Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 11 ივნისი


ამ კვირაში გამოვიდა ჟურნალი "ტაბულა". ივნისის ნომრის გარეკანზე ბექა მინდიაშვილის წერილის სათაურია გამოტანილი - "შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის აღლუმი". თემა 17 მაისის მოვლენებია. "ტაბულის" ახალ ნომერში წაიკითხავთ კახა ლომაიას წერილსაც - "ვოვას ოქროს თევზი". გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი ალეგორიას მიმართავს და რუსეთის პრეზიდენტის მიერ 2012 წლის 30 სექტემბერს ოქროს თევზისთვის საქართველოს შესახებ ნათქვამი ექვსი სურვილის შესახებ წერს: "ვოვას ყველა სურვილის გაგება ჯერჯერობით ვერ შევძელით. გპირდებით, რომ შემოდგომაზე ყველაფერს გამოვიკვლევ და მოგახსენებთ. მანამდე კი იმის განსჯა, შეუსრულა თუ არა ოქროს თევზმა ვოვას სურვილები, თქვენთვის მომინდვია, პატივცემულო მკითხველო", - მიმართავს "ტაბულის" მკითხველს კახა ლომაია. "ტაბულაშივე" გია ნოდია "ნაციონალური მოძრაობის" პერსპექტივას აანალიზებს: ""ნაცმო" თავს ვერ შეინარჩუნებს, თუ არ განვითარდა და წინ არ წავიდა. დაბრუნებული „ნაცმო" პრინციპულად სხვა უნდა იყოს".

დღევანდელ პრესაში გრძელდება მოსამართლეთა კონფერენციის შედეგების განხილვა. "მოსამართლეთა სამართალი" - ეს "რეზონანსის" მთავარი სტატიის სათაურია. გაზეთისთვის საპარლამენტო უმრავლესობის წევრ კობა დავითაშვილს უთქვამს, რომ მოსამართლეთა უმრავლესობაში "თვითმმართველობისკენ მისწრაფება" ვერ დაინახა: "მათ გადაწყვეტილება ისევ ხელმძღვანელობის ბრძანებით მიიღეს. ეს ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება შემდგომ სასამართლო რეფორმის აუცილებლობას აყენებს დღის წესრიგში და ხელისუფლებას ჩემს მოსაზრებებს წარვუდგენ", - განუცხადა დავითაშვილმა "რეზონანსს".

მოსამართლეთა კონფერენციის შედეგებზე "ალიას" მოსაზრებებს უზიარებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი: "კუბლაშვილსა და ივანიშვილს შორის, ჩემი აზრით, შეთანხმება მოხდა. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ვინც კონსტანტინეს აწყობდა, მხოლოდ ის გაიყვანეს იუსტიციის საბჭოში. ჩემი აზრით, ამ ხალხის საპირწონე იყო ვანო მერაბიშვილი, რომლის მიმართაც კუბლაშვილის სასამართლომ გამოიტანა ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც არ გამოუტანია სააკაშვილის არც ერთი დაკავებული ჩინოვნიკის მიმართ და აქედანაც ჩანს, რომ ადგილი ჰქონდა გარიგებას. ვანო ციხეში ხვდება, კუბლაშვილს კი თავისი ხალხი გაჰყავს იუსტიციის საბჭოში. ასეთი რამეები შემთხვევით არ ხდება", - "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში ზაზა ხატიაშვილი იმასაც ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრი არ მონაწილეობდა ამ გარიგებაში და ამიტომაც გააოცა ის კონფერენციის შედეგმა.

შესაძლო გარიგებაზე - ამჯერად საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში - ლაპარაკობს ირინა სარიშვილი, რომელთან ინტერვიუს "ახალი თაობა" ბეჭდავს. ის თვლის, რომ ნინო ბურჯანაძეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან წინასწარი მოლაპარაკების შემთხვევაში ექნება პრეზიდენტობის შანსი. ასეთი მოლაპარაკების ეჭვს კი, სარიშვილის აზრით, პრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელება აჩენს.

"ალიაში" კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილთან ვრცელი ინტერვიუ ქვეყნდება. ის აკრიტიკებს როგორც წინა, ისე ახლანდელ ხელისუფლებას და ამბობს: ""ნაციონალები" და ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ საერთო საფრთხეებზე ლაპარაკოდნენ, ცდილობენ ყურადღება გადაიტანონ ვიდეორგოლებზე და გარდაცვლილი მეომრების გარდაცვალების გამო პასუხისმგებლობა მოიხსნან".

"რეზონანსის" ბიზნესის განყოფილებაში წაიკითხავთ, რომ 2013 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წლის იმავე პერიოდისას ჩამორჩება. გაზეთისთვის აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძეს უთქვამს: "პირველი კვარტალი იყო ახალი ხელისუფლების საქმიანობის დასაწყისი. შესაბამისად, არავინ ელოდა, რომ ამ პერიოდში ქვეყანაში საინვესტიციო ბუმი იქნებოდა. 226 მილიონი დოლარი კარგი მაჩვენებელია".
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG