Accessibility links

logo-print
დღევანდელი პრესა უკრაინისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის ურთიერთკავშირზე წერს. ამ თემაზე „რეზონანსში“ქართველი პოლიტოლოგების მოსაზრებებს გაეცნობით. კახა გოგოლაშვილს გაზეთისთვის უთქვამს: „თუ ახლა უკრაინაში ეს სიტუაცია ევროპაში ინტეგრაციის სასარგებლოდ განიმუხტება, უკრაინის ხელისუფლება დათმობს ან მშვიდობიანი რევოლუცია მოხდება, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი გამოსავალი და მთლიანად რეგიონის ძალიან სწრაფი ევროპეიზაციის დასაწყისი იქნება. სხვა შემთხვევაში, ვფიქრობ, ჩვენ ძალიან სერიოზული კონფრონტაციის მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ქვეყნები, რომელთაც ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა უნდათ, რუსეთის მხრიდან აგრესიული მოპყრობის მსხვერპლნი გახდებიან“.

„რეზონანსის“ ამავე სტატიაში პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ასეთ მოსაზრებასაც წაიკითხავთ: „ჯერჯერობით ფაქტია, რომ ევროპა უკრაინისთვის ბოლომდე იბრძოლებს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ თუკი კონფრონტაცია საჭირო გახდა, ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლებასთან კონფრონტაციაში შევა. განსაკუთრებით მაშინ, თუ რუსეთმა ბრჭყალები გამოაჩინა, რომლებიც ჯერჯერობით არ ჩანს“.

ევროინტეგრაციის პროცესზე „საქართველოს რესპუბლიკაში“ ვრცელი სტატია ქვეყნდება. ავტორი წერს: „ამერიკა ევროკავშირის ხელით ცდილობს რუსეთის გავლენის სფეროების შეზღუდვას - უკრაინის, მოლდოვას, ბელორუსის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს და შემდეგ შუა აზიის ქვეყნების რუსეთისგან ჩამოშორებას, რუსეთის დასუსტებას და არა საქართველოს ან სხვების გაძლიერებას! სწორედაც ამ დასახული მიზნისკენ სავალ გზაზე განცდილი წარუმატებლობა (განსაკუთრებით, უკრაინაში და, ნაწილობრივ, სომხეთსა და აზერბაიჯანში) არის მათი გაწიწმატების მიზეზი“.

„ალიას“ პირველ გვერდზე სათაურებია: „რა თანამდებობას მიიღებს სააკაშვილი, თუკი უკრაინის ხელისუფლება დაემხო?“ და „სააკაშვილმა შეიძლება საქართველოში მოქმედებები მარტ-აპრილიდან დაიწყოს“. ერთი პუბლიკაცია მთლიანად ლალი მოროშკინას მოსაზრებებს ეყრდნობა და სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლის მოტივზეა: „ლალი მოროშკინას აზრით, მიშა ჭკვიანურ თამაშს თამაშობს... ჩვენ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, მას იღბალი აქვს. ვინაიდან უფროსი კლიჩკო პრეზიდენტობისთვის ემზადება, მიშამ გადაწყვიტა ახლა მას აეკიდოს“. მეორე პუბლიკაცია კი საფრანგეთში მცხოვრებ გიორგი ფოფხაძესთან ინტერვიუა. ის ამბობს: „მე ძალიან ბევრი რამ შემეძლო გამეკეთებინა ახალი ხელისუფლებისთვის და ვამბობ, ხვალ რომ მიხეილ სააკაშვილი შტურმით შევარდეს მთავრობის სასახლეში, დამერწმუნეთ, ევროპაში არ მოიძებნება არც ერთი ადამიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მოქმედებას არ გაამართლებს. ეს მეტყველებს ჩვენი მთავრობის უსუსურობაზე, ამაზე ვლაპარაკობ ერთი წლის განმავლობაში. შემეძლო ეს სიტუაცია შემომებრუნებინა. ხელისუფლებამ დაიქირავა რაღაც ფირმა, რომელმაც ვერ შეძლო ახალი მთავრობის ინტერესების გატარება ევროსტრუქტურებში...“.

„ახალი თაობა“ უმრავლესობის წევრ გოგლა ჟვანიასთან ინტერვიუს აქვეყნებს. საუბრის დიდი ნაწილი ზურაბ ჟვანიას სიკვდილის საქმის გამოძიებას ეხება. გოგლა ჟვანია ამბობს: „მე ვესაუბრე მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობას და, როგორც აღმოჩნდა, ამ საქმის გახსნა მათი საქმიანობის უპირველესი პრიორიტეტია“. ამავე ინტერვიუში: „გამოძიება უახლოეს ვადებში დასრულდება. საუბარია თვეებზე, გამოძიება არ გაგრძელდება წლობით. საუბარია მხოლოდ რამდენიმე თვეზე“.

პროკურატურის შესახებ „ახალი თაობის“ დღევანდელ ნომერში სხვა მოსაზრებასაც მოისმენთ. ადვოკატი და უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი თვლის, რომ „ახალი მთავარი პროკურორის პირობებში პროკურატურა ცოტა მიუკარებელი გახდა. თუკი კბილაშვილის დროს გახსნილი იყო, ადამიანური და ასე შემდეგ, ახლა კვლავ ჩაიკეტა პროკურატურა და კვლავ აუღებელ ციხესიმაგრედ იქცა იმ თვალსაზრისით, რომ თუნდაც კონტაქტის დამყარებაა შეუძლებელი. არის შემთხვევები იმისიც, რომ რაღაცა შეთანხმებული გადაწყვეტილებები მთლად უკან თუ არ წაიღეს ახლებმა, შეაყოვნეს მათი განხორციელება. ზოგ შემთხვევაში უკანაც წაიღეს და ეს ძალიან სახიფათოა, თუნდაც, ნდობის შენარჩუნების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ამას ადეიშვილის დროინდელი პროკურატურაც კი არ აკეთებდა“.
XS
SM
MD
LG