Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 26 ნოემბერი


ქართული პრესა უკრაინაში შექმნილ ვითარებას ეხმაურება. „რეზონანსი“ წერს: „რა უფრო ფასეული და მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის, ამის სწორად განსაზღვრა ერთადერთი გამოსავალია, რათა უკრაინაში განვითარებული მოვლენები უკეთ გავაანალიზოთ და თავად გადავწყვიტოთ, ევროპისკენ ვიაროთ თუ ევრაზიულ კავშირში გავწევრიანდეთ. ექსპერტები ამბობენ, რომ, მიუხედავად დასავლეთის ინტერესისა, მათ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის შესაძლებლობა არ აქვთ და, განცხადებების და მოწოდებების გარდა, ვერც რუსეთის ხელისუფლებას მოსთხოვენ რამეს“.
„რეზონანსშივე“ ქვეყნდება ინტერვიუ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ლევან ბერძენიშვილთან. ის აცხადებს: „ის, რომ საზოგადოების ნაწილს და, მათ შორის, ჩვენს ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოს საგარეო უწყება პასიურობს და გვერდით არ უდგას უკრაინელ ხალხს, არის ძალიან არასერიოზული ლაპარაკი. ჯერ ერთი, უკრაინა მარტო ის ხალხი არაა, ვინც ევროკავშირში შესვლას ითხოვს, მეორე, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა სახელმწიფოებრივ დონეზე. უკრაინა არის ჩვენი მეზობელი სახელმწიფო, რომელთანაც ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს“.

„ალიას“ ეუბნება ვალერი გელბახიანი: „პუტინმა გასაგებად და მკვეთრად განაცხადა, რომ 2015 წელს დასრულდება ევრაზიის სახელმწიფოების კავშირის შექმნა, ამისთვის კი ზუსტად ერთი წელი გვრჩება. ამიტომ, ან საქართველო გახდება ევრაზიული კავშირის წევრი, ან მოუწევს რუსეთთან შებრძოლება და ყველანაირი დაძაბულობის საკუთარ თავზე აღება“. ამავე ინტერვიუში გელბახიანი ამბობს: „არაფერი დამღუპველი ევრაზიულ კავშირში არ იქნება - თუ რუსეთი დაიშლება, ავტომატურად ეს კავშირიც დაიშლება და გამთლიანებული საქართველო ამ კავშირიდან გამოვა“.

პრესაში განხილვის ერთ-ერთი თემაა თბილისის მერობის კანდიდატად დავით ნარმანიას დასახელება. „ახალი თაობა“ წერს: „პოლიტიკურ სპექტრს ახალი სანერვიულო და სალაპარაკო გაუჩნდა. თბილისის მერის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურის დასახელებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ნარმანიას მიმართ მთავარი პრეტენზია მისი არათბილისური წარმომავლობაა. პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტორი ამომრჩეველზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს. „ახალ თაობას“ ეუბნება ექსპერტთა კლუბის ხელმძღვანელი სოსო ცისკარიშვილი: „პოლიტიკური შემადგენლის გარეშე ნებისმიერი მერი იქნება წარუმატებელი! რატომ თვლიან, რომ ნარმანია მხოლოდ როგორც მეურნე, ისეა დასაფასებელი და არა ისე, როგორც განათლებულ ადამიანს ეკადრება, როგორც წარმატებულ მეცნიერს ეკადრება. ეს თვისებები მას უდავოდ გააჩნია და რატომღაც ჩქმალავენ იმ ფასეულობებს, რაც თბილისელებისთვის უფრო გასაგებია“.

„საქართველოს რესპუბლიკის“ ავტორი წერს: „ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში საბჭოური პერიოდის პოლიტპატიმრები გამოცხადებული არიან ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე მოქალაქეებად და სარგებლობენ ყველა შეღავათით - უზრუნველყოფილნი არიან უმაღლესი პენსიით და ბინით. ჩვენთან კი მათი პენსია 100 ლარს არ აღემატება და არავინ კითხულობს, თუ რა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ თავგადადებული მამულიშვილები. გამოდის, მთელი სამოცდაათი წლის განმავლობაში უანგარო პატრიოტები სასტიკად ისჯებოდნენ და მათი დასჯა დღესაც გრძელდება. როდესაც ქვეყანაში უმცირესი პენსია 150 ლარია, ხოლო მრავალტანჯული პატრიოტების პენსია 100 ლარს არ აღემატება, ამას არაფერი დაერქმევა, თუ არა დასჯა“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG