Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 6 თებერვალი


საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების საჭიროებას ეხება ინტერვიუ „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერ ლევან ვეფხვაძესთან: „ყველაფრის მერე, მე და დავით ბერძენიშვილი და კიდევ სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც დღეს კოალიციაში შედიან, ერთად დავსხდებით და მოვითხოვთ 50%-იან ბარიერს, შემდეგ ერთმანდატიანი უფლების გაუქმებას და ა.შ.. ამიტომ, ამ პარტიებს მოვუწოდებ, რომ კარგად დაფიქრდნენ, რას აკეთებენ, რადგან ხვალ ყველაფერი წინ დახვდებათ. საბოლოოდ, როცა კოალიცია დაიშლება, საჭირო გახდება, რომ ახალი გუნდი შეიქმნას. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი შემოდგომაზე გამწვავდება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასაც არ გამოვრიცხავ“, - ეუბნება „რეზონანსს“ ლევან ვეფხვაძე.

გაზეთი „პრემიერი“ დავით კეზერაშვილის შესახებ წერს: „“პრემიერის“ კონფიდენციალური წყაროების თქმით, კეზერაშვილის განთავისუფლება „ოცნების“ იმ ფრთისთვის, რომელიც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვად ითვლება, სრული მოულოდნელობა იყო, რადგან თავის დროზე, როცა კეზერაშვილი ფრანგულმა მხარემ საქართველოს მოთხოვნით დააკავა, მთავარი პროკურატურის იმდროინდელი „სტაფი“ თურმე ირწმუნებოდა, ფრანგებს ისეთი მტკიცებულებები გადავეცით, რომ კეზერაშვილმა ხელი შეიძლება სამუდამო პატიმრობასაც გამოჰკრასო. „კეზერაშვილის საქმე თავიდანვე გაყიდული იყო“, - ეჭვობს „პრემიერის“ ინფორმატორი და იმ სავარაუდო სქემაზე საუბრობს, რომლითაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმის „გალაითება“ მოხდა“, - ამ სქემას გაზეთ „პრემიერში“ გაეცნობით.

„„გრინფისის“ მხარდამჭერთა ჯგუფის“ თავმჯდომარე ლაშა ჩხარტიშვილი ხუდონჰესის პროექტზე ეუბნება „ალიას“ კორესპონდენტს, რომ მან პროკურატურას ენერგეტიკის სფეროში კახა კალაძის ინტერესების შესახებ „მიუთითა“: „კორუფციულ ინტერესებში როცა ადამიანს ბრალს სდებ, ეს უნდა გახდეს მოკვლევის საფუძველი. მე არც ერთი ხელისუფლებისთვის არ დამითმია, 9-ჯერ დამიჭირეს და ტვინის შერყევები მქონდა, მაგრამ მაინც არ დამითმია ქვეყნის ინტერესები. არც ახლა ვაპირებ „ქართული ოცნებისთვის“ რამის შერჩენას. როცა ჩემი ქვეყნის ბუნებასა და მის კულტურულ მემკვიდრეობას ეხება საქმე, მე შეუვალი ვარ“.

„ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტ სოსო ცისკარიშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება „ახალ თაობაში“. ჟურნალისტი მას ბიძინა ივანიშვილის მიერ 4 თებერვალს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე პატრიარქის შესახებ განცხადების კომენტირებას სთხოვს: „დარწმუნებული ვარ, რომ თბილი პირადი ურთიერთობები ბატონი ბიძინასი და საქართველოს პატრიარქის შენარჩუნდება. რაც არ უნდა გულმხურვალე ათეისტი იყოს ადამიანი, თუ ის ისეთ წვლილს შეიტანს ქართული მართლმადიდებლობის აღორძინებასა და განვითარებაში, როგორიც გააჩნია ბატონ ივანიშვილს, თვისი უზარმაზარი მხარდაჭერით, მშენებლობების, განახლების, რესტავრაციის ჩვენი ეკლესიების, ვფიქრობ, რომ ამაზე დიდი ღვაწლი, რაც ივანიშვილს გააჩნია ქართული მართლმადიდებლობის წინაშე, წარმოუდგენელია“.

გაზეთი „ბათუმელები“ წერს ბათუმის „პრესკაფეში“ გამართულ დისკუსიაზე, რომელიც ეკლესიას, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ეძღვნებოდა. შეხვედრის ერთ-ერთ მონაწილეს, რეჟისორ ოთარ ქათამაძეს, უთქვამს: „მეცნიერება ვითარდება, უკვე არ შეუძლია ეკლესიას მეცნიერებას ხელი შეუშალოს. ის ვითარდება იმიტომ, რომ კაცობრიობა წინ მიდის. ეკლესიამ უნდა მოძებნოს ამ განვითარებაში თავისი როლი და ის უნდა იყოს შემწყნარებელი, არა წამქეზებელი საზოგადოებაში. რატომ მეუბნება მე მღვდელი, თუ პატრიარქზე იტყვი ცუდს, მოკვდებიო?! პატრიარქის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ დღეს პატრიარქი, სამწუხაროდ, ვეღარ იღებს გადაწყვეტილებებს“. - ბათუმის “პრესკაფეში“ გამართული დისკუსიის დეტალებზე გაზეთი „ბათუმელები“ წერს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG