Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია სახელმწიფო საწარმოების საკონტროლო პაკეტების საქართველოში დარჩენას მოითხოვს


გასული კვირის ბოლოს საზაფხულო შვებულებიდან დაბრუნებულმა დეპუტატებმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი ”საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე”. ცვლილებები შედის ”სახელმწიფო ქონების შესახებ” და ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონებში. როგორც კანონპროექტის შინაარსიდან ირკვევა, ცვლილებების შედეგად შესაძლებელი ხდება სახელმწიფო ქონების აქციებისა და წილების უცხოურ ბირჟებზე პრივატიზება. საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებამ ოპოზიციის ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი კანონში კონკრეტული გარანტიების ჩადებას მოითხოვენ.
ჩვენ არა ვართ დარწმუნებული, რომ სტრატეგიული ობიექტების მხოლოდ მცირე პაკეტი გაიყიდება...

მთავარი კითხვა და, ასე ვთქვათ, პრეტენზია ”სახელმწიფო ქონების შესახებ” და ”მეწარმეთა შესახებ” კანონებში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც აგვისტოს დასაწყისში მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ქვეყანაში დიდი რაოდენობით ახალი კაპიტალის მოზიდვის მიზნით სახელმწიფო საწარმოთა აქციების საერთაშორისო ბირჟებზე განთავსების შესახებ განცხადება გააკეთა. მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობა ლონდონის, ნიუ-იორკისა თუ ვარშავის ბირჟებზე აქციების 15-20-25%-ის განთავსების შესაძლებლობას ისეთ კომპანიებში განიხილავს, როგორიცაა, მაგალითად, რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ელექტროსისტემა და სხვა სახელმწიფო კომპანიები.

მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილმა თავისუფალმა დემოკრატებმა იმ წერილის ასლი წარუდგინეს ჟურნალისტებს, რომელიც ერთი თვის წინ ირაკლი ალასანიამ, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, პრემიერ-მინისტრს მისწერა, თუმცა, მათივე განცხადებით, ნიკა გილაურისაგან პასუხი ჯერაც არ მიუღიათ. მართალია, დავით ონოფრიშვილს, ”თავისუფალი დემოკრატების” ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეს, წერილის შინაარსი დეტალურად არ წაუკითხავს, მან იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც პარტიას ”სახელმწიფო ქონების შესახებ” და ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონებში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით პრობლემატურად მიაჩნია.
საჭიროა, რომ კანონმდებლობაში ჩაიდოს გარანტია იმისა, რომ სახელმწიფო სტრატეგიულ ობიექტებზე კონტროლს არ დაკარგავს...

”ჩვენ არა ვართ დარწმუნებული, რომ სტრატეგიული ობიექტების მხოლოდ მცირე პაკეტი გაიყიდება; ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ განხორციელდება ფარული პრივატიზება. საშიშროება ისაა, რომ სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდებით ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები არიან დაინტერესებულნი”, - ამბობს დავით ონოფრიშვილს.

კიდევ ერთი განცხადება, რომელიც ამჯერად უკვე საქართველოს პარლამენტში გაკეთდა, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასა და დეპუტატს გურამ ჩახვაძეს ეკუთვნის. მთავრობის ამგვარი საპრივატიზაციო პოლიტიკის შედეგად არსებობს რეალური საშიშროება, რომ საქართველომ დაკარგოს როგორც რეგიონალური მოთამაშის როლი, ასევე დამოუკიდებლობა, რადგან კარს ვუხსნით რუსეთის იმპერიულ პოლიტიკას ქართულ ეკონომიკაშიო, აცხადებს გურამ ჩახვაძე და მოუწოდებს მთავრობას საზოგადოების გვერდის ავლით არ განახორციელოს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების პრივატიზაცია. ის მთავრობისაგან კონკრეტულ გარანტიას მოითხოვს.
გურამ ჩახვაძე

”ჩვენ გვჭირდება გარანტია და დასაბუთება იმისა, თუ როგორ ფიქრობენ ისინი პრივატიზების განხორციელებას და ასევე საჭიროა, რომ კანონმდებლობაში ჩაიდოს გარანტია იმისა, რომ სახელმწიფო სტრატეგიულ ობიექტებზე კონტროლს არ დაკარგავს. მარტო სიტყვიერი დაპირებები, რა თქმა უნდა, იქნება უპასუხისმგებლო საქციელი როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე მთავრობის მხრიდან”, - ამბობს გურამ ჩახვაძე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ზურაბ მელიქიშვილის მტკიცებით, საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ წაადგება ქართულ ეკონომიკას. რაც შეეხება საკონტროლო პაკეტის მფლობელობასა და კანონში წერილობითი გარანტიების ჩადებას, ამბობს, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის პერიოდში სტრატეგიული ობიექტების საკონტროლო პაკეტი არ გასხვისდება.

”იმ ობიექტების საკონტროლო პაკეტი, რომელთა ხსენებასაც ჩვენი ოპონენტების მხრიდან ხშირად სპეკულაციური ხასიათი აქვს, მინდა გითხრათ, რომ მუდმივად საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება”, - ამბობს ზურაბ მელიქიშვილი.

სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ როდესაც საქმე ეხება ქონების სახელმწიფოს ხელიდან კერძო მფლობელობაში გადასვლას, ამ შემთხვევაში საკონტროლო პაკეტი კერძო კომპანიის ხელში უნდა აღმოჩნდეს. მისივე თქმით, არ არსებობს რაციონალური საფუძველი იმისა, რომ საწარმოების კერძო მფლობელობაში გადასვლა ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.
არ შეიძლება საწარმოს მიყიდვა სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანოზე ან სახელმწიფო ორგანოს მიერ მართულ სააგენტოზე...

”ნებისმიერი ქონება, რა ტიპის ქონებაც უნდა იყოს ის, მიუხედავად იმისა, მას სტრატეგიულს დავუძახებთ თუ ნაკლებ სტრატეგიულს, მას ბევრად უკეთ განკარგავს კერძო მეპატრონე. თბილისის ელექტრომომარაგება ”რაოესის” - რუსული კომპანიის - ხელშია. აგვისტოს ომის დროს ჩვენ 24-საათიანი ელექტრომომარაგება გვქონდა”, - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

ანალოგიური არგუმენტი მოჰყავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას "საქართველოს ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტს პაატა შეშელიძეს, თუმცა ის იმ ერთადერთ აკრძალვაზე საუბრობს, რომელიც კანონში უნდა ჩაიდოს.

”არ შეიძლება საწარმოს მიყიდვა სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანოზე ან სახელმწიფო ორგანოს მიერ მართულ სააგენტოზე”, - ამბობს პაატა შეშელიძე.
XS
SM
MD
LG