Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 20 დეკემბერი


დღევანდელ პრესაში გაეცნობით არაერთ ვერსიას ვანო მერაბიშვილის მიერ 17 დეკემბერს სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული განცხადების მოტივაციაზე. გაზეთ „ვერსიის“ სტატიით დავიწყებ. სათაურია - „ვანოს ახალი პოლიტიკური ინტრიგა თუ მთავარი პროკურორის ჩავარდნილი სპეცოპერაცია?“. ავტორი, ერთი მხრივ, წერს: „წარმოუდგენელია, სპეცსამსახურის ისეთ გამოცდილ თანამშრომელს, როგორიც დღევანდელი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა და რომელსაც უამრავი საიდუმლო სპეცოპერაცია აქვს შესრულებული, ასეთი არაპროფესიონალიზმი გამოეჩინა და შეხვედრა ასე დაუდევრად დაეგეგმაო“, მეორე მხრივ, გაზეთი წერს, „თუ ვანო მაინც მართალია, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების ისეთივე უტიფრობასთან გვაქვს საქმე, ნაციონალების დროს რომ გვქონდა. მკაცრი ზომებია მისაღები!“ „ვერსიის“ ავტორი არ გამორიცხავს, რომ „საქმე გვქონდეს პოლიტიკური ინტრიგების დიდოსტატის მორიგ ავანტიურასთან“. „როგორც ჩანს, ვანო პრეზიდენტისგან დუმილის ნაცვლად გარკვეულ სამსახურს ითხოვს. რა სამსახურს, ეს ძალიან მალე გამოჩნდება, როცა მერაბიშვილის ინტრიგა ადრესატამდე მივა“.

მერაბიშვილის განცხადებაზე ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ეუბნება „ალიას“: „მერაბიშვილმა ამ განცხადებით სააკაშვილს გაუგზავა მესიჯი - იცოდე, თუ მიმატოვებ და გამემიჯნები, პროკურატურასთან ვითანამშრომლებ და ჩაგიშვებო. ძირითადად სამი თემაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან მერაბიშვილმა ორი გზავნილი გაუკეთა სააკაშვილს: ჟვანიას თემა და ანგარიშები. მესამე თემა, რომელიც სკანდალურია, გახლავთ იარაღით უკანონო ვაჭრობა და კეზერაშვილი. თქვენ ხედავთ, ამ საქმეზე რაც ხდება - ხალხი თავის ფეხით მიდის და ბარდება პოლიციას. მათ აქვთ შიში, რომ გააქრობენ“.

„რეზონანსი“ წერს, რომ „ტყეების ეროვნული სააგენტო ხე-ტყეს თავად მოჭრის და გაყიდის. „სატყეო პოლიტიკის“ ახალი დოკუმენტით, სააგენტოს დამოუკიდებლობა და უფლება-მოვალეობები იზრდება. გარდა ამისა, გაგრძელდება ლიცენზიანტი კომპანიების შემოწმება. უკვე შემოწმდა 9 კომპანია, რომელთა მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა“, - წერს „რეზონანსის“ ავტორი და დეპუტატ გია ცაგარეიშვილის ციტატა მოჰყავს, რომ ლიცენზიანტ კომპანიებს შორის არის „ადიგენის კომპანია „ტაო“, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბიძას, ლევან თუმანიშვილს ეკუთვნის““.

„გია ხუხაშვილი და ლაშა ნაცვლიშვილი, შესაძლოა, დააპატიმრონ“ - ამ სათაურით „ახალ თაობაში“ ქვეყნდება ინტერვიუ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორ ელისო კილაძესთან, რომელიც ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ პროკურატურას ლაშა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენება: „ძალიან კარგია, რომ ხუხაშვილისა და ნაცვლიშვილის ადგილი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში არ აღმოჩნდა. ახლა ვიცი, რომ დაწყებულია საქმის გამოძიება. ერთ-ერთი ეპიზოდი არის ჩემ მიერ მიცემული ჩვენება“.

„ყველა სიახლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ზურაბ ჟვანიას სიკვდილის საქმეზე ლაპარაკობს და დაკავებული კობა ხარშილაძის შესახებ ამბობს გოგა ხაინდრავა: „მაგის კისერზეა ზურას მკვლელობა. ეჭვი არ მეპარება, რომ ხარშილაძე ამ საქმის მონაწილეა და არ გამოვრიცხავ, სულის ჩამდგმელიც ეგ იყოს. ზურას მკვლელობის შემდეგ სწორედ მან ამოაცალა ჯიბიდან მიცვალებულს გასაღები, მერე წავიდა და ჟვანიას პირადი სეიფები, პრემიერ-მინისტრის კაბინეტშიც და ვაშლიჯვრის პარტიულ ოფისშიც, დააცარიელა“. ხაინდრავა იმასაც ამბობს, „გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ ჟვანიასა და უსუპოვის გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა არ ყოფილაო“.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის მიერ ძვირად ღირებული მანქანის შეძენის განზრახვა კვლავაც თემად რჩება. „ვერსიაში“ დეპუტატ მურმან დუმბაძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. დუმბაძე კახა კალაძის მიერ თანაპარტიელის საჯაროდ მხილებას აკრიტიკებს: „პარტია ადამიანთა გაერთიანებაა და როცა რამე ხდება, ის არ უნდა იყოს საჯარო. თუ საჯარო ხდება, ეს უკვე პარტიის დისკრედიტაციაა. არ ვიცავ ბერიძეს, მე ვიცავ კანონს. პასუხისმგებელი ვარ საქართველოს ბიუჯეტზე და შეხება არ მაქვს აჭარის ბიუჯეტთან, მაგრამ კარგად ვაკონტროლებ სიტუაციას და ვიცი, რომ დარჩა ნაშთი 180 ათასი ლარის ოდენობით. შესაბამისად, არავის საქმე არაა, ამ ნაშთს ადგილობრივი ხელისუფლება როგორ გამოიყენებს, ავტომობილს იყიდის თუ საწერ კალმებს“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG