Accessibility links

logo-print
"რეზონანსი" წერს, რომ "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივნად პოლიტოლოგ არმაზ ახვლედიანს ნიშნავენ. გაზეთის ინფორმაციით, მას კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატადაც განიხილავენ. "რეზონანსის" ავტორი წერს: "თუკი ამ ეტაპზე ივანიშვილი რეალურად ახვლედიანის კანდიდატურას განიხილავს და მას რესპუბლიკელებიც უჭერენ მხარს, ბოლო პერიოდში რესპუბლიკელების გავლენის გათვალისწინებით, დიდი შანსია, რომ არჩევანი სწორედ მასზე შეჩერდეს. ივანიშვილის მიერ დასახელებულ კრიტერიუმებს კი აშკარად აკმაყოფილებს. შეგახსენებთ, რომ, ივანიშვილის თქმით, კანდიდატად დასახელდება ის პირი, ვინც ყველაზე მეტად მოახერხებს არბიტრის როლის შესრულებას".

19 აპრილს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქციის მიმართ დამოკიდებულებაზე ესაუბრება "ახალ თაობას" ნანა კაკაბაძე, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის": "შეიძლება, ვიღაცას მოუნდეს კიდეც მივიდეს იქ და პირადად მოსთხოვოს პასუხი ზოგიერთ მათგანს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა ვქნათ ამ ეტაპზე. მოდით, ჩვენ საქმე ვაკეთოთ. მოდით, ჩვენ 14-ში ყველანი ერთად შევიკრიბოთ და სამართლებრივად მოვითხოვოთ ამ ადამიანების გასამართლება და სამართლიანობის აღდგენა. 14 აპრილს, ორ საათზე, სპორტის სასახლეში". ნანა კაკაბაძე თვლის, რომ 14 აპრილის ღონისძიებით "ქვეყანაში დაინახავენ ძალას - ძალას, რომელიც არის ანგარიშგასაწევი და დაინახავენ იმას, რომ ხალხი ასე მარტივად აღარასოდეს აღარ დათმობს თავის არჩევანს და თავის პოზიციებს".

"ალიას" 19 აპრილის აქციაზე, როგორც თავად ამბობს, "ნაციონალური მოძრაობის" გეგმებს უზიარებს პროფესორი ზურაბ გაგნიძე. ის ამბობს, რომ, მის მიერ მიღებული ინფორმაციით, 19 აპრილს "ნაციონალური მოძრაობა" პრემიერ-მინისტრობისა და პრეზიდენტობის კანდიდატებს დაასახელებს, პრემიერად - გიგი უგულავას, პრეზიდენტობის კანდიდატად კი - გიგი თევზაძეს.

"ალიას" პირველ გვერდზე სათაურია, კითხვა-ძახილის ნიშნით - "ბიძინა ივანიშვილის კორტეჟს აფეთქებდნენ?!". ეს არის ინტერვიუ მწერალ მერაბ შათირიშვილთან, რომელიც "ალიას" ეუბნება: "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ლაფანყურის ოპერაცია უკავშირდებოდა ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციას. ჩვენ გვახსოვს, მაშინ ივანიშვილს თელავში უნდა ჩაეტარებინა ფართომასშტაბიანი აქცია და ისიც გვახსოვს, რომ გადაიდო". ამავე ინტერვიუში რესპონდენტი ამბობს: "ჩანაფიქრი იყო ასეთი: როდესაც ბიძინა ივანიშვილის კორტეჟი გაივლიდა ტრასაზე, მაშინ აუტეხდნენ სროლას და მის მანქანას ააფეთქებდნენ", - ეუბნება მწერალი მერაბ შათირიშვილი "ალიას".

"საქართველოს რესპუბლიკის" მთავარი პუბლიკაციის სათაურია - "ასლან აბაშიძე მოსკოვიდან დაბრუნდა და ახალ მოძრაობას ქმნის". ავტორი დასაწყისშივე განმარტავს, რომ ეს არის ასლან აბაშიძე - უმცროსი, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის მრჩეველი და მასთან დაახლოებული იურისტი იყო. სტატიის თანახმად, ის თავის დროზეც მოსკოვიდან მიუწვევიათ აჭარაში, 2004 წლის შემდეგ კი აჭარაში აღარ გამოჩენილა. "ახლა გამოჩნდა და მისი გამოჩენა საზოგადოებასთან შეხვედრით აღინიშნა. მან განაცხადა, რომ აპირებს შექმნას სახალხო მოძრაობა "ღირსეული აჭარა ბიძინა ივანიშვილთან ერთად". "საქართველოს რესპუბლიკის" ავტორი აჭარაში ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად უკვე შექმნილ ორგანიზაციებზეც წერს და მათ შორის ასახელებს - "ბათუმელთა სათათბიროსა" და ორგანიზაციას - "ქართული ოცნება სამართლიანობისთვის - აჭარაში".

"24 საათი" ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პერსპექტივაზე წერს სტატიაში - "მინუს ზაზა": "ევროპის ჩემპიონატზე ზაზა ფაჩულიასთან ერთად ბევრ პრობლემას მოვაგვარებდით და ზაზას გარეშე ძნელი იქნება. სლოვენიაში საინტერესო, გამოცდილი და სწრაფი, ნორმალურად დაბალანსებული ნაკრებით ჩავდიოდით და ზაზას ტრავმის შემდეგ იგორ კოკოშკოვს ბევრი რამ გადასაწყობი აქვს. კოკოშკოვი კარგი მწვრთნელია და ფაჩულია ძალიან კარგი ცენტრია. კარგს და ძალიან კარგს შორის პატარა სხვაობაა. კოკოშკოვი მწვრთნელია და ფაჩულია - ლიდერი. კოკოშკოვი კარგი მეგობარია და ფაჩულია - ევროპაში ერთ-ერთი დომინანტი ცენტრი. თუ, რა თქმა უნდა, გასოლებს არ ჩავთვლით", - წერს "24 საათის" ავტორი.
XS
SM
MD
LG