Accessibility links

logo-print
„მავთულხლართების გაბმას ახალგორის მიმართულებითაც იწყებენ“, - წაიკითხავთ „რეზონანსის“ პირველ გვერდზე. ავტორი წერს: „სოფელ ოძისში, ახალგორის მახლობლად, რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების გასაბმელად ბოძები უკვე ჩასვეს. როგორც ადგილობრივებმა „რეზონანსს“ აცნობეს, მალე მავთულხლართების გაბმასაც დაიწყებენ. ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებენ, რომ მათი საძოვრები, სახნავ-სათესი მიწები და სასმელ-სარწყავი წყალი, რითაც 5 სოფელი მარაგდება, მავთულხლართების მიღმა რჩება“. - ოძისელ როსტომ შამანაურს „რეზონანსისთვის“ უთქვამს: „თუ რამე რეაქცია არ იქნა და მავთულხლართები გააბეს, ჩვენი მამაპაპური ტერიტორია მავთულხლართების მიღმა დარჩება. ახლა ჯერ ბოძებია ჩასმული და იქნებ მავთულხლართების გაბმა შეაჩერებინოს ვინმემ“.

„რეზონანსში“ „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელ მდივან მიხეილ მაჭავარიანთან ინტერვიუს წაიკითხავთ. ის აცხადებს, რომ უმრავლესობის მიერ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერად 40%-ის დაწესება უკან დახევა იქნება, რადგან, მაჭავარიანის თქმით, „კანონში წერია არა 30 ან 40, არამედ 50%“. ამავე ინტერვიუში მიხეილ მაჭავარიანი ადასტურებს, რომ „„ნაცმოძრაობაშიც“ არიან დეპუტატები, რომლებიც პარლამენტის თბილისში გადმოტანას მხარს უჭერენ, მაგრამ ეს ადამიანები პატივს სცემენ პარტიის უმრავლესობის გადაწყვეტილებას“.

„მე გადაჭარბებულ მნიშვნელობას არ მივანიჭებ ადგილობრივ არჩევნებს, თუმცა ხალხისთვის ეს იქნება სერიოზული გაკვეთილი“, ეუბნება „ახალ თაობას“ ნანა დევდარიანი, „გლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი. - „თუ პარლამენტი შორს არის, პრეზიდენტი შორს არის შენი სოფლიდან. ადგილობრივი გამგეობა და საკრებულო რომ არის ახლოს, სწორედ იმან უნდა გადაგიწყვიტოს ესა თუ ის პრობლემა. აქ საგარეო ორიენტირებზე და ასეთ მაღალ მატერიებზე ლაპარაკი არ უნდა იყოს. საქმის გამკეთებელი ადამიანები უნდა აირჩიონ“.

თავდაცვის მინისტრის მიმართ კითხვები აქვს სამხედრო-პოლიტიკურ ექსპერტ გიორგი თავდგირიძეს. მასთან ინტერვიუ „ახალ თაობაში“ ქვეყნდება: „ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული სამხედრო სტრატეგია. თავდაცვის სამინისტრომ ახალ წლამდე მომაწოდა ერთი სამუშაო ვარიანტი, რომელიც დავიწუნე. ახლა მეორე სამუშაო ვარიანტია გამოგზავნილი, მაგრამ თავდაცვის მინისტრს კვლავ ვუსვამ შეკითხვას - რა მოტივით აჩქარებს ის „სამხედრო სტრატეგიის შესახებ“ დოკუმენტის მიღებას, როცა ჯერ კიდევ არ არის შეცვლილი და მიღებული „უსაფრთხოების კონცეფცია“. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არის მთავარი დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც უნდა შემუშავდეს შემდგომი სტრატეგია“.

„ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს: „მარტო საბრალდებო სკამზე კი არ უნდა დავსვათ სააკაშვილი, არამედ ის ქონება, რომლის კანონიერებასაც ვერ დაასაბუთებს, უნდა ჩამოვართვათ. დღეს ვერანაირად ვერ დაამტკიცებს, რომ ეს ქონება კანონიერია. ამიტომ, სააკაშვილი ახლა ხაფანგშია. მე მაქვს სრული სია მისი ყველა ლეგალური შემოსავლის და თუ თქვა, არალეგალური შემოსავალი მქონდაო, ისიც უნდა ჩამოერთვას. მისთვის ქონების ჩამორთმევა გარდაუვალია“.

„ალიაშივე“ – „საქართველოს მოსახლეობის 12-13% პედერასტი და 10% ლესბოსელია?“ - ასეა დასათაურებული ინტერვიუ ორგანიზაცია „იდენტობის“ ხელმძღვანელ ირაკლი ვაჭარაძესთან, რომელიც ჟურნალისტის შეკითხვაზე - „გაქვთ ოფიციალური მონაცემები, რამდენი გეი გვყავს ქვეყანაში?“, პასუხობს: „მოდი, ასე ვთქვათ, ყველაზე კონსერვატიულ ქვეყნებშიც ჰყავთ საკმარისი რაოდენობა. რაც შეეხება საქართველოს, მათი რიცხვი 12-13%-ია. ყველაზე ცოტა, 100 კაცში 2 გეი და ერთი ლესბოსელია, ანუ ყველა მეათე არის გეი. ეს, რაც დეკლარირებულია, რადგან ზოგი მალავს ამას, ან ბისექსუალია“.
XS
SM
MD
LG