Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 12 დეკემბერი


დღევანდელ პრესაში წაიკითხავთ პარლამენტში 11 დეკემბერს დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე. „ახალი თაობა“ წერს: „საქართველოს პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა, რომ საკანონმდებლო ორგანო კი არა, ნამდვილი ტატამია“.

„ალია“ წერს: „როგორც მოსალოდნელი იყო, „ნაციონალებმა“ ამ ყველაფერს სხვანაირი ინტერპრეტაცია მისცეს: პირველი - მათი თქმით, უმრავლესობას არ უნდოდა, რომ უმცირესობა 2014 წლის ბიუჯეტის განხილვას დასწრებოდა და მკაცრი შენიშვნები გამოეთქვა მილიარდიანი გარღვევის გამო; მეორე - უმრავლესობას არ სურს დაგმოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და ასეთი გამოსავალი მოძებნა; მესამე - ეს არის დაპირისპირების მცდელობა საქართველოს კუთხეებს შორის. მე პირადად არ მგონია, სოსო ჯაჭვლიანს ამ საკითხზე ამდენი ეფიქრა... რაც ის დეპუტატი გახდა, ამ განცხადების გაკეთებაზე ოცნებობდა და როგორც იქნა, გააკეთა. სხვათა შორის, აფრასიძეების ოჯახში გადარჩენილებთან ჯაჭვლიანს ძალინ კარგი ურთიერთობა აქვს და მან ერთგვარი ვალდებულებაც კი აიღო, რომ ამ საქმეს არ მოეშვება. ჩემთანაც არაერთხელ უთქვამს, ამ საქმის გამო ბარამიძე ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოსო“, - წერს „ალიას“ ავტორი.

„რეზონანსი“ წერს: „გუშინ დილით გალის პოლიციაში სოხუმელი ჩინოვნიკის ბრიფინგს ელოდებოდნენ. ბრიფინგზე გასაუქმებელი აფხაზური პასპორტების სიის გასაჯაროება უნდა მომხდარიყო. ასევე - გაუქმების მიზეზებზე უნდა ესაუბრათ. როგორც „რეზონანსისთვის“ გალელებისგან გახდა ცნობილი, ჯამში, 1400-ზე მეტი პასპორტი უქმდება“. „რეზონანსისთვის“ გალის ერთ-ერთ მცხოვრებს უთქვამს: „მათ [აფხაზებს] არ სურთ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობდნენო“.

„ახალი თაობა“ თვითმმართველობის კოდექსის პროექტზე მიმდინარე დისკუსიას ეხმაურება და მკითხველს „ქართული დასის“ ლიდერ ჯონდი ბაღათურიასთან ინტერვიუს სთავაზობს. ბაღათურია ამბობს: „პრემიერ-მინისტრი, როგორც ჩანს, არ უჭერდა მხარს იმ ნორმების შემოღებას, რომელსაც შესაძლოა გაეაქტიურებინა სეპარატისტულად განწყობილი ძალები. როგორც ჩანს, ასეც იყო, რადგან შეთანხმებაც აქეთკენ მიდის. ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრიც ამ აზრს ემხრობოდა და ეს მისასალმებელია. გულახდილად გეტყვით, მე პირადად პრემიერ-მინისტზე ასეთი წარმოდგენაც მაქვს. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ურთიერთობის ახალი ფორმები ყალიბდება“, - უთქვამს ჯონდი ბაღათურიას „ახალი თაობისთვის“.

„საქართველოს რესპუბლიკის“ ავტორი წერს: „ევროპა-ამერიკის პოლიტიკოსებს ვერ მოუნელებიათ, რომ არსებობს ერთიანი რუსეთი უმდიდრესი წიაღისეულით. დასავლეთის გეგმა მარტივია - რუსეთის მეზობლების გადაბირება - ხან ნატოში შეყვანის დაპირებით, ხან აღმოსავლეთის პარტნიორობით. ბოლო შეტევა სულ ახლახან განხორციელდა - უკრაინა, საქართველო, მოლდოვას მიმართულებით“.

„24 საათი“ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის 11 დეკემბერს არჩეულ პრეზიდენტზე წერს. სტატიის სათაურია „ახალი პრეზიდენტი - გაბRICHიძე“ - გვარში „რიჩ“ ინგლისური შრიფტით არის და სიტყვა „მდიდარს“ უსვამს ხაზს. არჩევნების შედეგით კმაყოფილი მიმომხილველი წერს: „საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძეა. პერსონა, რომელიც კალათბურთის და კალათბურთელების მეგობარია. უბრალოდ, ძალიან უშუალო და თავის საქმეში პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც მდიდარია. საკალათბურთო უბნის ახალი პრეზიდენტი მდიდარია სპორტული ნიუანსების ცოდნით. საკალათბურთო უბნის ახალი პრეზიდენტი მდიდარია თავისი ერთგული სამეგობრო წრით და გაბრიჩიძემ იცის, რომ ეს ერუდიცია და სამეგობრო კალათბურთის სიმდიდრესაც შეუწყობს ხელს“, - წერს „24 საათი“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG