Accessibility links

logo-print
დღევანდელ პრესაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს განვლილი წლის შეჯამება და პოლიტიკური პროგნოზები.

„რეზონანსი/მთელი კვირა“ 250 რესპონდენტს ტელეფონით გაესაუბრა და ჰკითხა, მეკვლედ რომელ პოლიტიკოსს ისურვებდნენ. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 40%-ისთვის პოლიტიკოსის მეკვლეობა კატეგორიულად მიუღებელია, დანარჩენების უმრავლესობას კი მეკვლედ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სურს.

„რეზონანსმა/მთელმა კვირამ“ პოლიტოლოგებს მომავალი წლის მთავარ გამოწვევებზე ჰკითხა. სოსო ცისკარიშვილს გაზეთისთვის უთქვამს: „ევროპასთან დაახლოება ძალიან მნიშვნელოვანია. რასაკვირველია, ეს უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი 2014 წელს, მაგრამ ჯიპებით ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი. დემოკრატია და ჯიპები სრულიად განსხვავებული ცნებებია. შესაძლოა, „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრისთვის ან წევრებისთვის ოცნება იყოს ჯიპები, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ქართული საზოგადოებისთვის ოცნება ევროპაა“.

„ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი მანანა ნაჭყებია „ახალ თაობას“ ეუბნება: „მოსახლეობას გაუჭირდა, ხელისუფლებამ კი ბევრად უკეთ დაიწყო ცხოვრება, ეს ერთ-ერთი სერიოზული ნეგატივია ამ ხელისუფლების“.

„ვერსია“ წერს: „დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა თუ ყველაფერი ივანიშვილთანაა შეთანხმებული, ძნელი სათქმელია, მაგრამ, როგორც კულუარებიდან გამოჟონა, 2014 წლის თებერვალში - მაქსიმუმ, მარტის ბოლოს - პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობას გადააყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მინისტრთა ახალ კაბინეტში ერთი ძველი სახეც ვერ მოხვდება“.
„ჩვენ ვნახეთ, ოპოზიცია როგორ გადაიქცა უცებ რაღაც ხარბ ჯგუფად. დაუკვირდით, ისინი გარეგნულადაც შეიცვალნენ“, - ეუბნება „კვირის ქრონიკას“ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე და განაგრძობს: „მე გვარებს აღარ დავასახელებ, თითოეულმა მინისტრმა ბოლო 7 თვის განმავლობაში 10 კილომდე მოიმატა“.

გენერალი თამაზ თამაზაშვილი „ასავალ-დასავლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საპარლამენტო უმცირესობის წევრ გივი თარგამაძეზე: „ვისზე ლაპარაკობს ეგ „ჩმორი“ და ბლუყუნა? შე გარეწარო, მთელი წელი ახსენებდით ჩემს სახელს და მე ვერაფერი მიპოვეს, მაგრამ შენ გიპოვნიან და ამოგიქექავენ ყველა იმ უბედურებას, რაც ჩაგიდენია, შე პედოფილო!“. ამავე ინტერვიუში თამაზაშვილი ჟვანიას სიკვდილის საქმეზე: „ხარშილაძე რომ აიყვანეს, ჟვანიას დაცვის უფროსი, მაგიტომ არიან დაფეთებულები ეგ „ჩმორები“ და წივიან გველივით“.

„ასავალ-დასავალშივე“ ყოფილ პატიმარ სულხან მოლაშვილთან ინტერვიუც ქვეყნდება: „პატიმართა უმრავლესობას ისეთი საშინელებები გვაქვს გადატანილი, რომ დღეს ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე შეუძლებელია სიმწრით არ გაგეღიმოს“, - მერაბიშვილის მიერ ციხიდან გაყვანის შესახებ განცხადებაზე ამბობს მოლაშვილი „ასავალ-დასავლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ვანო მერაბიშვილთან ინტერვიუს „კვირის პალიტრაში“ წაიკითხავთ (გაზეთს ციხეში გაუგზავნია მისთვის შეკითხვები). ის ციხიდან გაყვანისა და მთავარ პროკურორთან საუბრის ეპიზოდს განავრცობს: „შეხვედრისას გულახდილად ვურჩიე მთავარ პროკურორს არ გაემეორებინა წინამორბედის შეცდომა და არ გაეზარდა საზოგადოებაში ზურაბ ჟვანიას საქმის გახსნის მოლოდინი. მეტიც, ვურჩიე, რაც მალე აღიარებენ არსებული გამოძიების შედეგებს, მით უკეთესი იქნება ახალი მთავრობისთვის. ჩემმა წინადადებამ გულახდილად გააკვირვა პროკურორი, მე კი მისმა რეაქციამ...“.

ამავე გაზეთში გიგი უგულავასთან ინტერვიუსაც წაიკითხავთ. ჟურნალისტი შესავალში შენიშნავს, „სანამ მყარად იჯდა სავარძელში, ინტერვიუზე არ გვთანხმდებოდაო“. ამ ინტერვიუში უგულავა ამბობს, რომ გირაოს გადასახდელად სახლი უნდა დააგირაოს. ის ლაპარაკობს აგრეთვე მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეზე: „თუ ფარცხალაძე ჩვენ დროს თანამდებობაზე იყო, ცუდია, თუმცა ბავშვური გულუბრყვილობაა, შევადაროთ ოპერთანამშრომელი ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი გენერალური პროკურორის პოზიციას“. გიგი უგულავა ინტერვიუს დასასრულს ბიძინა ივანიშვილზე ამბობს, „“ფოკუსნიკები“ ადრე თუ გვიან საკუთარ ფოკუსებში იხლართებიან და მაგასაც ეგ მოუვაო“.
XS
SM
MD
LG