Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 24 იანვარი


დღევანდელი პრესის მთავარი თემა ირაკლი ალასანიასთვის ვიცე-პრემიერის პოსტის ჩამორთმევაა. “რეზონანსი” – “ირაკლის “პატარა შეცდომა””, “24 საათი” – “ვიწრო წრიდან გასული შეცდომა”, “ახალი თაობა” – “ალასანიასა და ივანიშვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა” - ასეთია პირველი გვერდების სათაურები.

გაზეთების ავტორები თანმიმდევრულად წერენ საჯარო, გავრცელებულ ვერსიებსა და კომენტარებზე, თუმცა ცდილობენ განსხვავებული ვერსიებიც შესთავაზონ მკითხველს.

“ალია” წერს, რომ, მისი “წყაროს” ინფორმაციით, “პრემიერის განრისხება ავღანეთში კაპრალის გარდაცვალებასა და ალასანიას მარჯვენა ხელს, ირაკლი გეგეჭკორს უკავშირდება. როგორც “ალიამ” გაარკვია, ავღანეთში კაპრალის გაუჩინარება საეჭვო ვითარებაში მოხდა”. “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში კახა კახიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ირაკლი ალასანია “ივანიშვილმა პოლიტიკურად დააკნინა”.

“ახალი თაობა” წერს: “”ოცნებაში” დატრიალებულ ამბებს თითქმის ყველა რესპუბლიკელებს აბრალებს. ამ ამბავში რა წვლილი მიუძღვის რესპებს, ვერ გეტყვით, მაგრამ სადაც კი ეგენი არიან, ყველგან ინტრიგა ტრიალებს ხოლმე. ამჯერად ვარაუდობენ, რომ ალასანიას რესპები მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო აუმხედრდნენ”.

კიდევ ერთი თემა, რომელზეც დღეს რამდენიმე გაზეთი წერს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე 23 იანვარს მიღებული რეზოლუციაა. “რეზონანსი” წერს: “გუშინ საპარლამენტო ასამბლეამ, რუსეთის დელეგაციის ტრადიციად ქცეული წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს ომის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ მიიღო რეზოლუცია. ქართული დელეგაციის წევრებმა შეძლეს ერთობლივი პოზიციის შემუშავება, რამაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხის დოკუმენტში ასახვა განაპირობა”.

საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიორგი კანდელაკს უთქვამს “24 საათისთვის”: “”ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობა მოვახერხეთ. მინდა განსაკუთრებით ირაკლი ჩიქოვანი გამოვყო, რომელიც წინა რეზოლუციების დებულებების დაცვის საკითხში აქტიურობდაო”.

ისევ “ალიას” მივუბრუნდები, სადაც დღეს უშიშროების ყოფილ მინისტრ ვალერი ხაბურძანიასთან ინტერვიუ ქვეყნდება, სათაურით - “ვალერი ხაბურძანია “ალიასთან” 8-წლიან დუმილს არღვევს”. “პოლიტიკაში უკვე დავბრუნდი, რადგან “ალიასთან” დავარღვიე დუმილი. ვნახოთ მოვლენების განვითარება, ბევრს აქეთ შეიძლება შევთავაზო რაღაცები”, - აცხადებს დღეს ხაბურძანია, რომელიც, მისივე თქმით, დღეს ერთ-ერთი უძლიერესი სააქციო ფინანსური კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტია: “ჩემს ფუქნციებში შედის რუსეთის სამართალდამცავ და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა”. ამავე ინტერვიუში ვალერი ხაბურძანია ჰყვება, რომ გათავისუფლებიდან 7 წელი საქართველოში იყო, ჰქონდა დაცვის სამსახური და საადვოკატო ბიურო. ჟურნალისტის შეკითხვაზე: “- პუტინი თქვენი მეგობარია?”, ვალერი ხაბურძანია პასუხობს: “- მე რუსეთის პრეზიდენტთან მის მოსასვენებელ ოთახში ვიწრო სამკაციან მეგობრულ ვახშამზე სადღეგრძელოც მითქვამს და უარიც მითქვამს ხალხთა მეგობრობის ორდენზე. სამწუხაროდ, მაშინაც კი თანხმობას სამშობლოში ვერ გამიგებდნენ. ერთი რამ შემიძლია ვთქვა - ბევრი იბრალებს ვლადიმერ პუტინთან მეგობრობას. მე მის მეგობრებში არც ერთ ქართველს არ ვიცნობ. თუმცა პუტინის უახლოეს მეგობრებში არიან ისეთები, ვისაც ქართველი მეგობრები ჰყავთ”, - აცხადებს ვალერი ხაბურძანია “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG