Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 15 აგვისტო


დღევანდელ “ყველა სიახლეში” ტყიბულში კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ელისო ჩაფიძესთან ინტერვიუ ქვეყნდება, სადაც ის მისი ლიკვიდაციის საფრთხეზე ლაპარაკობს: “ხელთ მაქვს მასალა, სადაც სპეცსამსახურების მიერ ჩემი ლიკვიდაციის გეგმაზეა ლაპარაკი. ეს მასალა უკვე გადავეცით რამდენიმე საელჩოს. სწორედ თავდაცვისთვის გადავწყვიტე, ინფორმაცია გამევრცელებინა. აგრეთვე, მინდა განვაცხადო, რომ მტკიცებულებები ტყიბულში არ ინახება და საიმედო, დაცულ ადგილას არის. ამას ვამბობ სპეცსამსახურების გასაგონად, ტყუილად რომ არ გაისარჯონ, არ დაიწყონ ქექვა და ხალხის დაწიოკება”. ელისო ჩაფიძე “მიხეილ სააკაშვილს და ძმებ კუბლაშვილებს” აკისრებს პასუხისმგებლობას მომავალში მისი, მისი ოჯახის წევრის ან რომელიმე მხარდამჭერის “თმის ერთი ღერის” ჩამოვარდნაზეც კი.

“ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს შესაძლებლობა, რომ მოსახლეობას მიაწვდინოს თავისი აზრი. ეს კი განსაკუთრებით ახლა არის შესაძლებელი, რაც ამოქმედდა “მასთ ქერის” პრინციპი და მე ერთ-ერთი ვიყავი ამ პრინციპის შემოღების ინციატორი და მხარდამჭერი”, - ეს ნუგზარ წიკლაურის სიტყვებია. მასთან ინტერვიუ “რეზონანსში” ქვეყნდება.

“რეზონანსი” დღეს წერს შემთხვევებზე, როცა ზოგიერთი ოჯახის კუთვნილი საქონელი ოპოზიციის მიმართ მათი პატრონების პოლიტიკური სიმპათიების გამო არ აცრეს: “პედაგოგების, პოლიციელებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეების შემდეგ პოლიტიკური ნიშნით შინაური ცხოველების გამორჩევაც დაიწყო. თუ “ქართული ოცნების” აქტივისტი ხართ, თქვენი ძროხა აცრის გარეშე დარჩება და არ არის გამორიცხული, მომავალში ვერც ქათმის კვერცხი გაიტანოთ გასაყიდად”.

“მე ის პოლიტიკოსი ვარ, ვისაც, ბევრისგან განსხვავებით, გუნდი და პარტიები არასდროს შეუცვლია. ამიტომ სოციალურ ქსელებში რაღაცების ჯღაბნას იმათ მაინც დაანებონ თავი, ვინც ყველას კარზეა ნამყოფი, კომპარტიით დაწყებული, სააკაშვილის ხელისუფლებით დამთავრებული” - გიგი წერეთელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს ამას “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“ვერსია” წერს დღეს იმის შესახებაც, რომ “პროგრეს ბანკში” მოვლენების “ქართუ ბანკის” სცენარით განვითარების პერსპექტივაა. “ქართუ ბანკის” ხელმძღვანელი ნოდარ ჯავახიშვილი ესაუბრა ამ თემაზე “ვერსიის” კორესპონდენტს.

ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილება, არ მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, დღევანდელ გაზეთებშიც რჩება შეფასების საგნად. ნანა დევდარიანის სტატიაა “საქართველოს რესპუბლიკაში” – “ბურჯანაძის გამბიტი”. “წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, ბურჯანაძემ ეს პარტია ივანიშვილს მოუგო. 40-პროცენტიანი “გამარჯვების” შემთხვევაში, ივანიშვილის რეიტინგი მკვეთრად დაეცემა, მაშინ როცა ბურჯანაძე, არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმით, ამ შედეგის დადგომისთანავე გაცილებით უფრო მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება”, - წერს ნანა დევდარიანი და თვლის, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ნინო ბურჯანაძეს ბევრად უკეთესი საწყისი პირობები აქვს, ვიდრე “ქართული ოცნების” რომელიმე სუბიექტს.

“ახალი თაობა”. ინტერვიუ ნონა გაფრინდაშვილთან: “რაც შეგვეძლება, ჩვენ ყველანაირად გვერდში დავუდგებით. აქ ნაღდ ოპოზიციაზეა საუბარი და არა ყველაზე. ამ ნაღდში, პირველ რიგში, მოიაზრება „ქართული ოცნება“. ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას. ქალბატონმა ნინომაც აღნიშნა, რომ, მართალია, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ ამ არჩევნებში, მაგრამ ბრძოლას ვაგრძელებთ”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG