Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 26 აგვისტო


დღევანდელ პრესაში ერთ-ერთი მთავარი თემა პენიტენციურ სისტემაში არსებული ვითარებაა. „კვირის პალიტრის“ მთავარი პუბლიკაცია ეძღვნება შემთხვევას, როცა, გაზეთის თანახმად, საოპერაციოდ გამზადებული მსჯავრდებული ბადრაგმა სამედიცინო დაწესებულებიდან საპატიმროში დააბრუნა. ქირურგიის ინსტიტუტის სამედიცინო ნაწილის დირექტორს „კვირის პალიტრისთვის“ განუმარტავს, რომ მსჯავრდებულ პაციენტს ვარიკოზული დაავადება აქვს და სჭირდება ოპერაცია, „მაგრამ - არა გადაუდებელიო“. ექიმი ჰყვება, რომ პაციენტმა კლინიკაში მიყვანის დღესვე „გამოამჟღავნა არაადეკვატური ქცევები, მოითხოვა ტელეფონი, ჩაი და ა.შ., იყო აგრესიული. უკმაყოფილო იყო იმით, რომ ვერ შეუსრულეს ყველა მოთხოვნა და ამის გამო დაიწყო კონფლიქტი, რის გამოც ბადრაგი ჩაერია საქმეში. შეადგინეს აქტი და პაციენტი ისევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წაიყვანესო“.

„კვირის პალიტრაში“ დღეს სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბართან ინტერვიუც ქვეყნდება. ის აცხადებს: „სააკაშვილის დროს 25 ათასი პატიმარი და 40 ათასი პრობაციონერი იყო, ამნისტიის შემდეგ კი დარჩა 13 ათასი. პრობაციონერობის მოხსნა საქმეების ინდივიდუალური შესწავლის გარეშე მავნებლობაა. ჩანს, სააკაშვილს კრიმინოგენური ვითარების გაუარესება უნდა“.

სოზარ სუბარის მრჩეველ ლალი მოროშკინას უთქვამს „ასავალ-დასავლისთვის“, „ახლა ნაციონალები რომ ლაპარაკობენ ციხეში ე.წ. „მაყურებლების“ არსებობაზე, ძალიან ბევრი „მაყურებელი“, რომლებიც ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდნენ და პატიმრების წამებაში მონაწილეობდნენ, 1 ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილმა შეიწყალა და ისინი დღეს თავისუფლები არიან“. მოროშკინა ამავე ინტერვიუში ამბობს: „ერთ-ერთი კანონიერი ქურდი პირადად მე მომიყვა, როგორ დაჰყვებოდა იგი ბაჩო ახალაიას ციხეების დასაწყნარებლად! თუ საჭირო გახდა, ამ ქურდის სახელსაც და გვარსაც დავასახელებ! ...ასე რომ, ბაჩო ახალაიას თავისი პირადი „კანონიერი ქურდები“ ჰყავდა, რომელთა მეშვეობითაც ციხეებს აკონტროლებდა, დღეს კი ამბობს, ქურდების „პალაჟენია“ მე დავანგრიეო“.
„ახალ თაობაში“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან ინტერვიუ ქვეყნდება. ბესელია აცხადებს: „ვცდილობ, რეალობა ერთად დავინახოთ, თუმცა არ მიკვირს იმ ადამიანების, ვინც ბრაზობს და ფიქრობს, რომ მისთვის არ მოხდა ცვლილება. არ ვაჭარბებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძმისა და შვილის დამპატიმრებლები, გამსამართლებელი და ცრუ მოწმეებიც ყველა თავის ადგილზეა ან დაწინაურებული და ეს მიმაჩნია ცუდ მაგალითად, მაინც ვამბობ, რომ ყველაზე დიდი მონაპოვარი ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ არის ის, რომ ხელისუფლების სათავეში მკვლელები და გამაუპატიურებლები აღარ არიან, არ ეშინია ხალხს...“.

„ალიას“ კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელი ზაალ კასრელიშვილი ეუბნება, „უცხოეთში მყოფი ერთ-ერთი მსხვილი კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც არის კავკასიური წარმოშობის, გეგმავს ორი მსხვილი ბანკირის - მამუკა ხაზარაძისა და ლაშა პაპაშვილის - გატაცებასო“. ამავე ინტერვიუში კასრელიშვილი ამბობს, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციიით, „ერთ-ერთი რადიკალური ისლამური დაჯგუფება დაინტერესდა გია ხუხაშვილის პიროვნებით. ეს ინფორმაცია დაახლოებით ორი კვირის წინ მივიღეთო“.

„რეზონანსი/მთელი კვირა“ წერს: „ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი რჩეული კანდიდატი, შესაძლოა, ამ ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი იყოს. „სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ დირექტორი ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ მან ეს ინფორმაცია არაოფიციალურად გაიგო, თუმცა არ გამორიცხავს, რომ რეალურადაც ასე მოხდეს. თავად ლევან თარხნიშვილი კი ამ ინფორმაციას არასერიოზულს უწოდებს“.

„ირინა სარიშვილის შოკისმომგვრელი პოლიტიკური ანალიზი“ - ასე ასათაურებს „ვერსია“ ირინა სარიშვილთან ინტერვიუს. რესპონდენტი ამბობს: „გასაგებია, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სამი მსხვილი კანდიდატი გვყავს - ნინო, დათო და გიორგი. მაგრამ, აბა, ნახეთ - რეალურად, ვერც ერთი გაფორმებული კანდიდატი ხმებს ბაქრაძეს ვერ ართმევს. მარგველაშვილის მდგომარეობა კი ბევრად მყარი იქნებოდა, რომ არა ივანიშვილის განცხადება - პოლიტიკიდან მივდივარო. თან, რაც უნდა საოცარი წარმოსადგენი იყოს, ამ ვითარებაში ბაქრაძე მთასავით დგას - არანაირი წინასაარჩევნო რყევა არ შეხებია!“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG