Accessibility links

logo-print
„აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში უმცირესობის წარმომადგენელი არ ჰყავთ“-სტატიაში, რომელსაც გაზეთ „რეზონანსში“ წაიკითხავთ, გაზეთის მთავარი რედაქტორი და პრესის ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ტუღუში აპროტესტებს საკითხის თაობაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ დუმილს და ასევე ამჟამინდელი ოპოზიციის მიდგომას - ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ იმის ნაცვლად, რომ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ და პასუხი მოითხოვონო, წუხს ლაშა ტუღუში. ამავე სტატიის თანახმად, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს დეპუტატი ელისო ჩაფიძე. იგი ამბობს, რომ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში ხუთივე წევრის უმრავლესობიდან არჩევით კანონი დაირღვა, რადგან, კანონით, სამი წევრი უმრავლესობას უნდა დაეკომპლექტებინა, ორი კი - უმცირესობას. შესაბამისად, დეპუტატი აცხადებს, რომ მომხდარით შეშფოთებულია და ამბობს, რომ მისი მხრიდან ამ თემაზე საუბარი სასამართლოზე ზეწოლად არ უნდა იყოს აღქმული.

„მიპასუხოს სააკაშვილმა, რატომ ჩამსვა ციხეში?“ - ამ შეკითხვას კი გაზეთ „ახალი თაობის“ ფურცლებზე ყოფილი პატიმარი ნორა კვიციანი სვამს. იგი თავისი საქმის ხელახალ შესწავლას ითხოვს და უკმაყოფილოა იმითაც, რომ, არაერთი მიმართვის მიუხედავად, პარლამენტმა იგი პოლიტპატიმრად არ აღიარა. დეპუტატებს ნორა კვიციანის მიმართ არავითარი პრეტენზია არ აქვთ, მაგრამ პოლიტპატიმრის სტატუსი ვერ მიანიჭეს იმიტომ, რომ იგი ციხიდან ვადამდე გათავისუფლდა. რაც შეეხება ნორა კვიციანის საქმის ხელახალ შესწავლას, ამასთან დაკავშირებით გაზეთი „ახალი თაობა“ შენიშნავს, რომ 2006 წლის ივლისში კოდორში დატრიალებული მოვლენები ცალკე შესასწავლია. რა მოხდა ზუსტად მაშინ კოდორში, გაზეთის თანახმად, სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვერ გავიგებთ. ამ თემაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდება, „ახალი თაობის“ მიხედვით, კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს, ნორა კვიციანის ძმას, ემზარ კვიციანს შეუძლია. აქ ვიღაცებს, ეტყობა, არ აწყობთ კოდორის საიდუმლოს გამჟღავნება, ამიტომაც ხელს უშლიან ემზარ კვიციანის სამშობლოში დაბრუნებასო, - ვკითხულობთ გაზეთ „ახალ თაობაში.“

„რა დაპირისპირება მოხდა „ნაციონალების“ დახურულ შეხვედრაზე“ - ეს საკითხი, სხვა თემებთან ერთად, დღეს გაზეთ „ალიას“ ინტერესის საგანია. გაზეთი განიხილავს 12 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომას და ამ სხდომის გადაწყვეტილებებსა და პერიპეტიებს. როგორც „ალიას“ ეგრეთ წოდებული სანდო წყარო ეუბნება, სხდომა, რომელზეც პარტიის აღმასრულებელ მდივნად მიხეილ მაჭავარიანი აირჩიეს, კამათი დაპირისპირებაში გადაიზარდა. კერძოდ, „ალიას“ თანახმად, სხდომა დატოვეს დავით საყვარელიძემ და გიორგი კარბელაშვილმა. სხდომას არ ესწრებოდა ზემოხსენებულ თანამდებობაზე აქამდე მყოფი გიორგი ვაშაძე, რომელიც თბილისში არ იმყოფება. „ალიას“ თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ერთი ნაწილი არ ენდობა მიხეილ მაჭავარიანს იმის გამო, რომ მისი ძმა ხდება მნიშვნელოვანი ფიგურა ახალი პრეზიდენტის კარზე. გაზეთი „ალია“ ეჭვქვეშ აყენებს ასევე პოლიტიკურ ასპარეზზე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი შემადგენლობით გამოსვლის შესაძლებლობასაც, რაზეც ბოლო დროს არაერთხელ გაკეთებულა აქცენტი. „ალიას“ თანახმად, მიხეილ მაჭავარიანის დაწინაურება მხოლოდ ძველი სახეების დარჩენას და გაძლიერებას შეიძლება ნიშნავდეს.
XS
SM
MD
LG