Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 20 აგვისტო


დღევანდელი პრესა „მ-9 არხისა“ და „ინფო 9-ის“ დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას ეხმაურება. „რეზონანსმა“ საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელს დაუსვა კითხვა, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ივანიშვილმაო. მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი: „საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ნებისმიერი ტელევიზია, რომელიც საქართველოში მაუწყებლობს, უნდა იყოს გამართული ბიზნესი“; ფილოლოგი გია მურღულია: „სასურველია, რომ ამ არხს მყიდველი გამოუჩნდეს, იმიტომ რომ „მე-9 არხს“ თავისი ნიშა აქვს“; რეჟისორი გოგი თორაძე: „ვეთანხმები ივანიშვილს, რომ ქვეყნის პირველი პირის საკუთრებაში არ უნდა იყოს ტელევიზია, მაგრამ აქ მეორე პრობლემაა - უმუშევართა ტალღას კიდევ ამდენი ადამიანი შეემატება“.

„მე-9 არხისა“ და „ინფო 9-ის“ დახურვის შესახებ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას „რეზონანსი“ სტატიითაც ეხმაურება. საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპციალისტ არჩილ გამზარდიას გაზეთისთვის უთქვამს: „ის, რომ ადამიანი ტელეკომპანიის მფლობელია, ფინანსებიც ბევრი აქვს და ამგვარი კორპორაციის დახურვით რესურსებს არსებითად არ წააგებს, არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან მაყურებლისა და ადამიანური რესურსების წინაშე, რომელიც ტელეკომპანიაშია დასაქმებული“.

„რა შეხვედრა შედგა ივანიშვილთან და რომელ ლიდერებს დააწია რისხვა?“ – „ალიას“ აქვს პირველ გვერდზე ასეთი სათაური. ლიდერებს გაზეთის რესპონდენტი არ აზუსტებს, მაგრამ შეხვედრა, რომელზეც მამუკა არეშიძე უყვება „ალიას“, 14 აგვისტოს გამართულა: „რადგანაც ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ პარტია არ არის იმ ტიპის, რომელიც ბოლომდე მონოლითური იქნება და რომელიც თავის კურსს უკარნახებს კოალიციის დანარჩენ წევრებს, ამიტომაც არის, რომ ერთგვარი ქაოსია როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისე სოციალურ სფეროში. მოგეხსენებათ, 14 აგვისტოს ძალიან მძიმე შეხვედრა შედგა ივანიშვილთან. ივანიშვილმა იმდენად დიდი რისხვა დააწია პარტიის ლიდერებს, მტერსა და ავს!..“, - უყვება „ალიას“ მამუკა არეშიძე და არ ასახელებს რისხვის ობიექტ ლიდერებს. ამავე შეხვედრის შესახებ იგივე რესპონდენტი „ახალ თაობასაც“ ელაპარაკა და შეხვედრაზე ივანიშვილის მიერ ნათქვამი სიტყვები დააკონკრეტა: „მთავარი ფრაზა იყო, რომ მე თქვენ მატყუებთ! თქვენ ჩემი მოტყუება მოინდომეთ! აი, სწორედ ამას ვერ იტანს პრემიერი. მე ახლოს მიმუშავია მასთან და, აქედან გამომდინარე, ვიცი, რომ მას ჯობია ეკამათო, ეჩხუბო, უბრად იყო, დაშორდეთ ერთმანეთს, ვიდრე სცადო მისი მოტყუება“, - ეუბნება მამუკა არეშიძე ბიძინა ივანიშვილზე „ახალ თაობას“.

„ახალ თაობაშივე“ წაიკითხავთ სტატიას - „ვის ინტერესებშია კოაბიტაცია?“. ავტორი წერს: „მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელმაც თავად იწვნია სააკაშვილის მმართველობის სიმძიმე და სისასტიკე, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მოსული ხელისუფლებისგან დამნაშავე ხელისუფლების გასამართლებას ითხოვდა და სამართლიანობის აღდგენას, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ორივე მიმართულებით სერიოზული პრობლემებია. მართალია, მმართველი ელიტა საჯარო განცხადებებში აფიქსირებს, რომ კოაბიტაციის მიუხედავად ყველა დამნაშავე დაისჯება, მაგრამ ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაციები, რომ იგივე ბაჩო ახლაიას მიმართ რამდენიმე ეპიზოდში გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არა მხოლოდ ნაციონალების პოლიტინტერესებით „დავერბოვკებული“ მოსამართლეების კანონზე დამყარებული ობიექტური განაჩენია, არამედ ახალაიასთან მიმართებაში გამოკვეთილი რეალობა უფლებადამცველებს იმის განცხადების საფუძველს აძლევს, რომ თქვან, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ბაჩო ახალაიას გამართლებას ცდილობენ“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG