Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქართველოს რკინიგზა“ ლონდონის ჩიხში


საქართველოს მთავრობამ გაურკვეველი დროით გადადო „საქართველოს რკინიგზის“ პირველადი აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსება. პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მიზეზად საფონდო ბირჟებზე არსებული არასტაბილური ვითარება დაასახელა. მთავრობა მხოლოდ ვითარების გამოსწორების შემდეგ აპირებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული „საქართველოს რკინიგზის“ აქციების 25 პროცენტის გასხვისებას, რასაც ოპოზიციისა და ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი ეწინააღმდეგება. საინტერესოა, რა აფერხებს „საქართველოს რკინიგზის“ აქციების გაყიდვას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა სააგენტო „როიტერის“ მიერ გავრცელებული ცნობა იმის თაობაზე, რომ "საქართველოს რკინიგზის" აქციების 25%-ის საფონდო ბირჟებზე გატანა გაურკვეველი ვადით გადაიდო. ნიკა გილაურმა ეს ფაქტი 24 მაისს მთავრობის სხდომის მსვლელობისას განმარტა:

„კონსულტაციები გვქონდა ბანკირებთან, ინვესტორებთან... ბაზრები იმდენად ცუდია, იმდენად გაფუჭდა, რომ არ გვირჩიეს აქციების განთავსება. ასე რომ, რკინიგზის 25 პროცენტის ბაზრებზე გატანა გადავდეთ მომავლისთვის, როცა მდგომარეობა გამოსწორდება.“
ბოლო რამდენიმე დღეა, რაც ბირჟებზე სერიოზული ვარდნაა და ყველა ცდილობს თავი შეიკავოს ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისაგან ...
გია ჯანდიერი

გილაურის განმარტებით, ბაზრებზე ცუდი მდგომარეობა გამოწვეულია საბერძნეთისა და ესპანეთის პრობლემებით. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდა ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი. გია ჯანდიერის თქმით, რამდენიმე დღეა საფონდო ბირჟებზე ნამდვილი პანიკაა შექმნილი:

„გაურკვეველია რა მოხდება საბერძნეთში და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, რომელმაც ვერ მიაღწია შეთანხმებას იმის თაობაზე, გააგრძელოს თუ არა მკაცრი ფისკალური პოლიტიკის პროგრამა, როგორიც დასახეს წინა წელს. ამის წინააღმდეგია საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი. ვერც გერმანიასა და სხვა ქვეყნებს შორის მოხდა შეთანხმება და ამან გამოიწვია ის, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, რაც ბირჟებზე სერიოზული ვარდნაა და ყველა ცდილობს თავი შეიკავოს ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისაგან.“

„საქართველოს რკინიგზის“ აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე გატანას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მთავრობის ოპონენტებიც, თუმცა მათი არგუმენტები ეკონომიკურზე მეტად პოლიტიკური ფაქტორებითაა გამყარებული. გია ხუხაშვილის თქმით, რუსეთის ხელისუფლებასთან გაიგივებული კაპიტალი ის ერთადერთი სუბიექტია, ვისაც შეიძლება გაუჩნდეს არაკომერციული ინტერესი „საქართველოს რკინიგზის“ მიმართ, რაც, თავის მხრივ, საქართველოსთვის უდიდესი გეოპოლიტიკური რისკების შემცველია:

„ერთადერთი გეოპოლიტიკური ფუნქცია, რაც ქვეყანას აქვს, ეს არის სატრანზიტო პოტენციალი და თუ რკინიგზა, როგორც ამ ფუნქციის ერთ-ერთი სტრატეგიული მატარებელი, აღმოჩნდა უკონტროლოდ ასეთი კომპანიის ხელში, ეს ძალიან სერიოზული რისკების მომტანი იქნება გეოპოლიტიკური ფუნქციის დაკარგვის თვალსაზრისით, იმიტომ რომ რუსეთმა თუ ხელში ჩაიგდო რკინიგზა, მას შეუძლია, უბრალოდ, გააჩეროს, რადგანაც არსებითად ამით არაფერს აგებს, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს ალტერნატიული მარშრუტები და მოახდენს ტვირთების გადამისამართებას.“

თუმცა გია ხუხაშვილი იქვე შენიშნავს, რომ „საქართველოს რკინიგზის“ მინორიტარული აქციების (ამ შემთხვევაში, აქციების 25 პროცენტის) საფონდო ბირჟაზე გატანის წინააღმდეგი არ არის. მთავრობაც ამტკიცებს, რომ არ აპირებს აქციათა საკონტროლო პაკეტის გაყიდვას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

შეიძლება ვინმემ თქვას, მხოლოდ 25% გააქვთ და ეს ხომ არ არის საკონტროლო პაკეტიო. რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ ქართველებს ერთი ანდაზა გვაქვს: ბწკენა-ბწკენაში პატარძალი დაორსულდაო ...
ლადო პაპავა
"ლონდონის საფონდო ბირჟაზე "საქართველოს რკინიგზის" ჩვეულებრივი აქციების არა უმეტეს 25 პროცენტის განთავსება იგეგმება. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით გაცნობებთ, რომ "საქართველოს რკინიგზის" აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელად კვლავ სახელმწიფო რჩება. ასევე, კომპანიის მართვის საკითხში არსებითად არაფერი იცვლება."

მთავრობის ამ დაპირებისა არ სჯერა ეკონომისტ ლადო პაპავას, რომელიც დარწმუნებულია, რომ, სომხეთის რკინგზის შეძენის შემდეგ, რუსეთი საქართველოს რკინიგზის ხელში ჩაგდებას და ეკონომიკური ინსტრუმენტებით კონტროლის გამყარებას შეეცდება. ინტერნეტგამოცემა ambebi.ge-სათვის მიცემულ ინტერვიუში ლადო პაპავა ამბობს:

„შეიძლება ვინმემ თქვას, მხოლოდ 25% გააქვთ და ეს ხომ არ არის საკონტროლო პაკეტიო. რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ ქართველებს ერთი ანდაზა გვაქვს: ბწკენა-ბწკენაში პატარძალი დაორსულდაო. აი, ასე, ნელ-ნელა შეიძლება წავიდეს ეს პროცესი და დავკარგოთ რკინიგზა, მაგისტრალური გაზსადენი, ისევე როგორც დავკარგეთ ბათუმისა და ფოთის პორტები.“

თუმცა ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი პრობლემას ვერც აქციათა საკონტროლო პაკეტის საფონდო ბირჟაზე გატანაში ხედავს. გია ჯანდიერის თქმით, რუსული კერძო კაპიტალისათვის გზის ჩაკეტვა უგუნურებაა, ხოლო რუსეთის ხელისუფლების მცდელობის აღკვეთა მარტივადაა შესაძლებელი.

„ლონდონის საფონდო ბირჟა გამჭვირვალე სტრუქტურაა და ღია იქნება ინფორმაცია, თუ ვინ იყიდის ამა თუ იმ კომპანიის აქციებს. ამიტომ მთავრობას შესაძლებლობა ექნება, თუ დაინახავს, რომ მხოლოდ რუსეთის მთავრობაა ამით დაინტერესებული, შეაჩეროს აქციების გაყიდვა. მეორე ისაა, რომ ჩვენ შეიძლება ძალიან დიდი ეჭვები გვქონდეს, მაგრამ დღეისათვის არც ერთი რუსული კომპანია საქართველოში ცუდად არ იქცევა. ეს ეჭვები არის ძალიან ზედმეტი, რადგანაც ეს რუსული კომპანიები ომის დროსაც კი ნორმალურად იქცეოდნენ“, უთხრა გია ჯანდიერმა რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG