Accessibility links

“სახალხო დამცველი პარლამენტს უფლებების გაზრდას სთხოვს” - ამ სათაურით სახალხო დამცველთან ინტერვიუს წაიკითხავთ “რეზონანსში”. კერძოდ, რა უფლებების გაზრდაზეა ლაპარაკი, უჩა ნანუაშვილი განმარტავს: “ჩვენ არ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ ან რამე სახით ჩავერიოთ კერძო ურთიერთობებში. ასევე, როცა სახალხო დამცველი წარადგენს თავის ანგარიშს, წარმოდგენილი იქნება დარღვევები, დოკუმენტაციით დასაბუთებული, ამაზე პროკურატურამ ავტომატურად უნდა დაიწყოს გამოძიება. რამდენიმე წლის წინ სახალხო დამცველის აპარატს უფლება ჰქონდა მოეხდინა სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის გადასინჯვა და ამ მექანიზმით არაერთი ადამიანი გათავისუფლებულა”.

“რეზონანსში” საგადასახადო ომბუდსმენის უფლებების გაზრდის საჭიროებაზეც წაიკითხავთ გიორგი გახარიასთან ინტერვიუში. აქ სწრაფი რეაგირების უფლების მინიჭება იგულისხმება.

“რეზონანსი” დღეს აქვეყნებს ინტერვიუს გვანცა ყუფარაძესთან, რომელსაც განზრახ მკვლელობის გამო 2007 წელს 10 წლიანი სასჯელი შეეფარდა, 5 წელი ციხეში გაატარა, არასდროს უღიარებია ბრალი და დღეს, უკვე ამნისტირებული, აცხადებს: “ჩემთვის მთავარია ბრალის საკითხის განხილვა და არა მსჯავრის საკითხის”. გვანცა ყუფარაძეს არ სურს ამნისტირებულის სტატუსი ჰქონდეს და განაჩენის გადახედვის მექანიზმის ამუშავების იმედი აქვს.

“ალია” უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეზე დაყრდნობით წერს, რომ გეგუთის კოლონიასა და მე-16 დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობენ. თავად კაკაბაძე “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში ვერ აზუსტებს შიმშილობის მიზეზებს - “თუ შემიშვებენ, დეტალებზე მერე ვისაუბრებო”. ნანა კაკაბაძის აზრით, “ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც არის პენიტენციურ სისტემაში, არის ის, რომ ციხეში არ არის დამოუკიდებელი მეთვალყურე. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ეჭვი თუ სინამდვილე შეიძლება გავრცელდეს საზოგადოებაში და, სამწუხაროდ, ამის გადამოწმების საშუალება არ არსებობს”.
19 აპრილს თბილისში დაგეგმილი აქციის თემა განიხილება დღევანდელ პრესაში. “ალიას” “სახალხო კრების” წევრი ლაშა ამირეჯიბი ეუბნება: “მე მოვუწოდებ ხალხს, არ მივიდეს, რადგან იგეგმება ძალიან ცუდი პროვოკაცია, აუცილებლად გავარდება ტყვია. საგანგებოდ ვაფრთხილებ გია ბარამიძეს, რომელიც იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ახლა არის ვიცე-სპიკერი, რომელმაც ამოხოცა აფრასიძეები... მე ვაფრთხილებ, შეიძლება მაგას მოხვდეს ტყვია კეფაში ან შუბლში”.

“ახალ თაობას” 19 აპრილისთვის დაანონსებული აქციის მიზნებზე ესაუბრება “საქართველოს ლეგიონის” თავმჯდომარე მალხაზ თოფურია: “ნაციონალების” ყველაზე დიდი სურვილია, რომ ეს აქცია ვინმემ დაარბიოს. ვეჭვობ, რომ მათი აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ნაციონალებს ამის მოსაწყობად რესურსი არა აქვთ”.

ისევ “ალიას” მივუბრუნდები, სადაც პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ დღეს ბევრი ადამიანის უკმაყოფილებას “ნაციონალების” რეანიმაციის შიში აჩერებს: “ისინი თვლიან, რომ თუ რამე საწინააღმდეგო აზრი გამოთქვეს, მათი ხმის ამოღება “ნაციონალური მოძრაობის” წისქვილზე დაასხამს წყალს. ამიტომ, ფაქტობრივად, სააკაშვილი, როგორც “გრძელი” ფიგურა, ერთგვარად მეხამრიდის როლს ასრულებს ივანიშვილისთვის”.
XS
SM
MD
LG