Accessibility links

დღევანდელი პრესა ვილნიუსის სამიტის შედეგებსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ირაკლი მენაღარიშვილი „კვირის პალიტრას“ რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე ელაპარაკება: „ზეწოლისთვის გამოიყენებს ყველა საშუალებას - ეკონომიკურ ბერკეტებს თუ პოლიტიკურს, მათ შორის, ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ჩათვლით. ამას საქართველომ უნდა დაუპირისპიროს მტკიცე ნებისყოფა, ცივი გონება, მაგარი ნერვები და კეთილგონიერება საგარეო პოლიტიკური ნაბიჯებით და რეაქციებით“.

„კვირის ქრონიკაში“ მამუკა არეშიძესთნ ვრცელი ინტერვიუ ქვეყნდება. ის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის პერსპექტივაზე ამბობს: „შეიძლება, რასაც ვიტყვი, ვინმეს არ მოეწონოს, მაგრამ დასაფიქრებელია - ჩვენ გვაქვს შანსი ამ ხელმოწერით ვივაჭროთ, რათა ჩვენი მომდევნო ნაბიჯი ძვირად გაიყიდოს. ზუსტად ამიტომაა, ევროპელები გამოდიან და ამბობენ, რომ 5-6 თვეში გადაწყდება შემდგომი ნაბიჯიო. ასე რომ, ჩვენს შემდგომ ნაბიჯს დიდი ფასი უნდა დავადოთ, რადგან ევროკავშირსა და საქართველოს პოლიტიკური ჯგუფის დიდ ნაწილს უნდა ამის გაკეთება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემდგომი ნაბიჯი უნდა გადაიდგას ისე მარტივად, როგორც სააკაშვილის მთავრობამ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაუთმო რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება“.

ბრიუსელიდან მიღებულ ქართველი ავტორის მოსაზრებას აქვეყნებს „რეზონანსი“. სტატიის სათაურია - „ევროკავშირი მწარე რეალობის პირისპირ/ ვილნიუსის სამიტი - სამეზობლო პოლიტიკის მარცხის ნათელი მაგალითი“. ავტორი სტატიას ასე ასრულებს: „გუშინ კიევში რევოლუცია დაიწყო. უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა შეიძლება დაგვავიწყოს ევროკავშირში არსებული უთანხმოებები და მისი მერყევი პოზიცია. მაგრამ ვილნიუსის სამიტმა ნათლად გამოამჟღავნა პრობლემები ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში“.

ორშაბათის გაზეთებში ერთ-ერთი თემაა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადავადების საკითხი. „რეზონანსის“ მთავარი სტატიაა - „რა ჯდება სამართლიანობის აღდგენა“. ეკონომიკის ექსპერტ დემურ გიორხელიძეს უთქვამს გაზეთისთვის: „სამართლიანობა ფული ღირს ქვეყანაში, მაგრამ ამის გამო ხარჯებს ვერ გავიღებთო - ესაა განცხადება, რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით კომენტარს არ ექვემდებარება. ესაა ხელისუფლებისთვის ფინიში“.

ამავე თემაზე ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე „ასავალ-დასავალს“ ეუბნება: „ჯერ ერთი, აქ წინა პლანზე დგას არა ფინანსური ზარალის ანაზღაურების, არამედ ღირსების საკითხი, სამართლიანობის საკითხი... რა ვუყოთ იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს და მათი რეაბილიტაცია არანაირ ფინანსებთან არ არის დაკავშირებული“.

კვლავ სამართლიანობის აღდგენის თემაზე ინტერვიუ ნანა კაკაბაძესთან „ახალ თაობაში“: „ხალხმა ხმა მისცა სამართლიანობის აღდგენას! ამაზე უარის თქმა ვერანაირად ვერ ჩანაცვლდება მოხნული მიწებით! თუ დროზე არ მოეგო გონს და ეს გადაწყვეტილება არ შეცვალა, ის არანაკლებ დაამთავრებს თავის მოღვაწეობას, ვიდრე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამთავრა“.

„ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თვითმმართველობის კოდექსის პროექტს აკრიტიკებს „ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა. ის მოითხოვს, რომ მთავრობამ გაითვალისწინოს არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები.
დასასრულ, ჟურნალ „ლიბერალზე“ - მის გარეკანზე პუბლიცისტ ზაალ ანდრონიკაშვილის ფოტო და მასთან ინტერვიუს სათაურია გამოტანილი: „ამომრჩეველი ახალი ყაიდის პოლიტიკურ პარტიებს ითხოვს“. ზაალ ანდრონიკაშვილი ამბობს: „ამომრჩეველს აქვს მოთხოვნა ახალი ყაიდის პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც ამომრჩეველთა ამა თუ იმ ჯგუფის ინტერესთა გამომხატველი იქნება და მხარდამჭერთა სტაბილური ბაზა ეყოლება. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს შანსი ერთ ასეთ პარტიად გადაიქცეს. კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ რამდენიმე პარტიას ასევე აქვს ამის შანსი, მაგრამ, ჩემი აზრით, ახალ, თანამედროვე პარტიებზე მოთხოვნილება არსებობს და ის არ არის უმნიშვნელო“. „ლიბერალისთვის“ მიცემულ ამავე ინტერვიუში ზაალ ანდრონიკაშვილი აღნიშნავს: „ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ახლოს ვართ „ჩვეულებრივ“ დემოკრატიასთან იქამდე, ვიდრე თვითმმართველობები ყველგან არ იქნება არჩევითი და არ ისარგებლებენ საბიუჯეტო თავისუფლებით“.
XS
SM
MD
LG