Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 13 ივნისი


დღევანდელი პრესა "უმაღლესი განათლების კანონში" ცვლილებების თემაზე წერს. "რეზონანსი": "თსუ-ზე კონტროლის შენარჩუნების "ნაციონალური გეგმა". ავტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გადადგომასა და იქ რექტორის არჩევნების დანიშვნაზე წერს. განათლების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილს "რეზონანსისთვის" უთქვამს: "ამ გადაწყვეტილების მიღების აზრს ვერ ვხედავ, რადგან უნდათ-არ უნდათ, კანონმდებლობა აუცილებლად შევა ძალაში და ნებისმიერ შემთხვევაში მოვალეობის შემსრულებლის წარდგენას მაინც მოახდენს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და დაამტკიცებს პრემიერ-მინისტრი".

"რეზონანსშივე": "3-5 მეტრიანი თხრილები ენგურის გაყოლებაზე". გაზეთის ინფორმაციით, "სამხრეთ ოსეთის მსგავსად, საოკუპაციო ხაზის გამაგრება აფხაზეთშიც მიმდინარეობს. აფხაზები მდინარე ენგურის გასწვრივ მიწათხრილებს ავლებენ". "რეზონანსი" შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროს დავით სუჯაშვილს დაუკავშირდა. ის აცხადებს: "ეს არის ძველი ტრანშეები და მას წმენდენ, თუმცა ადგილზე მყოფმა ჩვენმა უწყებებმა გვითხრეს, რომ საოკუპაციო ხაზი არ გადმოუწევიათ".

"ალიას" ბოლო დროს თალიბების სახელით გავრცელებულ ვიდეორგოლებზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მოსაზრებას უზიარებს მამუკა არეშიძე: "ჩემთვის, მაგალითად, თუ კვირისთვის არ გახდა ცნობილი ეს ყველაფერი, მაშინ გამიჩნდება ეჭვი... რომ ან ვერ იპოვეს პირი, ვინც ატვირთა, ან ეს იყო დღევანდელი სახელისუფლებო გუნდის რომელიმე წევრი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ასეთი ფორმით შეექმნა აჟიოტაჟი, აღმოაჩინეს ის და არ უნდათ მისი გამჟღავნება. თუმცა ამ ამბის ასეთ ფინალს მე ნამდვილად არ ველოდები. საქმეში "ეფბიაი" არის ჩართული და საქართველოს ხელისუფლება რომც ეცადოს კვალის დამალვას, ამას მაინც ვერ მოახერხებს".

ამავე თემაზე "ახალ თაობას" ეუბნება ნანა დევდარიანი: "ჩვენ მოდელირებულად გვაცხოვრეს 9 წელიწადი და ამ ხალხისგან ძალიან სასაცილოა დღეს რაღაცებზე საყვედურების მოსმენა. სადაც მოდელირებული ქრონიკა გააკეთეს და ომი გაითამაშეს, იქ ახლა ჯიჰადის გათამაშებას წინ არაფერი დაუდგებოდა.

"ნატო თუ რუსეთი?" - ასეა დასათაურებული ინტერვიუ პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან, რომელსაც "საქართველოს რესპუბლიკის" კორესპონდენტი ესაუბრა. სოსო ცინცაძე ამბობს: "დღეს ვამაყობთ იმით, რომ დასავლეთის გარდა ალტერნატივა არა გვაქვს. საკითხავია, რატომ არ გვაქვს?! ეს არ არის დიპლომატია. ვერც ერთ დიპლომატიურ სახელმძღვანელოში ვერ ნახავთ ქვეყანა ამბობდეს, ალტერნატივა არ მაქვსო. ყველა ამბობს, რომ ალტერნატივა აქვს, თუნდაც - მოჩვენებით. დღეს ვირტუალური ალტერნატივაა ჩვენთვის რუსული კურსი, მაგრამ მაინც ალტერნატივაა. ეს დიპლომატიაა - აუცილებელი კი არ არის დილით რაღაცას რომ იტყვი, საღამოს შეასრულო".

დასასრულ, კულტურაზე: "24 საათი" წერს, რომ 11 ივნისს ლონდონში პირველად შედგა თანამედროვე ქართული პიესის მიხედვით დადგმული თეატრალური წარმოდგენის პრემიერა: "ცნობილ "როიალ ქორთ" თეატრში ცნობილი ბრიტანელი მსახიობები ლაშა ბუღაძის პიესას თამაშობენ. ეს ბრიტანეთის საბჭოს ახალი დრამატურგიის განვითარების პროექტის უპრეცედენტო ფინალია". "24 საათის" თანახმად, ლაშა ბუღაძის პიესა "პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა" ბრიტანულმა თეატრმა პროექტის ფარგლებში შექმნილი 12 ნამუშევრიდან შეარჩია.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG