Accessibility links

დღევანდელი პრესა პრემიერ-მინისტრისა და ჟურნალისტების 2 ოქტომბრის შეხვედრაზე წერს. „რეზონანსში“ ამ თემაზე არაერთი ინტერვიუ ქვეყნდება. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს: „შეხვედრაზე ივანიშვილმა მათგან მსოფლიო დიპლომატიაში საუკუნეების მანძილზე ფეხმოკიდებული და დამკვიდრებული სტანდარტების ჭრილში მუშაობა მოითხოვა, მაგრამ გაირკვა, რომ ქართული მედიასივრცე მზად არ არის ხსენებული სტანდარტებით გათვალისწინებული მუშაობისთვის“. უმცირესობის წევრ დავით დარჩიაშვილთან ინტერვიუც გუშინდელ შეხვედრას ეძღვნება. დარჩიაშვილი ივანიშვილზე ამბობს: „ის ძალიან არაგულწრფელი ადამიანია და, ვფიქრობ, ამიტომ ცდილობს, რომ სულ გულწრფელობის კარტი ათამაშოს“. 2 ოქტომბრის შეხვედრის მონაწილე ჟურნალისტი ალექსანდრე ელისაშვილი კი „რეზონანსს“ ეუბნება: „საკუთარი ანალიტიკური სამსახურიდან ვინც ეს ტექსტები ივანიშვილს მიაწოდა, სრული ოროსნები არიან. საჭიროა, მთლიან გადაცემას უყურო და ეს რომ გაეკეთებინათ, კარგად ნახავდნენ, რასაც ვამბობდი“.

„24 საათს“ ჟურნალისტმა დავით პაიჭაძემ უთხრა, რომ „პრემიერი თან ავლენს და თან ცდილობს მოთოკოს ავტორიტარული იმპულსები, რომლებსაც მას ადამიანის განსხვავებული, საპირისპირო პოზიცია უღვიძებს. მე ვუყურე ივანიშვილის შეხვედრას ექსპერტებთანაც და მგონია, რომ ის შეხვედრაც და 2 ოქტომბრის შეკრებაც უხერხული და ცოტათი მაინც შეურაცხმყოფელი უნდა ყოფილიყო მისი სტუმრებისთვის - ზოგიერთისთვის მაინც. ასევე მიმაჩნია, რომ სულ უფრო ფართოვდება იმ პროფესიათა ჩამონათვალი, რომელთა წარმომადგენლებსაც შეუძლიათ პრემიერის ქცევასა და მეტყველებაზე კვალიფიციური კომენტარი გააკეთონ: ვგულისხმობ თუნდაც ფსიქოლოგებს, რიგ სამედიცინო მუშაკებს“.

„ახალი თაობა“, ნანა დევდარიანი: „როცა ჟურნალისტებს ეძახის ფოსტალიონებს, თავის შიდა ფოსტალიონებს მოჰკითხოს, რომლებიც ამბების მიტან-მოტანით არიან დაკავებულნი მის მთავრობაში და მის საპარლამენტო უმრავლესობაში“.

„ალია“ წერს: „პრემიერმა, ეტყობა, ვერ გათვალა, რომ ჟურნალისტები მას ექსპერტებზე მეტ წინააღმდეგობას გაუწევდნენ და არგუმენტებიც უფრო მეტი ექნებოდათ. შეხვედრის მსვლელობის დროს ჟურნალისტებმა პირდაპირ ეთერშივე „მესიჯებით“ გადაამოწმეს ის ინფორმაციები, რასაც ივანიშვილი ტყუილს უწოდებდა და პირდაპირ ეთერშივე წარადგინეს ის ტექსტები, რაც მათ სიმართლეს ადასტურებდა“.

„ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ლალი მოროშკინა საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოსალოდნელ საფრთხეებზე, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის მკვლელობის საფრთხეზე ლაპარაკობს: „მე მაქვს ინფორმაცია ძალიან სარწმუნო წყაროებიდან, რომ ამ სოფლებში [დიცსა და დვანში - ნ.გ.] ხელოვნურად მიდის ესკალაცია, რათა პრემიერ-მინისტრი ჩაიყვანონ იმ ადგილას და მოუწყონ ტერაქტი. ამ შემთხვევაში პირადად ივანიშვილის უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი და ის ტელესიუჟეტებიც, რომელსაც ჟურნალისტები ამზადებენ კონფლიქტური ზონიდან, სწორედ ამას ემსახურება“.

დღეს გამოვიდა ჟურნალი „არსენალი“. ერთ-ერთი სტატია თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესს, კერძოდ კი, იაღლუჯის ბაზაზე ჯარისკაცების წამების საქმეს ეძღვნება: „იაღლუჯის ბაზაში არაადამიანურად ნაწამები პირები განაჩენს ელიან. ყველაფერი ასე დაიწყო: ახალ მინისტრ ბაჩო ახალაიას თანამშრომლების აზრი აინტერესებდა და მაქსიმალური ინფორმაციის მიღებას ცდილობდა. ერთ-ერთ ლხინზე მისმა „კადრმა“ სიტყვა ჩამოაგდო ახალ მინისტრზე, თანამეინახეებს აზრი ჰკითხა. მათაც დაუფარავად უთხრეს - ვანო მერაბიშვილს ძალიან დიდ პატივს ვცემთ, ეს ვინ მოგვიყვანესო, წამოსცდენია ერთ-ერთს. მათ საუბარს მობილურით იწერდა შეკითხვის ავტორი და შემდეგ „მასალა“ სადაც ჯერ არს, გადასცა. საქმე ის არის, იმ შვიდი სამხედროდან ლხინს მხოლოდ ორი მათგანი ესწრებოდა და, დანარჩენების აზრით, მათი დასჯა, უბრალოდ, „პრევენციული ზომა“ იყო. „არსენალს“ ერთ-ერთი ნაწამები ოფიცერი ამბის დეტალებს უყვება. მისი აზრით, ყველაფერი ხელისუფლებაში კლანური დაპირისპირების გამო მოხდა.
XS
SM
MD
LG