Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 15 ოქტომბერი


„ყველაზე მეტი უმუშევარი საქართველოსა და სომხეთშია“ - ამ სათაურით სტატიას „რეზონანსი“ აქვეყნებს. ავტორი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციას ეყრდნობა და წერს: „საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი არა მარტო რეგიონის, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებსაც მნიშვნელოვნად აღემატება. ერთადერთი სომხეთია, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2013 წელს უმუშევრობა 18,5%-ს მიაღწევს და იქაც, ჩვენგან განსხვავებით, ეს მაჩვენებელი, 2012 წელთან შედარებით, 0,5%-ითაა შემცირებული. საქართველოში სსფ-ს პროგნოზით, 2013 წელს უმუშევრობის დონე 1,7-ით მოიმატებს“.

სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების წასვლა-არწასვლის საკითხზე „რეზონანსს“ „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე ეუბნება: „რა მნიშვნელობა აქვს, სხვა გამოუცხადებს თუ არა ბოიკოტს. როცა შენი ტერიტორიაა ოკუპირებული, როცა ამ ოლიმპიადისთვის აფხაზეთის რესურსი მნიშვნელოვნად იქნება გამოყენებული და შენ მონაწილეობ ყოველგვარი ვაჭრობის გარეშე, კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდო. ჩვენგან რუსეთი გამუდმებით ითხოვს მათი პოზიციების გათვალისწინებას საკუთარი სახელმწიფოებრიობის ხარჯზე, სწორედ ამის დაშვება არ შეიძლება. მესმის იმ სპორტსმენების, რომლებიც წლებია ემზადებიან ამისთვის, მაგრამ ბევრი სხვა ფორმა შეიძლება გამოძებნოს, თუკი ამის პოლიტიკური ნება იარსებებს, ოღონდ ქვეყანამ მონაწილეობაზე უარი უნდა თქვას“.

„ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ზედმეტად ფრთხილები და, მე ვიტყოდი, დამფრთხალები და შეშინებულებიც. ყოველ ფეხის დაბაკუნებაზე ისინი კანკალებენ, რომ არიქა, ზედმეტი არ მოგვივიდეს, არ გადავცდეთ იმ სტანდარტებს“, - ასეთ შეფასებას გამოთქვამს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში და განაგრძობს: „მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავეებით და ნაძირალებით იყო სავსე წინა ხელისუფლება, ავად თუ კარგად, მათ საქმის კეთება შეეძლოთ“.

„ალიას“ კორესპონდენტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებულ შესაძლო გარიგებაზე ეკითხება. ბესელიას პასუხი: „არავითარი გარიგება მათთან არ ყოფილა და არ იქნება“. ამავე ინტერვიუში ბესელია აგრეთვე აცხადებს: „ამათ თავიანთ ადგილს მივუჩენთ ამ არჩევნებით... მე გაძლევთ პირობას, რომ ოქტომბრის შემდეგ ასე ვეღარ იპარპაშებენ. მე ძალიან ხშირად შევახსენებ მათ თავიანთ საგმირო საქმეებს. იმდენი საჩივარი მომდის მათი უკანონო ქმედებების თაობაზე, ლამის გული გამისკდეს. მოგცემ და შეგიძლია საჯაროდ გამოაქვეყნო“, - მიმართავს ეკა ბესელია „ალიას“ კორესპონდენტს.
„ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ექსპერტი დემურ გიორხელიძე ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის საქმიანობას აფასებს: „ის მინისტრია, დროებით ასრულებს ამ ფუნქციას და მას არ აქვს უფლება აგდებულად ისაუბროს ხალხზე, მათი პოზიციების ქედმაღლური იგნორირება მოახდინოს და ვიწრო ჯგუფის ინტერესებისთვის საბჭოთადროინდელი, დღევანდელი თვალთახედვიდან, მარაზმული პროექტის ლობირება განახორციელოს.

არანაირი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველმყოფი „ხუდონჰესი“ არ არის“. დემურ გიორხელიძე „ალიას“ ეუბნება, რომ“ „ხუდონჰესი“ უნდა აშენდეს ახალი, სუპერთანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც არანაირ საფრთხეს არ უქმნის ბუნებას, სვანეთს, ეკლესიებს. რატომ არ ცდილობენ ალტერნატივის მოძებნას? ახალი პროექტირებისთვის საქართველოში შესანიშნავი საინჟინრო ძალებია, რატომ არაფერს ეკითხებიან?“, - კითხულობს დემურ გიორხელიძე.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG