Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 22 ნოემბერი


გაზეთ „რეზონანსის“ ერთ-ერთ მთავარ სტატიაში სახელწოდებით“ პანკისელი „მამლუქი“-ყოფილი ქართველი სერჟანტი სირიაში უსასტიკესი დაჯგუფების მეთაურია“ ნათქვამია, რომ თარხან ბათირაშვილი მართლაც ყველაზე ძლიერი დაჯგუფების ხელმძღვანელია. „ ძმები ბათირაშვილები და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა მოხალისეები არიან“-უთხრა გაზეთს ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა მექა ხანგოშვილმა. მისი განმარტებით, ისინი საბრძოლველად თავიანთი ნებით მიდიან და მათ არავინ ამზადებთ. მექა ხანგოშვილი აქვე უარყოფს, რომ უცხოელი მებრძოლების ათასკაციანი დაჯგუფების მეთაური, რომელმაც სახელი ალეპოში ასადის მიერ კონტროლირებული ავიაბაზის შტურმის შემდეგ გაითქვა, აგვისტოს ომის ვეტერანი და საქართველოს არმიის სერჟანტი, პანკისიდან სირიაში მატერიალური სარგებლის გამო წავიდა. მექა ხანგოშვილი „რეზონანსს“ ეუბნება, რომ ჩეჩნები იდეოლოგიის გამო იბრძვიან და არა ფულისა და მატერიალური სიკეთის გამო.

რამდენიმე მინისტრი შესაცვლელი იყო-ასეთ მოსაზრებას კი გაზეთ „ახალ თაობასთან“ ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, კახა კახიშვილი გამოთქვამს. მისი შეფასებით, კაბინეტის უცვლელი შემადგენლობით დატოვება განპირობებული იყო იმით, რომ მმართველი გუნდი მრავალპარტიულია და კონკრეტული მინისტრის უკან კონკრეტული პოლიტიკური ძალა და პოლიტიკური ინტერესეი დგას. შესაძლებელია ცვლილებას მმართველ ძალაში დისბალანსი მოჰყოლოდა, უთხრა კახი კახიშვილმა გაზეთ „ახალ თაობას.“ იგი მიიჩნევს, რომ მინისტრები აუცილებლად შეიცვლებიან თვითმმართველობის არჩევნებამდე, მას შემდეგ, რაც პარტია „ქართული ოცნება“ გაძლიერდება.
„სააკაშვილს ბრალი წავუყენოთ და შემდეგ შევიწყალოთ“-ასეთ ინიციატივას გაზეთ „ვერსიის“ ფურცლებიდან ხელისუფლებას წინააღმდეგობის მოძრაობა „იბერიის“ ლიდერი ვაჟა წიკლაური სთავაზობს. გამოდის რა დილემიდან, რომლის თანახმად, ნაციონალური ხელისუფლებისადმი არაშემწყნარებლური პოლიტიკის გამო, ხელისუფლება ამერიკულ-ევროპული დირექტივის გაუთვალისწინებლობის საფრთხის წინაშე დადგება, ვაჟა წიკლაური ამბობს; ციტატა „ თუ სააკაშვილის დაპატიმრება ქვეყნისა და მისი იმიჯისათვის კარგისმომტანი არაა, წავიდეთ დათმობაზე-სააკაშვილს დანაშაული თუ დაუმტკიცდა, გამოვუტანოთ შესაბამისი განაჩენი, შემდეგ კი შევიწყალოთ. ყველას, მათ შორის თავადაც ეცოდინება, რომ დამნაშავეა და ციხეში მხოლოდ ხელისუფლების გულმოწყალების გამო არ ზის.ციტატის დასასრული-ვაჟა ბერიძე ფიქრობს, რომ სააკაშვილის მაგალითის სხვებზე გავრცელება აუცილებელი არ იქნება.

„რა გასაიდუმლოებულ შეხვედრებს მართავენ ამერიკის შეერთებულ შტატებში სააკაშვილი და ბაქრაძე?“ამ საკითხით კი დღეს გაზეთი „ალია“ დაინტერესდა. „ალიას“ თანახმად, როგორც ჩანს ექსპრეზიდენტ სააკაშვილისთვის და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ ბაქრაძისთვის ეს შეხვედრები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ 19 ნოემბერს ეს უკანასკნელი ირაკლი ღარიბაშვილის უმცირესობასთან შეხვედრას ვერ დაესწრო. „ალიას“ მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი და დავით ბაქრაძე კულუარულ მოლაპარაკებებს მართავენ ამერიკაში და გადარჩენისათვის იბრძვიან. „ისინი აქტიურად ცდილობენ დაამტკიცონ, რომ არ არიან გარეულნი ელიტარულ კორუფციაში“- წაიკითხავთ გაზეთ „ალიაში“, რომელიც აზუსტებს, რომ ვილნიუსის სამიტის წინ მიხეილ სააკაშვილი და დავით ბაქრაძე ამერიკელებს უმტკიცებენ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ტიმოშენკოს მსგავსად, პოლიტიკური პატიმარია.
XS
SM
MD
LG