Accessibility links

„რეზონანსი“ წერს, რომ „იპოთეკური სესხებით დაზარალებულებს ბანკების პირისპირ ტოვებენ“. სტატიაში წაიკითხავთ: „იპოთეკარების სასესხო ვალდებულებას მალე კანონი განსაზღვრავს. კანონპროექტის საბოლოო ვერსია იუსტიციის სამინისტროში შემუშავდა და განსახილველად მთავრობას გადაეცა. თუმცა ცვლილებები ბანკების მიერ უკვე დაზარალებულ პირებს არ შეეხება. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მათ ევალებათ მომავალში დასადები სასესხო ხელშეკრულების უკეთესი საკანონმდებლო რეგულაციის შექმნა“. „რეზონანსში“ ბანკების ასოციაციის თავმჯდომარის ზურაბ გვასალიას კომენტარსაც ნახავთ: „ახალი კანონპროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ის ბაზრის რეგულაციას მოახდენს. სხვანაირად არ შეიძლება, რადგან საქმე გვაქვს ველურ ბაზართან, სადაც დაადგენენ თამაშის ისეთ წესებს, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება ცნობილი“.

„საქართველოს რესპუბლიკაში“ ქვეყნდება მიმართვა ბიძინა ივანიშვილისადმი: „საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ სამართლიანად ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უთუოდ უნდა მოჰყვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ბატონო ბიძინა, შესანიშნავად მოგეხსენებათ, რომ შარშანდელ არჩევნებზე ხალხი პირადად თქვენ გენდოთ, პირადად თქვენ გამოგიცხადათ ნდობა და არა ურეიტინგო პარტიებსა თუ ცალკეულ პიროვნებებს. ხელისუფლებიდან თქვენი მართლაც დასანანი წასვლის შემთხვევაში პარლამენტი ნამდვილად დაკარგავს ლეგიტიმაციას, რადგან იგი ვერ იქნება საზოგადოებრივი აზრის გამომხატველი“. - ამ მიმართვას ხელს 21 პირი აწერს, მათ შორის: ნონა გაფრინდაშვილი, მერაბ ბერძენიშვილი, მარიკა ლორთქიფანიძე, ოთარ ჯაფარიძე, ელიზბარ ჯაველიძე, რეზო ამაშუკელი, ნანა დევდარიანი, რეზო ესაძე და სხვები.

„ალიაშიც“ ნახავთ ამ თემის გაგრძელებას ვალერი გელბახიანთან ინტერვიუში. ის ამბობს: „ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა მართალი ხალხის წინაშე „ნაცმოძრაობის“ დამარცხების შემდეგ, თუკი დანიშნავდა თვითონვე ახალ საპარლამენტო არჩევნებს. ვისაც აირჩევდა ქართველი ხალხი, ის იქნებოდა ლეგიტიმური ხელისუფლება. ახლა რას ვიღებთ? ხალხმა სააკაშვილის სიძულვილის გამო ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილს, ის წავიდა ხელისუფლებიდან და დაგვიტოვა ისეთი პარლამენტი, რომელიც ქართველ ხალხს არ უნდა“.

„ალია“, თავის წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის მომავალ პრემიერ-მინისტრს ორ კანდიდატს - გიორგი ბაჩიაშვილსა და დავით სერგეენკოს შორის აირჩევს.

ლაფანყურის სპეცოპერაციის შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისიის წევრი მამუკა არეშიძე ამ ჯგუფის მიმართ მთავარი პროკურორის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ეხმაურება „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში: „გენერალური პროკურორი მართალია, როცა ამბობს, რომ სამართლებრივი ბერკეტი არ გვაქვს, მაგრამ ეს არ შეგვიშლის ხელს მუშაობაში. საქართველოში არ არის საზოგადოებრივი კომისიების პრაქტიკა, რომელიც იმუშავებს დამოუკიდებლად. ამ დრომდე თუ იყო საპარლამენტო კომისიები, ძირითადად ანგაჟირებული იყო. ჩვენი ამოცანაა დემოკრატიული მონიტორინგის პრაქტიკა დავამკვიდროთ ქვეყანაში, რომ საზოგადოება, ჟურნალისტთა კორპუსი, ექსპერტთა ჯგუფები, ეს არის ხალხი, ვისაც ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს“.

არჩევნების დღემდე კომპრომატების გავრცელების ალბათობაზე ეკითხება „ახალი თაობის“ ჟურნალისტი ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძეს. ის პასუხობს: „არანაირი კომპრომატების ომი არ იქნება. გავიარეთ ჩვენ ეს ერთი წელიწადი და იმხელა ემოციები და ისეთი ამბები იყო, რომ თუკი რამე კომპრომატები ჰქონდათ, ამას ნებისმიერი ძალა გამოიყენებდა კონკურენტის წინააღმდეგ. რაიმე სერიოზულს, ისეთს, რომ არჩევნებზე ზეგავლენას მოახდენს, სიმართლე გითხრათ, არ ველოდები“.
XS
SM
MD
LG