Accessibility links

logo-print
„ძალაუფლებაგამოცლილის რისხვა“, „მიზანმიმართული ტყუილი“ თუ რაღაც სხვა“ – ამ სათაურის სტატიით „რეზონანსი“ საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელ გამოსვლებს ეხმაურება. „ბოლო პერიოდში რამდენიმე ისეთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებით ნეგატიურ ინფორმაციას ავრცელებს, მთავრობას ბრალდებებს უყენებს. ამის საპასუხოდ კი, მთავრობის წარმომადგენლები პრეზიდენტს „მიზანმიმართულ სიცრუეში ადანაშაულებენ. პოლიტოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი შესაძლოა მართლაც არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას მთავრობის საქმიანობაზე ან შეგნებულად ამახინჯებს მას. სხვების აზრით კი, პრეზიდენტის გამოსვლები „ძალაუფლებაგამოცლილი პირის რისხვაა““, - წერს „რეზონანსი“.

„მიხეილ სააკაშვილი ოქტომბრის შემდეგ სპეციალურად ქმნის პრობლემებს როგორც საერთაშორისო პოლიტიკაში, ისე საშინაო საქმეებში. ახლა სულ რაღაც ერთი თვე აქვს დარჩენილი და გაბოროტებული კაცის პოზიციებიდან ლაპარაკობს. ჩემი აზრით, მისი გამოხტომები სერიოზულად არ უნდა შევაფასოთ“, - ეუბნება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე „ალიას“. ამავე ინტერვიუში ის თბილისის მერსა და თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტზე ამბობს: „გიგი უგულავა დარჩენილ დროს სათავისოდ იყენებს, თბილისში გაუყიდავი სკვერი აღარ დატოვა, ამ მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ეს პროექტიც მისცემდა საშუალებას ასეულობით ჰექტარი გაესხვისებინა გნებავთ უცხოელზე, გნებავთ შინაურზე...“.

„ახალ თაობაში“ სოსო ცისკარიშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის ფიქრობს, რომ „პოლიტიკური ძალა, რომელიც პირველი გადადგამს ნაბიჯს კოალიციის დაშლისკენ, უაღრესად წინდაუხედავად მოიქცევა, რადგან ასეთ შემთხვევაში ის მოისაკლისებს ძირითად კომპონენტს შედეგების შემქმნელებს შორის. ანუ სრულ იგნორირებას გაუწევს ასეთი ნაბიჯით საქართველოს მოსახლეობას, ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველს. ის არა მარტო რაიმე ახალ ნიშას დაიკავებს ქართულ პოლიტიკაში, არამედ უმალ ხალხის ზიზღით გაჯერდება მისი ყოველი ნაბიჯი იმ რეალობისთვის, რომელიც დაემუქრება საქართველოს პარლამენტარიზმს ამ ეტაპზე“.

„საქართველოს რესპუბლიკის“ კორესპონდენტი ნანა დევდარიანს ესაუბრა. ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს: „მინდა შეგახსენოთ, რომ ყველაზე გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდა 2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ დროს - არ არსებობდა დახურული სხდომა, არ არსებობდა გადაწყვეტილება, რომელიც მაშინ არ გამხდარიყო ცნობილი და მთელი პროცესი, ხმის დათვლაც და ა.შ. იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე. თუმცა ეს არ აღმოჩნდა დაზღვევა, რომ მერე არ გაცხადებულიყო არჩევნები გაყალბებულად და არ მომხდარიყო რევოლუცია. ამდენად, ცესკო კი არის დამოუკიდებელი ორგანო და მისი თავმჯდომარე შეიძლება ყველაფერს აკეთებდეს, რომ არჩევნები გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად ჩატარდეს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოიქცევიან ამ დღეს ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში, როგორ მოიქცევიან თვითონ კანდიდატები, როგორი ვითარება იქნება მედიაში“.

„24 საათის“ ავტორი საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და სპორტის მინისტრს შორის დაპირისპირებაზე წერს სტატიაში, სათაურით „ქართულად ოცნება“: „ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები სხვა თემაა. საქართველოს ნაკრების ევრობასკეტი სულ სხვა თემაა. და კალათბურთის განვითარების ამბები რეალურად ასევე სხვა თემა. ამ თემებს აერთიანებს ლევან ყიფიანი და ეს გაერთიანება, ქართულად, მეგობრების დასაქმების სურვილით, წინ ურიგო გასვლით ხდება“. ამავე სტატიაში წაიკითხავთ: „კალათბურთის ფედერაციას დაუმესიჯეს - თქვენი რეალობა ჩვენი ოცნებაა და უნდა დაისვენოთო. ფედერაცია მუშაობას აგრძელებდა, რომ ნაკრები და ნაკრების (მოხსნილ-დატოვებული) მწვრთნელები არ დაეღალა და ფედერაციამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სათქმელი თქვა. ფედერაციამ ბევრი პრიმიტიული ოპონენტი მიიღო. პრიმიტიული ოპოზიცია ქართული კულტურის ნაწილია - დაგმე უკეთესი და აღიარე უარესი. ასე ხომ უფრო ადვილია. კალათბურთის ფედერაციის და ლევან ყიფიანის ურთიერთობაშიც იგივე ფაქტორებია -მინისტრს არ უნდა პრეზიდენტად ბესიკ ლიპარტელიანი და მინისტრობს“.
XS
SM
MD
LG