Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქვს თუ არა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ განგაშის საფუძველი


საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ფინანსურ შემოწმებას თავისუფალი მედიის შევიწროების საგანგაშო ფაქტად მიიჩნევს საპარლამენტო უმცირესობა, რომლის წარმომადგენლებიც 8 ნოემბერს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელებს შეხვდნენ. უმცირესობამ, რომელიც საპარლამენტო ცხოვრებას დროებით გამოეთიშა, ქუთაისიდან თბილისში დაბრუნების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შევიწროება დაასახელა. რა პასუხი აქვს ხელისუფლებას ოპონენტთა ბრალდებებზე და როგორ აფასებს პროცესებს სამოქალაქო საზოგადოება?

”შემოწმებაზე შევიდა საგადასახადო სამსახური და ყველას კარგად გვახსოვს, თუნდაც იმავე „რუსთავი 2“-ის მაგალითით, რა ამოცანას ემსახურება ასეთი ტიპის ფინანსური შემოწმებები ტელევიზიების წინააღმდეგ”, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ 7 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, როცა ის თანაგუნდელების საპარლამენტო ბოიკოტის მიზეზებს განმარტავდა. ხელისუფალთა მიზანმიმართულ პოლიტიკურ ზეწოლაზე ლაპარაკი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა 8 ნოემბერს უკვე თბილისში, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობაში გამართულ შეხვედრაზე განაგრძეს. მათ შორის იყო დეპუტატი დავით დარჩიაშვილიც:

”კეთდებოდა განცხადებები ახალი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან, განცხადებები, რომ ტელევიზია უნდა დაიხუროს, რომ საკადრო პოლიტიკაში ეს არ მოგვწონს - ის არ მოგვწონს, რომ პოლიტიზირებულობის გამოა საჭირო შემოწმება, რაც პირდაპირ მიუთითებს პოლიტიკურ კონტექსტზე.”
ეს რომ გუნდის წევრი იყო ჩვეულებრივად და ეს არ იყო საზოგადოებრივი ტელევიზია, ძალიან კარგად მოგეხსენებათ თითოეულ თქვენგანს ...
ბიძინა ივანიშვილი

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დახურვასთან დაკავშირებულ განცხადებებს მმართველ გუნდში ვერავინ იხსენებს, თუმცა მიკერძოებულობასთან დაკავშირებული ბრალდებები ხშირია და ამ კონტექსტისაა სწორედ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული კომენტარიც:

”ეს არის პირველი კონტროლი მაგათი და ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მათ რეალურად შეამოწმებენ. და ის აუდიტი, რაც მათ ამოწმებდა... და ეს რომ გუნდის წევრი იყო ჩვეულებრივად და ეს არ იყო საზოგადოებრივი ტელევიზია, ძალიან კარგად მოგეხსენებათ თითოეულ თქვენგანს და ტყუილად ცდილობს დღეს ჭანტურია წარმოაჩინოს განაწყენებულად თავი”.

საპარლამენტო უმცირესობამ თუ სხვა თანამოაზრეებმა განგაში მას შემდეგ ატეხეს, რაც 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე შემოსავლების სამსახურის ქმედებების საგანგაშო სიმპტომებზე ილაპარაკა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ. მაგალითად, მას მეტად საეჭვოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ არაგეგმიური რევიზიით შესვლა დაასწრო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და ეს მოხდა პირველად - გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ. იმისათვის, რომ პროცესი არ გასცდეს კანონიერების ფარგლებს, ჭანტურიას თქმით, იმართება შეხვედრები და ინფორმაცია სისტემატურად მიეწოდება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს.

შემოწმებას, რომელიც ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციას გულისხმობს, გეგმიურს უწოდებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. როგორც მან 7 ნოემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განმარტა, ”ამიერიდან საქართველოში არ იარსებებს არც ერთი პრივილეგირებული გადასახადის გადამხდელი, რომელსაც შემოსავლების სამსახური არ შეამოწმებს”. ხადურისთვის სრულიად ნათელია „საზოგადოებრივი მაუწყებლით“ დაინტერესების საფუძველიც:
ეს რომ იყოს ჩარევა სარედაქციო პოლიტიკაში, ეს რომ იყოს ჩარევა კონკრეტულად პროგრამის შინაარსში, ერთ-ერთი პირველი ვიქნებოდი, ვინც ამაზე ამოიღებდა ხმას ...
ზვიად ქორიძე

”2010 წლის ოქტომბრიდან დღემდე „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დააგროვა 3,8 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება, რაც არის კანონდარღვევა და რაც გვაძლევს სრულ საფუძველს, რომ განვახორციელოთ ჩვენი ექსკლუზიური უფლება და შევამოწმოთ, რამ გამოიწვია გადასახადის გადამხდელის მიერ ასეთი ოდენობის გადასახადის დამალვა.”

ფინანსთა მინისტრის მიერ დასახელებული საფუძველი არადამაჯერებლად გამოიყურება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მესვეურთათვის. თუმცა აგორებული საპროტესტო ტალღის ემოციებს არ იზიარებს ბევრი და მათ შორის არის მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე. მისთვის შემოწმების პროცესი არ იგივდება პოლიტიკურ კონტროლთან:

”ეს რომ იყოს ჩარევა სარედაქციო პოლიტიკაში, ეს რომ იყოს ჩარევა კონკრეტულად პროგრამის შინაარსში, ერთ-ერთი პირველი ვიქნებოდი, ვინც ამაზე ამოიღებდა ხმას, მაგრამ აქ არის საუბარი საბიუჯეტო თანხების განკარგვაზე.”

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შემოწმების შედეგებს, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, დიდი ინტერესით ელოდება ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც”. როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, მათ მიერ შემოწმდა შემოსავლების სამსახურის ქმედებების კანონიერება და პროცედურული ნორმები, რამაც არანაირი ეჭვი არ გააჩინა.

”ამ ეტაპზე ვერ ვიტყოდი, რომ ზეწოლად შეიძლება იყოს ეს პროცესი აღქმული. ბიუჯეტის მიმართ არსებულ დავალიანებასთან დაკავშირებით ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, ისედაც ვთხოვდით ახალ ხელისუფლებას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შემოწმებას”, - ამბობს ნინო ლომჯარია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG