Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 17 იანვარი


Georgia -- Georgian newspapers. undated
Georgia -- Georgian newspapers. undated
დღევანდელი პრესა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 16 იანვრის პრესკონფერენციას ეხმაურება და სხვადასხვა თემაზე ამახვილებს ყურადღებას. „ალია“ წერს: „ირაკლი ღარიბაშვილი უკვე ისეთ მოვლენებს აანონსებს, შეიძლება „ნაციონალებს“ ცოტა ხანში დედა აღარ ჰყავდეთ საერთოდ. კაცი პირდაპირ აცხადებს, მე „ნაციონალებთან ლაპარაკს საერთოდ აღარ ვაპირებ და არც მათი აზრი მაინტერესებს, ოპონენტებად არ მივიჩნევო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კეზერაშვილთან დაკავშირებულ სკანდალს ბევრი მიჰყვება უკან. თუკი კეზერაშვილი „ნაცმოძრაობას“ „შავი ფულით“ აფინანსებდა, მაშინ ეს პარტია საერთოდ უნდა აიკრძალოს, როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაცია“. „ალია“ მკითხველის ყურადღებას მიაპყრობს უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანებთან დაკავშირებით ღარიბაშვილის განცხადებას, „ახლო მომავალში რამდენიმე საქმეს აეხდება ფარდაო“.

მომავალი მთავარი პროკურორის ვინაობის მიმართ ინტერესი არ ნელდება. ადვოკატი და უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი მთავარი პროკურორის დასახელების გაჭიანურების მიზეზს „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ასე ხსნის: „დღეს უწევს ხელისუფლებას ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელიც იქნება სინთეზი ფარცხალაძის აქტიურობისა და კბილაშვილის წესიერებისა და პატიოსანი რეპუტაციიის. ასე რომ, პროკურატურა უნდა დარჩეს გაადამიანურებული და თან უნდა იყოს აქტიური და, კარგი გაგებით, აგრესიული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასეთი კადრი, როგორც ჩანს, ჯერ ვერ მოიძებნა, თორემ ისე, რასაკვირველია, გაჭიანურდა“.

„რეზონანსი“ წერს ლარის კურსის ვარდნაზე. სტატიის სათაურია - „ხალხში პანიკაა, ლარის შეჩერება ვერ ხერხდება!“. ავტორი წერს: „ექსპერტების განმარტებით, ლარის კურსის დაცემა ერთ-ერთი საშუალებაა საბიუჯეტო შემოსავლების ფორმირებისთვის. ხაზგასასმელია, რომ სხვა ეკონომისტების აზრითაც, ლარის გაუფასურება საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზებასაც ემსახურება. სხვათა შორის, „რეზონანსი“ ამის შესახებ ნოემბრის დასაწყისში წერდა, როცა კურსის დაცემის პირველი ნიშნები გამოჩნდა, თუმცა მაშინ ეს არგუმენტი რატომღაც სარწმუნოდ არავინ მიიჩნია. თითქმის 3 თვის გასვლის შემდეგ კი დასტურდება, რომ „რეზონანსის“ მოსაზრება სწორი აღმოჩნდა და ლარის ვარდნა ბიუჯეტში შემოსავლების ზრდას უკავშირდება“.

„რეზონანსშივე“ ქვეყნდება ინტერვიუ კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძესთან. მასთან საუბრის ერთი ნაწილი ეხება პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებას და უმრავლესობის წევრის იდეას - თბილისში მდებარე პარლამენტის შენობა ქუთაისის ბალანსზე გადავიდეს. ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ პარლამენტი თბილისში უნდა იყოს და განმარტავს: „უმრავლესობის ეს სვლა კარგად მესმის, თუმცა რამდენად სწორად იქნება ეს აღქმული და რამდენად ჯდება ეს სამართლებრივ ჩარჩოებში, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ამაზე მსჯელობა უნდა გაიმართოს. თუმცა მაინც მგონია, რომ პარლამენტის დედაქალაქში დასაბრუნებლად რაღაც სხვა მექანიზმი უნდა მოიძებნოს. ყველაზე საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ უმრავლესობა მოახერხებს უმცირესობის დათანხმებას, რათა კონსტიტუციაში ჩაიწეროს ეს, თუნდაც, ის, რომ პირდაპირი მითითება არ იყოს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისია. თუ ეს ვერ მოხერხდება, მაშინ ჯობს მოვიცადოთ ოთხი წელიწადი და ეს საკითხი გადავწყვიტოთ ისე, როგორც ამას კონსტიტუციაც და საღად მოაზროვნე საზოგადოებაც მოითხოვს“.

„საქართველოს რესპუბლიკის“ ფურცლებიდან ღია წერილით მიმართავს პრემიერ-მინისტრს მერაბ ბერძენიშვილი და შეახსენებს გასული წლის ბოლოს გამოქვეყნებულ ღია წერილს, რომელსაც დავით აღმაშენებლის ძეგლის დიღმიდან უწინდელ ადგილას, ქალაქის ცენტრში დასაბრუნებლად რამდენიმე ათეული საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი აწერდა ხელს: „არც ერთ ქვეყანაში არც ერთი ხელისუფლება მსგავს მოთხოვნას უპასუხოდ არ დატოვებდა. საზოგადოება განცვიფრებულია, რატომ დარჩა პასუხი დღემდე გაუცემელი და გაჩნდა ეჭვი იმისა, რომ ეს თქვენს სახელზე გამოგზავნილი წერილი არ მიგიღიათ ან არ მოგაწოდეს. იქნებ, აქაც მავანთა ხელი ურევია და ცდილობენ, ხელისუფლება და საზოგადოება ერთმანეთს დააცილონო“, მიმართავს ირაკლი ღარიბაშვილს მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი. ამავე ღია წერილში წაიკითხავთ: „ყველამ შეიგნოს და დასჯერდეს იმას, რომ საქართველო დიდი კულტურის ქვეყანაა, სადაც ცხოვრობენ ქრისტეს მცნების მიმდევარნი, მტკიცე ნების ვაჟკაცები, ღვთისნიერი დედები, სათნო ქალბატონები, გონიერი და ლაღი ახალგაზრდები. საქართველო არ დაუშვებს ტრადიციულ ქვეყანაში ერთსქესიანთა თავაშვებულ ქცევას! ეგღა გვაკლია, თბილისში მტკვარზე „ტივზე“ მოქეიფე ერთსქესიანთა ქორწილი ვნახოთ! ერთხელ და სამუდამოდ პარლამენტმა ხმამაღლა უნდა გამოხატოს ხალხის ნება და დაუსვას წერტილი ამ პრიმიტიულ შთაგონებებს“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG