Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოიტანს მსხვილი კომპანიების ახლებური გაყიდვა?


აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საქართველოს მთავრობის მიერ დასახულმა გეგმებმა, რაც სახელმწიფო კომპანიების აქციათა საერთაშორისო ბირჟებზე განთავსებას გულისხმობს. საუბარია ისეთ მსხვილ ობიექტებზე, როგორიც არის, მაგალითად, საქართველოს რკინიგზა თუ ნავთობისა და გაზის კორპორაცია, რომელიც მაგისტრალურ გაზსადენს ფლობს. თუკი ეკონომიკის სფეროს ექსპერტთა ერთი ნაწილი ამგვარი პერსპექტივისგან მხოლოდ დადებით შედეგებს მოელის, მეორე ნაწილისთვის ეს პროცესი გარკვეულ ეჭვებსა და რისკებს უკავშირდება.

რადგანაც ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა, საქართველოს მთავრობაში განიხილავენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებმაც სახელმწიფო კომპანიებს ლონდონის, ვარშავის ან ნიუ-იორკის ბირჟებისკენ უნდა გაუხსნას გზა. პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 10 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე ჯერჯერობით მხოლოდ რკინიგზის, ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და ელექტროსისტემის აქციათა 15-20-25%-ის გასხვისების სურვილი გაამჟღავნა და ისიც აღნიშნა, რომ ამ პროცესიდან საკმაოდ მომხიბვლელი შედეგებია მოსალოდნელი:

”ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს დიდი რაოდენობის ახალი კაპიტალი მოვიზიდოთ ქვეყანაში და ასევე ეს გარკვეულწილად სტიმულს მისცემს კერძო კომპანიებს იგივე გააკეთონ და ლონდონის, ნიუ-იორკისა და ვარშავის ბირჟებიდან თანხები შემოიტანონ საქართველოში და ამან დამატებით ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას და დასაქმებას.”

პრემიერ-მინისტრის ამგვარი ოპტიმიზმის მიუხედავად, ექსპერტთა ერთი ნაწილი ბირჟებზე გასატანად გამიზნული მინორიტარული პაკეტებით დიდი ფულის მოზიდვას ნამდვილად არ მოელის. მაგალითად, ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილის აზრით, თუკი ვინმე დასახელებული მასშტაბის პაკეტებში ერთბაშად დიდ ფულს გადაიხდის, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ მყიდველს ბიზნესინტერესებზე მეტად პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს.

ექსპერტისთვის ნაკლებად სავარაუდოა, რომ საერთაშორისო ბირჟებზე საქართველოს შეთავაზებით სერიოზული ინვესტორები დაინტერესდნენ, მით უმეტეს, როდესაც გასაყიდად გამიზნული კომპანიების საქმიანობა გაუმჭვირვალეა ცივილიზებული ინვესტორისთვის. შესაბამისად, გია ხუხაშვილი გარკვეული ფარული გარიგების არსებობასაც ვარაუდობს:

”მე მაინც მგონია, რომ მთელი ეს ოპერაცია გამიზნულია კონკრეტულ გაპიროვნებულ მყიდველზე. ბირჟები ამ შემთხვევაში გამოყენებულია ფარული გადაქაჩვის მიზნით და არა იმისთვის, რომ მოზიდულ იქნეს კერძო ინვესტორი, რომელიც ბირჟაზე გააკეთებს გაუპიროვნებელ შესყიდვას. ”

მართალია, მთლიანობაში, პერსპექტივა არ ხიბლავს, მაგრამ გია ხუხაშვილის აზრით, თუკი საერთაშორისო ბირჟებზე კომპანიების აქციათა 25%-ზე ნაკლები გაიყიდება და სახელმწიფო შესაბამის კონტროლს შეინარჩუნებს, პანიკის საფუძველი არ არსებობს. მაგრამ თუკი, ასე ვთქვათ, მადა ჭამაში მოვა და დასახელებული კომპანიების გასაყიდი წილი თანდათან გაიზრდება, მაშინ ”შესაძლოა საქართველომ თავისი გეოპოლიტიკური ფუნქციაც კი დაკარგოს, რადგანაც ჩვენს სამეზობლოში არსებობს დიდი და არაჯანსაღი პოლიტიკური ინტერესები იმავე რკინიგზისა თუ მაგისტრალური გაზსადენის მისამართით.”

აქვე გავიხსენოთ, რომ საქართველოში უკვე კარგა ხანია არსებობს ჩრდილოეთ–სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის მთლიანად რუსეთის ხელში აღმოჩენის შიში და ეს შიში განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2010 წელს, როდესაც, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ეს ობიექტი ამოღებული იქნა არასაპრივატიზაციო სტრატეგიული ობიექტების სიიდან. იმავე წლის 6 ივლისს, პარლამენტის სხდომაზე, იმხანად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლაშა თორდიამ თქვა, რომ ”ამ ტიპის ობიექტები შესაძლებელია იყოს პრივატიზებული, მათ შორის - მთლიანი პაკეტითაც...”, თუმცა იქვე დასძინა, რომ პრემიერ-მინისტრი ასეთ პოზიციას არ იზიარებდა. თავად ნიკა გილაურმა იმხანად მართლაც არაერთხელ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფომ მაგისტრალური გაზსადენის აქციების 51% უნდა შეინარჩუნოს და მოსალოდნელია მხოლოდ აქციების გარკვეული წილის განთავსება ლონდონის ბირჟაზე.

როდესაც საქართველო ამა თუ იმ კომპანიის გარკვეული წილის გაყიდვას გადაწყვეტს, აქციების საერთაშორისო ბირჟებზე გატანა საუკეთესო გამოსავლად მიაჩნია დამოუკიდებელ კონსულტანტს ენერგეტიკის საკითხებში ლიანა ჯერვალიძეს. მისი აზრით, პირდაპირი მიყიდვის წესის ნაცვლად, აქციების საერთაშორისო ბირჟებზე გატანით საქართველო თავიდან აიშორებს დიდ პასუხისმგებლობას, რაც გეოპოლიტიკური ინტერესების შესაძლო კონფლიქტს უკავშირდება:

”ჩვენ ვიმყოფებით გეოპოლიტიკური ინტერესების გადაკვეთის წერტილში. ჩვენი ობიექტებით შეიძლება დაინტერესებული იყვნენ რუსები, აზერბაიჯანელები, როგორც დიდი ფულადი რესურსების მფლობელები ამჟამად, და შეიძლება დაინტერესდნენ სომხებიც, რადგანაც ისინი მთლიანად არიან დამოკიდებული რესურსების მიღების თვალსაზრისით ჩვენს პორტებზე. საერთაშორისო ბირჟებზე აქციების გატანის შემთხვევაში, გამტანი მხარე არ იღებს გადაწყვეტილებებს გეოპოლიტიკური ხასიათის კუთვნილების შესახებ.”

ლიანა ჯერვალიძე ექსპერტთა იმ წრის წარმომადგენელია, რომელიც სახელმწიფო კომპანიების აქციათა საერთაშორისო ბირჟებზე გატანას მთლიანად უჭერს მხარს და ამ პროცესში დადებით პერსპექტივებს ხედავს. ის თვლის, რომ აქციების ბირჟებზე განთავსებით გაიზრდება როგორც კონკრეტული კომპანიების, ისე საქართველოს ეკონომიკისა და ქვეყნის ცნობადობა, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზაჯვარედინისა და ეს ფონი სამომავლოდ შესაძლებელს გახდის უფრო სერიოზული კომპანიების დაინტერესებასა და მასშტაბური ფინანსური რესურსის მოზიდვას. თუმცა ექსპერტი ლაპარაკობს გარკვეულ რისკებზეც, რამდენადაც საერთაშორისო ბირჟებზე ფიზიკურად შეუძლებელია სახელმწიფო კომპანიების აქციათა მომავალი მფლობელის ვინაობის გაკონტროლება - აქციებს იყიდის ის, ვინც მეტ ფულს გადაიხდის.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG