Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 14 აგვისტო


დღევანდელ პრესაში წინასაარჩევნო კამპანია, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და კოალიცია „ქართული ოცნების“ მომავალი განიხილება.

დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი ეუბნება „რეზონანსს“: „საუბარი კოალიციის გარდაცვალებაზე, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია, იმიტომ რომ ჩვენ ორი ფაქტორი გვადუღაბებს. ერთი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მეორე არის ის ვალდებულებები, რაც ჩვენ ერთად ავიღეთ. თუ არ იქნება ივანიშვილი და გაქარწყლდება ეს ვალდებულებები, მაშინ, რა თქმა უნდა, კოალიციის დაშლა შესაძლებელი იქნება“.

„რეზონანსშივე“ ინტერვიუ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან. მინისტრი აცხადებს: „პრეზიდენტი, რომელიც არჩევნების შემდეგ გვეყოლება, არაა საჭირო ქარიზმატული ლიდერი იყოს. ალბათ, ბევრი ვერ გაიხსენებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ან იტალიის თუ ავსტრიის პრეზიდენტებს, იმიტომ რომ მათ სულ სხვა ფუნქცია აქვთ. ასეთი პრეზიდენტი შექმნა ახალმა კონსტიტუციამ“.

„ახალი თაობის“ კორესპონდენტი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე „გლობალური კვლევების ცენტრის’ ხელმძღვანელ ნანა დევდარიანს ესაუბრა. დევდარიანი ამბობს: „რომ ამბობს ახლა ივანიშვილი, მარგველაშვილი არც ერთი პარტიის წევრი არ არისო, უფრო მეტი დემოკრატია და ევროპისთვის განსაცვიფრებელი დემოკრატია არ იქნებოდა, კი, სხვა პარტიის ლიდერია, მაგრამ აი, პრემიერ-მინისტრმა დაუჭირა მას მხარი. ეს იქნებოდა ყველაზე მომგებიანი. კოჰაბიტაცია უნდა შედგეს ნორმალურ პოლიტიკოსებს შორის, თორემ დამნაშავეებთან კოჰაბიტაცია არის სრული მარაზმი“.

ნინო ბურჯანაძეზე ლაპარაკობს „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე: „ვერ გავიგე, თუ ივანიშვილს პატივს სცემს, მაშინ მის მიერ დასახელებულ კანდიდატს რატომ უნდა ებრძოლოს?.. თუ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არ მოგწონს, მაშინ იმის სითამამეც უნდა გეყოს, თქვა, პრემიერ-მინისტრის კურსიც არასწორიაო... თუმცა ბურჯანაძეც კარგად ხვდება, რომ ასეთი სვლა არაპოპულარული იქნება მისთვის და ასეთი ტაქტიკა აირჩია“. ამავე ინტერვიუში მანანა კობახიძე აცხადებს: „როდესაც ქვეყანას ეყოლება ნორმალური პრეზიდენტი, რაღაც ავანტიურისტულ საქმეებზე გაგიჟებული კი არ იქნება, არამედ ითანამშრომლებს მთავრობასთან და გაიზიარებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კურსს, ეს გამოიწვევს ქვეყნის ჩაყენებას ნორმალურ კალაპოტში. დიახ, სწორედ ამის შემდეგ დაიწყება სამართლიანობის აღდგენა და ასევე განთავისუფლდება სასამართლო. ჩვენ ვერ ვახერხებთ მოსამართლეების გაშვებას იმის გამო, რომ დასავლეთი ძალიან დიდი ლუპით გვაკვირდება, თანაც იმ დროს, როცა ვილნიუსის სამიტი კარზეა მომდგარი“.

ზურაბ ხარატიშვილის გადადგომის ფაქტი არ კარგავს აქტუალურობას. კახა კახიშვილი ეუბნება „ალიას“: „სააკაშვილი შეგნებულად ისეთ პროცესს ჩაუყრის საფუძველს, რომ ეს არჩევნები ჩატარდება ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის საშუალებით“.

„ისე, ხარატიშვილი ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს თამაშობდა. მასზე დიდი გავლენა ჰქონდა სააკაშვილის პარტიას. სავარაუდოდ, ბევრი კომპრომატიც ექნებათ ხარატიშვილზე შეგროვილი“.

„საქართველოს რესპუბლიკის“ ავტორი მიმართავს ხელისუფლებას: „თქვენ ჭკუასა და სინდისზე მწყრალად ხომ არ ბრძანდებით, ჩვენო არჩეულო ბატონებო? შენდობა და მიტევება არც თქვენი საქმეა და არც ჩვენი. ვისაც შენდობა და მიტევება უნდა, ეკლესიაში მივიდეს, მღვდელს აღსარება ჩააბაროს და თუ მისატევებელია, იმან მიუტევოს. ჩვენს წინაშე კი ყველა დამნაშავემ, ერის მტერმა პასუხი უნდა აგოს. „ნაცმოძრაობა“ ისევე უნდა გასამართლდეს, როგორც ნაციზმი გასამართლდა ნიურნბერგში!“.

„24 საათი“ წერს: „თბილისის საკრებულოს წევრებს მერმა გიგი უგულავამ საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი წარუდგინა. პაკეტი გულისხმობს ბიუჯეტის კორექტირებას სხვადასხვა მიმართულებებით. ცვლილებების თანახმად, დაგეგმილია მუნიციპალური ტრანსპორტის, ავტობუსების პარკის განახლება, საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სახელოვნებო სკოლების კეთილმოწყობა და საჭირო ინვენტარით აღჭურვა. გიგი უგულავას განცხადებით, გაწერილი ღონისძიებების განსახორციელებლად ბიუჯეტის მოცულობა 17 მილიონი ლარით გაიზრდება და, მთლიანობაში, 740 მილიონი ლარით განისაზღვრება“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG