Accessibility links

logo-print

ამ დღეებში პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატურაზეც იმსჯელებს


25 ოქტომბერს, ახალი მთავრობის გარდა, საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, ახალი სახალხო დამცველის კანდიდატურაზეც იმსჯელებს, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ეს პოსტი იურიდიულად ჯერჯერობით ვაკანტური არ არის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ყოფილ სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს, თანამდებობიდან წასვლის თაობაზე პარლამენტში ოფიციალური განცხადება არ შეუტანია და, შესაბამისად, მისი გადადგომა არ გაფორმებულა.

იკავებს თუ არა გიორგი ტუღუში ერთდროულად ორ თანამდებობას და დაარღვია თუ არა მან საკანონმდებლო პროცედურა სახალხო დამცველობიდან სასჯელაღსრულების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ტრანსფორმირების პროცესში? როგორც თავად გიორგი ტუღუში აცხადებს, სახალხო დამცველის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მას წერილობითი განცხადება არ წარუდგენია, თუმცა გაკეთებული აქვს საჯარო განცხადება, რის საფუძველზეც, კანონის მიხედვით, ომბუდსმენის უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდა:

”გაკეთდა არაერთი საჯარო განცხადება როგორც მედიით, ასევე მე პირადად არაერთხელ განვაცხადე, რომ დავტოვე ომბუდსმენის პოსტი და დავთანხმდი მინისტრის თანამდებობას. ზუსტად იმ დღიდან სახალხო დამცველის მოვალეობას, სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, ასრულებდა და ასრულებს სახალხო დამცველის მაშინდელი მოადგილე ტატა ხუნწარია. კანონში, ორგანულ კანონში, არ არის მითითებული, რომ მე ვინმეს უნდა მივმართო ამ საკითხზე განცხადებით. მე ნებით, პირადი ნებით დავტოვე თანამდებობა, რაზეც საჯაროდ განვაცხადე.”
ანუ, ფაქტობრივად, ეს იყო ფორსმაჟორული სიტუაცია და, როგორც ჩანს, სხვა საშუალება არ იყო, გარდა იმისა, რომ ეს ვადები დარღვეულიყო ...

სასჯელაღსრულების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ტუღუში 2012 წლის 20 სექტემბერს დაინიშნა. შესაბამისად, ამ ეტაპზე უკვე დარღვეულად უნდა მივიჩნიოთ ომბუდსმენის შესახებ საქართველოს კანონის მეცხრე მუხლი, რომლის თანახმადაც, საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი საქართველოს ახალ სახალხო დამცველს ირჩევს მოქმედი სახალხო დამცველის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ კანონის ამ ნორმის დარღვევა იმ დროისათვის შექმნილი ფორსმაჟორული ვითარებით აიხსნება:

”მაგ პერიოდისთვის უკვე ყველა იყო აქტიურად ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. პარლამენტი, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებდა, პარლამენტის ძველ შენობაში დასაქმებული პირები უკვე აღარ იმყოფებოდნენ, რადგანაც მათ სთხოვეს, რომ დაეტოვებინათ შენობა. ჩვენ ვიცით, რომ იქ რაღაც გარკვეული სამუშაოები დაიწყო. ანუ, ფაქტობრივად, ეს იყო ფორსმაჟორული სიტუაცია და, როგორც ჩანს, სხვა საშუალება არ იყო, გარდა იმისა, რომ ეს ვადები დარღვეულიყო.”

ეკა გიგაურის აზრით, მთავარია პარლამენტმა გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს და სახალხო დამცველის პოსტზე ღირსეულ კანდიდატურას დაუჭიროს მხარი. მისი აზრით, ტექნიკური საკითხია ისიც, ვისი სახელით წარდგებიან კანდიდატები კენჭისყრაზე. საქმე ისაა, რომ სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საქართველს პრეზიდენტს, საპარლამენტო ფრაქციას და პარლამენტის წევრთა, სულ ცოტა, ექვსკაციან ჯგუფს.
”ხატისკაცი ძალიან მინდოდა ყოფილიყო „ქართული ოცნების“ კანდიდატი, როგორც საარჩევნო საქმეების ძალიან დიდი სპეციალისტი, დაგვხმარებოდა არჩევნებთან დაკავშირებით ...

საქართველოს პარლამენტი ახალი სახალხო დამცველის კანდიდატურაზე მსჯელობას, სავარაუდოდ, 24 ოქტომბერს დაიწყებს. კანდიდატები არიან ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრი თამარ გურჩიანი, ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია, ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გელა ნიკოლაიშვილი, ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე და საარჩევნო საკითხების ექსპერტი ნინა ხატისკაცი - ეს უკანასკნელი, გავრცელებული ინფორმაციით, კოალიცია ”ქართული ოცნების” სახელით, რაც ჩვენთან საუბარში უარყო სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა:

”ხატისკაცი ძალიან მინდოდა ყოფილიყო „ქართული ოცნების“ კანდიდატი, როგორც საარჩევნო საქმეების ძალიან დიდი სპეციალისტი, დაგვხმარებოდა არჩევნებთან დაკავშირებით, და კატეგორიული უარი მივიღე. მან თქვა, რომ ის არ აპირებს თავისი ცხოვრება დაუკავშიროს პოლიტიკას.”

სოზარ სუბარი ამ ცოტა ხნის წინ ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძესთან ერთად შეხვდა ომბუდსმენობის ზემოხსენებულ 4 კანდიდატს. მათ შორის არ იყო ნინა ხატისკაცი, რომლის გვარიც კანდიდატების კონტექსტში ამ დღეებში ახსენეს. თავად ნინა ხატისკაცს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა ამბობს, რომ თუ თამარ გურჩიანს პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს, იგი მის ოპონირებას არ შეეცდება. ნინა ხატისკაცმა გვითხრა ისიც, რომ მას სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატურის შესახებ სატელეფონო საუბარი ჰქონდა თავისი მხარდამჭერი სამოქალაქო სექტორისა და უმრავლესობის რამდენიმე წარმომადგენელთან. ნინა ხატისკაცი თბილისში არ იმყოფება. იგი 23 ოქტომბერს აპირებს დაბრუნებას, პარლამენტი კი ომბუდსმენობის კანდიდატურებზე მსჯელობას, სავარაუდოდ, კომიტეტების დონეზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გავრცელებული ცნობით, 24 ოქტომბრიდან შეუდგება.
XS
SM
MD
LG