Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 31 ოქტომბერი


ჟურნალ „ლიბერალის“ ნოემბრის ნომრის თემებით დავიწყებ. გარეკანზე ე.წ. პარტიზანი მებაღეებისადმი მიძღვნილი პუბლიკაციის სათაურია გამოტანილი - „დედაქალაქი პარტიზანების იმედად“. სტატია თბილისის მწვანე საფარის მიმართ ხელისუფლებისა და კერძო ბიზნესის უდიერ დამოკიდებულებას ეძღვნება და ამ ფონზე პარტიზანი მებაღეების აქტივობას, უფრო მეტად კი, როგორც სტატიაშია მოხსენიებული, „თბილისის მთავარი პარტიზანი მებაღის“, ნატა ფერაძის მოღვაწეობას.

„ლიბერალში“ ჩავლილ საპრეზიდენტო არჩევნებზეც წაიკითხავთ სტატიას, სათაურით „მოსაწყენი არჩევნების ხიბლი“, რომელიც ასე მთავრდება: „ჩვენ პრეზიდენტი ავირჩიეთ. როგორც ჩანს, ძლევამოსილ პრემიერ-მინისტრს კვლავ ერთი, უკეთეს შემთხვევაში, რამდენიმე ადამიანი დაგვინიშნავს. უფრო პირდაპირ რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილს უფრო მნიშვნელოვანი არჩევანი აქვს გასაკეთებელი, ვიდრე ქართველმა ხალხმა 27 ოქტომბერს გააკეთა“.
„ალიაში“ ინტერვიუა ყოფილ პროკურორ და ამჟამად ადვოკატ მირიან ნიკოლაძესთან, რომელიც ამბობს: „მინდა დავამწუხრო სააკაშვილი. მართალია, ეს შეწყალების აქტი მატებს ალბათობას იმისას, რომ მისი დანაშაულები არ გახდება ცნობილი და მასობრივად ხელის გაშვერები გამოირიცხება, მაგრამ მე მაქვს ინფორმაციები, რომ ისეთი ხალხი წავიდა უკვე თანამშრომლობაზე პროკურატურასთან, რომლებსაც ვერ გააჩერებს ბევრი მიზეზის გამო“.

„საქართველოს რესპუბლიკის“ კორესპონდენტი რამაზ საყვარელიძეს ეკითხება საქართველოში დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების მიმართებაზე ქვეყნის ნატოში ინტეგრაციასთან. საყვარელიძე ამბობს: „დავაკვირდეთ, რა ინტერესების თანხვედრაზეა დამოკიდებული ჩვენი გაწევრიანება ნატოში. თვითონ ევროპული ქვეყნებისთვის მიუღებელია კონფლიქტის მატარებელი ქვეყანა იმიტომ, რომ მათ კარგი ცხოვრება უნდათ და უნდა უნდოდეთ კიდეც. მეორე მხრივ, რუსეთთან ურთიერთობის გართულება არ უნდათ ისევ იმიტომ, რომ კარგი ცხოვრება უნდათ. ჩვენი არჩევნები ამ ორ თემასთან არის რამით დაკავშირებული? - არა, მაგრამ ეს ქვეყნები ხომ ვერ იტყვიან ჩვენ კარგი ცხოვრება გვინდა და რუსეთის გვეშინიაო. ამიტომ ამბობენ იმას, რაზეც ჩვენც დიდი ამბით თავს ვუქნევთ, რომ აი, არჩევნები კარგად ჩატარდება და კიდევ წინ წავიწევთ“.

„24 საათი“ წერს, რომ 30 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის ახალი პროექტი წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, დევნილთა შემწეობა 45 ლარამდე გაიზრდება. დღემდე ეს დახმარება 22-დან 28 ლარამდე იყო.

დავით დარახველიძესთან ინტერვიუ ქვეყნდება „რეზონანსში“. მინისტრი ზამთრის სეზონისთვის გათვალისწინებულ კიდევ ერთი ტიპის დახმარებაზე ლაპარაკობს: „2013-2014 წლების ზამთრის სეზონში სათბობი საშუალებით (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი) უზრუნველყოფილ იქნებიან დევნილთა ის ოჯახები, რომლებიც 2013 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულნი არიან საქართველოს შრომის, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა 70001-ზე ნაკლებია“.

„ახალი თაობის“ კორესპონდენტმა ჰკითხა დეპუტატ კობა დავითაშვილს, „თქვენი მხრიდან კოალიციის დატოვება და პრეზიდენტობისთვის კენჭისყრა თვითმკვლელობის ტოლფასი ხომ არ იყოო?“. კობა დავითაშვილის პასუხი: „ეს არ იყო განზრახ თვითმკვლელობა. ეს იყო გაუფრთხილებლობით თვითმკვლელობა. შეიძლება, გაუფრთხილებლობით ბრალის ფორმა დავადგინო. ეს არ იყო დაუდევრობა, ეს იყო თვითიმედოვნება“. კობა დავითაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG