტში თავისი მდგომარეობა შეინარჩუნონო“.

„ასავალ-დასავალი“ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ამ გამოცემაზე თქმულს ეხმაურება. პირველ გვერდზე კვლავ ბეჭდავს პრეზიდენტის ფოტოს, როგორც გაზეთი წერს, „ჰიტლერის ულვაშებით“. „ასავალ-დასავალის“ ავტორი წერს: „დღეს ხელისუფლებაში წამოსკუპებულ ბევრ პოლიტიკოსსა თუ პოლიტიკანს არა და არ სურს იმის აღიარება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აღსასრული მნიშვნელოვანწილად „ასავალ-დასავალის“ დამსახურებაა. სამაგიეროდ, ამას სააკაშვილი აღიარებს, როცა ლამის არც ერთ ინტერვიუსა თუ გამოსვლას არ ამთავრებს „ასავალ-დასავალზე“ ერთი-ორი „ტკბილი“ სიტყვის გარეშე“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG