Accessibility links

„მათთვის, ვინც ასოცირების ხელშეკრულებით გვაშინებს“ - ამ პუბლიკაციით ვილნიუსის სამიტისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების კრიტიკოსებს პასუხობს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“. სტატია „24 საათში“ ქვეყნდება. ავტორები წერენ, რომ შეთანხმების მოწინააღმდეგეები „დაუსაბუთებელი შიშების ტირაჟირებას ცდილობენ“ და ეს სტატიაც მათთვის არის განკუთვნილი: „რატომ არის ევროპული ბაზარი საინტერესო საქართველოსთვის? პირველ რიგში იმიტომ, რომ მას, პოსტსაბჭოთა სივრცისგან განსხვავებით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მყიდველობითი უნარის მქონე მომხმარებელი ჰყავს. ზოგადად, ევროპულ ბაზარს 500 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რომელთა საშუალო წლიური შემოსავალი 39 000 აშშ დოლარია და 16 ტრილიონ ევროზე მაღალი მთლიანი შიდა პროდუქტი აქვს. საპროგნოზო გათვლებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაში, საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში, მინიმუმ, 12 პროცენტით გაიზრდება, ხოლო ევროკავშირიდან იმპორტი - 7,5 პროცენტით. გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს მშპ 4,3 პროცენტით, ანუ 292 მილიონი ევროთი მოიმატებს“.

ვილნიუსის სამიტზე საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელ ელენე ხოშტარიას მოსაზრებებს გაეცნობით „რეზონანსის“ სტატიაში. ხოშტარია ამბობს: „პრაქტიკულად, სამიტი რუსეთსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური ბრძოლის ველად გადაიქცა და ევროკავშირმა დაინახა, რეგიონში თუ რა პრობლემებს აწყდება რუსეთის სახით და ამ მხრივ ვილნიუსის სამიტის გამო უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ყველასთვის გაკვეთილი იქნება“.

„რეზონანსში“ ლარის კურსის ვარდნაზეც წაიკითხავთ სტატიას. ავტორი ფინანსისტების ვარაუდს იშველიებს და წერს, რომ ლარის გაცვლითი კურსი წლის ბოლოს 1,7-მდე ჩამოვა. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ეს ფასების ზრდას გამოიწვევს, სხვები ლარის კურსის რყევის გამო ფასების „არსებით ზრდას“ გამორიცხავენ.

„ალია“ წერს, რომ „პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჰაბიტაციის დასრულების პროცესი დაიწყო. საუბარია დათა ახალაიას თანამშრომლობაზე პროკურატურასთანო“, წერს გაზეთი. „ალიასთვის“ ერთ-ერთ წყაროს უთქვამს: „ის, ვინც ახალაიას ფარული ჩანაწერებით ევაჭრებოდა, სავარაუდოდ, იმ პირთა შორის უნდა ვეძებოთ, ვინც პროკურატურიდან ოთარ ფარცხალაძის მისვლის შემდეგ გაუშვეს. ახალაია, რომელმაც პირადად აწამა ასობით ადამიანი, არ უნდა განთავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ინფორმაციას ფლობს. ეს დამოკიდებულება აქვს ირაკლი ღარიბაშვილს“. „ალიას“ სტატიაში ვახტანგ მაისაიასთან ინტერვიუც არის. მაიასაია მეგის ქარდავაზე ამბობს: „გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის გადასულია გალის რაიონში და მას უშუალოდ მფარველობს აფხაზეთის კონტრტერორისტული სამსახური. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მეგის ქარდავა ჩაჯდა ფედერალური სამსახურის სპეციალურ პროგრამაში, რომელსაც მოწმის დაცვის პროგრამა ჰქვია... ეჭვი მაქვს, რომ მეგის ქარდავამ რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცა ყველა ის ინფორმაცია, რაც იცოდა, მათ შორის აგენტურული სია, ასევე ფარული ჩანაწერები, ვითომ რომ გაანადგურეს. არადა, ჩანაწერების ორიგინალები რუსეთის მხარეს გადასცა ქარდავამ“.

„ახალ თაობას“ ეუბნება „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა: „ბატონმა ივანიშვილმა, როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ სრულიად აშკარად იცრუა, როდესაც დააყენა ქალაქის მერად დავით ნარმანიას კანდიდატურა მას შემდეგ, რაც ის აღარ იყო პრემიერ-მინისტრი. ეს არის ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი, თუ რამდენად აქტიურად აპირებს ის ჩაერიოს ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ ხმები ივანიშვილის გადადგომის შესახებ გადაჭარბებულია“, - ეუბნება კახა კუკავა „ახალ თობას“.

ამავე გაზეთში წაიკითხავთ შეწყალების კომისიის ახალ თავმჯდომარესთან - ალექსანდრე ელისაშვილთან ინტერვიუს: „600 განცხადებაა შემოსული. აქედან კრიტერიუმებს 150 ადამიანი აკმაყოფილებს. არ გამოვრიცხავ, რომ 600-ვე განცხადება თავიდან ბოლომდე განვიხილოთ. მეორე რიგის ამოცანა იქნება - მომდევნო სხდომამდე დავხვეწოთ დებულება, კრიტერიუმები იმისათვის, რომ უფრო მოქნილი იყოს გადაწყვეტილება“. ამავე ინტერვიუში შეწყალების კომისიის თავმჯდომარე განმარტავს: „ვისაც უარს ვეტყვით, მას ამას ძალიან კონკრეტული მიზეზით ვეტყვით. შესაბამისად, კითხვებიც არ გაჩნდებაო“. ინტერვიუ ალექსანდრე ელისაშვილთან „ახალ თაობაში“ ქვეყნდება.
XS
SM
MD
LG