Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 21 ოქტომბერი


დღეს რამდენიმე გაზეთის მთავარი თემაა ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის სიკვდილის საქმე. ერთი მათგანი „კვირის პალიტრაა“. „მიშა, მოემზადე სასამართლოსთვის“ - ერთ-ერთი რესპონდენტის, ხათუნა ხოფერიას სიტყვებია გამოტანილი პირველ გვერდზე სათაურად. ხოფერია ამბობს, რომ გამოძიების ტემპით უკმაყოფილო არ არის და რომ გამოძიებისგან იმის გაგებაც აინტერესებს, ვინ დაურეკა ჟვანიას გარდაცვალების ღამეს გიორგი ბარამიძეს, რამაც განაპირობა მისი გამგზავრება პრეზიდენტთან და არა შემთხვევის ადგილზე.

ზურაბ ჟვანიას ძმასთან, გოგლა ჟვანიასთან ინტერვიუ ქვეყნდება როგორც „კვირის პალიტრაში“ , ასევე „ასავალ-დასავალში“, რომლის კორესპონდენტისთვისაც გოგლა ჟვანიას უთქვამს: „დანამდვილებით ვიცი, რომ ყველა ნივთი იმ ბინაში მიტანილია და ამ ინსცენირებაში მონაწილეობა მიიღო გიორგი ბარამიძემაც. ვიწრო წრეში მიიღეს გადაწყვეტილება, ბინაში რა ნივთები მიეტანათ და სად რა ნივთები დაელაგებინათ“. გოგლა ჟვანია ლაპარაკობს ამერიკიდან ჩამოტანილ ყუთზე, რომელშიც გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ნივთებია. „ასავალ-დასავალს“ რაულ უსუპოვის მამა იაშარ უსუპოვი ეუბნება, რომ დღემდე რაულ უსუპოვის ცალი ფეხსაცმელი დაკარგულად ითვლებოდა, ეს 2005 წელს ადგილზე დათვალიერების ოქმშიც აღნიშნული იყოო და ასე აგრძელებს თხრობას: „15 დღის წინ ჩვენი თანდასწრებით გაიხსნა ე.წ. ყუთი, სადაც ტანსაცმელი ინახებოდა და რომელიც წინა მთავრობამ ამერიკაში გააგზავნა. აღმოჩნდა, რომ ყუთში ერთი ცალის ნაცვლად წყვილი ფეხსაცმელი იდო“. იაშარ უსუპოვი საჭიროების შემთხვევაში თანახმაა მისი შვილის გვამის ექსჰუმაცია ჩატარდეს.
ზურაბ ჟვანიას სიკვდილის საქმეზე ინტერვიუს „კვირის ქრონიკაც“ აქვეყნებს და წერს, რომ რესპონდენტმა ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. ეს ინკოგნიტო რესპონდენტი ამბობს - „ზურაბ ჟვანიას საქმე გახსნილია, უბრალოდ, მისი გახმაურება არჩევნებამდე არ ჩაითვალა მომგებიანად“, რადგან კვალი მიხეილ სააკაშვილთან მიდისო.

არჩევნებამდე კვირაზე ნაკლები დარჩა და კიდევ უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს მისი შესაძლო სცენარების განხილვა. განსაკთრებული მუხტი ამ დისკუსიას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მიმართ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის პოზიციამ შესძინა. „რეზონანსის“ მიერ გამოკითხული ექსპერტების დიდი ნაწილის აზრით, მეორე ტურის შემთხვევაში „“ოცნების“ მიერ დაანონსებული მეორე ტურის ბოიკოტის გადაწყვეტილება გადაიხედება. ამ შემთხვევაში კი მარგველაშვილს პრეზიდენტობა გარანტირებული აქვსო“.
„კვირის პალიტრაში“ პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატთან ინტერვიუ ქვეყნდება. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს: „თუ 27 ოქტომბერს ჩვენი და ჩვენი ოპონენტების ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი მივა საარჩევნო ყუთთან, ვვარაუდობ, რომ ხმების 70-75%-ს მივიღებო“. ნინო ბურჯანაძე - „მე ვიცი, რომ არჩევნები მოგებული მაქვს. შევხვდი ასიათასობით მოქალაქეს და ვხედავ მათ განწყობას“. კობა დავითაშვილი თვლის, რომ „სოციოლოგიური გამოკითხვა კანდიდატთა ფინანსურ მდგომარეობას ასახავს და არა ხალხის მხარდაჭერას“. გიორგი თარგამაძე კი ამბობს, რომ „ივანიშვილმა უკვე გამოაცხადა ციფრები, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ყველა ადგილობრივი დონის საარჩევნო კომისიისთვის ბრძანებაა“. შალვა ნათელაშვილი „ვერსიას“ ეუბნება, რომ სოციოლოგიური გამოკითხვები „სიცრუე და სიყალბეა...“ „სოციოლოგიურ გამოკითხვებში მაღალ რეიტინგს იმ პოლიტიკურ ძალას უწერენ, ვინც ათი ათას დოლარს გადაიხდის0“, აცხადებს ნათელაშვილი.

„რეზონანს/მთელ კვირაში“ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩ ალექსანდრა ჰოლ ჰოლთან ინტერვიუ ქვეყნდება. ბრიტანეთის დიპლომატი ამ ინტერვიუში აცხადებს: „არც აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელშეკრულება, არც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და, საერთოდ, არც ერთი ხელშეკრულება, რაც საქართველოს აახლოვებს ევროკავშირთან, არ შეიცავს გეოპოლიტიკური თამაშის კომპონენტს. საქართველოს არავინ უყენებს ასეთ ულტიმატუმს - ან ევროპა, ან რუსეთი. ამასთან დაკავშირებით ბრიტანეთი ძალიან კარგი მაგალითია. ჩვენ ევროკავშირის წევრი ვართ ძალიან ბევრი სავაჭრო ხელშეკრულებით და ასევე დიდი თანამშრომლობა გვაქვს რუსეთთან. აქ არ არის საუბარი თამაშზე ნულოვანი ჯამით. საქართველოში ეს არ უნდა აღიქვან როგორც გეოპოლიტიკური არჩევანი - ან ევროკავშირი, ან რუსეთი“, - ეუბნება საქართველოში ბრიტანეთის ელჩი „რეზონანს/მთელ კვირას“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG