Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 4 ნოემბერი


დღეს თითქმის ყველა გაზეთის პირველი გვერდი ირაკლი ღარიბაშვილზე პუბლიკაციას ეთმობა. „რეზონანსი“ – „31 წლის პრემიერი“. სტატიის ავტორი წერს: „ირაკლი ღარიბაშვილი პირველი პრემიერი იქნება, რომელიც მთავრობის მეთაურის პოსტს გაზრდილი უფლებებით ჩაიბარებს. პოსტის მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობის გამო პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ ღარიბაშვილისთვის პრობლემად შესაძლოა მისი ასაკი და გამოუცდელობა იქცეს. ივანიშვილის გავლენის გამო ისინი ქვეყანაში მოსალოდნელ არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობენ“, - წერს „რეზონანსი“.

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი სტატიაში, სათაურით „პირველი კაცი და პირველი ლედი“, ასე წერს: „დიახ, ღარიბაშვილის მოსვლა იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი არსად მიდის-მეთქი, ვგულისხმობ, რომ პრემიერ-მინისტრად ივანიშვილის ნაცვლად მისი ტოლ-სწორი ლიდერი მოვიდა!“.

„კვირის ქრონიკაში“ ირაკლი ღარიბაშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის ინტერვიუს დასასრულს ამბობს: „ახლა ვართ მოთმინების რეჟიმში, დიდი საქმეების გადაწყვეტას სჭირდება დიდი მოთმინება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერი იმაზე უკეთესად იქნება, ვიდრე ეს რომელიმე ჩვენგანს წარმოუდგენია. მე ვიცი, ზოგადად, როგორ განვითარდება საქართველოში მოვლენები“, - ეუბნება „კვირის ქრონიკას“ ირაკლი ღარიბაშვილი.
„ვერსია“ შენიშნავს: „ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერებას თვით უმცირესობა, ანუ „ნაცმოძრაობაც“, დადებითად შეხვდა. ყოველ შემთხვევაში, გიგი წერეთელმა ღარიბაშვილის პრემიერის პოსტზე წარდგენას „ყველაზე ლოგიკური“ უწოდა“.

კიდევ ერთი თემა, რომელზეც დღეს არაერთ მოსაზრებას გაეცნობით, არის პრეზიდენტ სააკაშვილის მომავალი, კერძოდ, მისი დაპატიმრება-არდაპატიმრების, მის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყების პერსპექტივის ჭრილში. გია ხუხაშვილი „კვირის პალიტრას“ ეუბნება, რომ „ყველაფერს ფარდა აეხდება და ბევრ საინტერესო რამეს გავიგებთ“. ხუხაშვილის თქმით, „შეუძლებელი გახდება სამართლებრივი დევნის არდაწყება სააკაშვილის წინააღმდეგ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონიაო“, ეუბნება ხუხაშვილი „კვირის პალიტრას“.

„დარწმუნებული ვარ, საღად მოაზროვნე თითოეული ადამიანი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა ან მისი დაკავების მცდელობა ქვეყანას კარგ შედეგს ვერ მოუტანს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება“, - ასე ფიქრობს დიმიტრი შაშკინი, რომელთან ინტერვიუც „ვერსიაში“ ქვეყნდება.
ამავე თემაზე „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ გოგა ხაინდრავას ინტერვიუში ვკითხულობთ: „სააკაშვილი ყოველ მიზეზ გარეშე წარდგება სასამართლოს წინაშე. მის ჩადენილ დანაშაულებს ვადა არა აქვს. თუ ეს მთავრობა არ გაასამართლებს, აღარ ავირჩევთ და იმას მოვიყვანთ ხელისუფლებაში, რომელიც დამნაშავეთა დასჯას შეძლებს“.

„პრაიმ-ტაიმის“ შეკითხვას, „ფიქრობთ, რომ ნაციონალებს დაბრუნების შანსი აქვთო“, ელენე თევდორაძე უპასუხებს: „ამაზეც გიპასუხებთ: მიშა არის ფენიქსი“.

„პრაიმ-ტაიმში“ მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილთან ინტერვიუს გაეცნობით. ის ფიქრობს, რომ „ბაჩანა ახალაიას საქმესთან დაკავშირებით ბრალდების მხარის პოზიცია სრულად იყო დასაბუთებული. ჩვენ სახეზე გვაქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს ერთი მოსამართლის გადაწყვეტილება ახალაიას უდანაშაულობის შესახებ. ეს საქმე კიდევ ექვსმა მოსამართლემ უნდა განიხილოს: სააპელაციოში - სამმა და უზენაეს სასამართლოში - სამმა. ამიტომ, როდესაც ჯერ კიდევ წინაა საქმის განხილვის ორი ეტაპი, ნაადრევია საუბარი იმის შესახებ, რომ პირი უდანაშაულოა“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG