Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 21 იანვარი


დღევანდელი „რეზონანსი“ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პოტენციურ საფრთხეებს უძღვნის სტატიას, სათაურით „ბრძოლა საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ“. ავტორი წერს: „საქართველოში ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტროვის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში მოქმედებენ ძალები, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ხელისუფლებისთვის უცნობია, თუ რა ძალებს გულისხმობდა დიმიტროვი, ოპოზიცია მის განცხადებას ეთანხმება და ამბობს, რომ არ არის გამორიცხული ამ ძალების უკან ხელისუფლების წარმომადგენლები იდგნენ, სპეციალისტები კი ამ ყველაფერში რუსეთის გავლენას ხედავენ და მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობენ“. გაზეთისთვის პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას საქართველოში ანტიდასავლურად მოაზროვნე ჯგუფების ყოფნაზე უთქვამს: „ჯერჯერობით ერთიანი ძალა არ არსებობს, მაგრამ დიმიტროვს შეგვიძლია დავეთანხმოთ იმაში, რომ ეს ჯგუფები ქართულ საზოგადოებაში ნამდვილად არსებობენ. შესაძლოა, ვერ არიან ძლიერები და აშკარა პოლიტიკაში არ არიან წარმოდგენილი, მაგრამ ცდილობენ ზეგავლენა პოლიტიკაზეც მოახდინონ“. „რეზონანსისთვისვე“ მიცემულ ინტერვიუში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში პროგრესის გარდა, „წელს გარკვეული პროგრესი ნატოს მიმართულებითაც იქნება“.

„ალია“ წერს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თურქეთში ვიზიტზე. „რა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს პრეზიდენტს თურქეთის ხელისუფლებამ“ - ასეა სტატია დასათაურებული. ავტორს უხვად მოჰყავს პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის კომენტარები. ცინცაძე ხაზს უსვამს ფაქტს, რომ საქართველოს პრეზიდენტს აეროპორტში არ დახვდა თურქი კოლეგა: „რა ფუნქციის მატარებელიც არის თურქეთის პრეზიდენტი, იგივე ფუნქციის მატარებელია საქართველოს პრეზიდენტი. ორივე უფლებაშეზღუდულია. ის, რომ პრეზიდენტს პრეზიდენტი არ დახვდა, ეს არის ქვეყნის უპატივცემულობა“. ამავე ინტერვიუში სოსო ცინცაძე მსჯელობს იმაზეც, თუ რამდენად მართებული იყო პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტის თურქეთში დაგეგმვა: „ცხადია, თურქეთი ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანაა და საქართველოს, როგორც პარტნიორი ამ კუთხით, ესაჭიროება, თუმცა თურქეთი, რომელმაც დაიპყრო ნახევარი აჭარა და ტოტალური გათურქება მიდის, არ შეიძლება ჩაითვალოს კეთილსინდისიერ პარტნიორად“.

„ახალი თაობა“ ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერ კახა კუკავასთან. ის, პოლიტიკური საკითხების გარდა, ეკონომიკასაც ეხება და აცხადებს: „მე მარტივად მინდა გითხრათ, რაც პირადად ვიცი და რასთანაც პირადად მაქვს შეხება - რომ საქართველოში ინვესტიციები არ შემოვა მანამდე, ვიდრე საქართველოს არ ეყოლება არაკორუმპირებული მთავრობა. ინვესტორებს დღეს საქართველოში არ უშვებენ და ეს ბარიერები შექმნილი არის „ქართული ოცნების“ ოლიგარქიიის მიერ“. - ამავე ინტერვიუში კუკავა აგრეთვე ამბობს: „შემიძლია გითხრათ, რომ საწვავის მაფიას დღეს თავიდან ბოლომდე აკონტროლებენ ღარიბაშვილი, ხუხაშვილი და კალაძე და ისინი იყოფენ იმ ფულს, რომელსაც ადრე „ნაციონალური მოძრაობა“ იყოფდა და ამის დამადასტურებელ დოკუმენტებს ჩვენ უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნებთ“.

„საქართველოს რესპუბლიკაში“ ქვეყნდება პროფესორ მერაბ ჯიბლაძის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტისადმი. წერილის სათაურია: „გადავარჩინოთ ჩვენი ერის ერთ დროს მაღალი ინტელექტუალური დონე“. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი მერაბ ჯიბლაძე საქართველოს განათლების სისტემაში არსებულ მწვავე პრობლემებზე წერს, მათ შორის, მაღალი დონის მასწავლებლებისა და სახელმძღვანელოების ნაკლებობაზე: „მართალია, მაღალი დონის მასწავლებელთა ნაკლებობას ევროპისა და ამერიკის მრავალი ქვეყანა განიცდის, მაგრამ ისინი ამ ნაკლს ნაწილობრივ მაღალი დონის სახელმძღვანელოებით ავსებენ, ჩვენთან კი არა მარტო უმაღლესი სკოლა, არამედ საჯარო სკოლაც კი არაა უზრუნველყოფილი საშუალო დონის სახელმძღვანელოებით. ამიტომ სტუდენტობა ძირითადად კონსპექტის ამარა რჩება“, - წერს მერაბ ჯიბლაძე, რომლის აზრითაც, განათლების სფეროს დახვეწაში გადამწყვეტი როლი სახელმწიფოს ენიჭება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG