Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 ქართველი მეზღვაურის SOS-სიგნალი პანამიდან


ტანკერ „მარია დელ კარმენ 2“-ის ქართული ეკიპაჟი
ტანკერ „მარია დელ კარმენ 2“-ის ქართული ეკიპაჟი
შველას ითხოვს ქართველ მეზღვაურთა კიდევ ერთი ეკიპაჟი. სენტ კიტსისა და ნევისის დროშით მცურავ ტანკერ „მარია დელ კარმენ 2“-ის 12 ქართველი მეზღვაური სამი თვეა ნავსადგურიდან ხუთი კილომეტრის დაშორებით, ზღვაში იმყოფება. გემის კაპიტნის თანაშემწემ გიორგი ჯანელიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მეზღვაურებს მხოლოდ სამი დღის საკვებიღა დარჩათ, საწვავის უქონლობის გამო გემზე უკვე მეორე დღეა გამოირთო შუქი, არ მუშაობს მაცივარი და გენერატორები და, შესაძლოა, მალე გარესამყაროსთან სატელეფონო კავშირის დამყარებაც ვეღარ შეძლონ. ასეთ კატასტროფულ ვითარებაში ქართველი მეზღვაურები აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც გემის ნიგერიელმა მეპატრონემ ცოტა ხნის წინ მიატოვა დაზიანებული გემი, უარი თქვა მის გარემონტებაზე და გაწყვიტა კონტაქტი დაქირავებულ ქართველ მეზღვაურებთან. ტანკერი „მარია დელ კარმენ 2“ ამჟამად პანამის სარეიდო სადგომზე, პორტ ბალბოასთან იმყოფება და, როგორც გიორგი ჯანელიძემ გვითხრა სატელეფონო ინტერვიუში, ღვთის ანაბარად დარჩენილმა ეკიპაჟის წევრებმა გადაწყვიტეს, საკუთარი გასაჭირი რადიო თავისუფლებისთვის ეცნობებინათ.

გადმოწერა
გიორგი ჯანელიძე: „გემზე ვიმყოფებით 12 ქართველი მეზღვაური. ჩვენ გემი [ამა წლის 23 ივლისს] ეკვადორიდან უნდა გადაგვეყვანა ნიგერიაში, ლაგოსში. მაგრამ გემი არის ძალიან ავარიულ მდგომარეობაში, ძალიან ძველი, 42 წლის გემია. ამის გამო ჩვენ პანამის არხის ადმინისტრაციამ არ გაგვიშვა. ამიტომ აქ ვიმყოფებით სამი თვეა, ვცდილობთ რომ გემი გარემონტდეს, ვცდილობთ, რომ იმ მდგომარეობაში მოვიყვანოთ გემი, რომ დავაკმაყოფილოთ პანამის პორტის მოთხოვნილებები და ჩვენ გაგვიშვან. მაგრამ ჩვენი გემის პატრონმა, უბრალოდ რომ ვთქვათ, გემი მიაგდო. არ მოუცია არც არანაირი კვება, არც არანაირი ტექნიკური დახმარება, არც წყალი, არც ხელფასი. ჩვენ ყოველდღიურად ვწერდით წერილებს და მეილებს, ვცდილობდით, ვრეკავდით , მაგრამ არანაირი პასუხი, არანაირი გამოხმაურება აბსოლუტურად არ მიგვიღია. ამ დღეებში მეილებსაც კი არ პასუხობს, საერთოდ დაბლოკა ჩვენი მეილები და ჩვენ წერილებს ვეღარ ვუგზავნით ვერანაირად. ვთხოვთ დახმარებას ყველას, ვისაც კი რაიმე შეუძლია. ჩვენ დაგვრჩა გემზე სულ რაღაც სამი დღის საკვები და სამი დღის დასალევი წყალი, გამოგველია საწვავი და ამის გამო გაგვეთიშა შუქიც. არც მაცივრები მუშაობს და არც არაფერი, რის გამოც ფუჭდება საკვები. ამიტომ იმ მდგომარეობამდე მივედით, რომ იძულებული გავხდით შეგვეწუხებინა რადიო თავისუფლება და თქვენ ხართ პირველი, ვისაც დაგიკავშირდით და შეგაწუხეთ ჩვენს გამო.

რადიო თავისუფლება: გემის ეკიპაჟის თორმეტივე წევრი ქართველია? და ვინ არის ამ გემის მეპატრონე? თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ, მაგრამ არ დაგიკონკრეტებიათ მისი ვინაობა.

გიორგი ჯანელიძე: გემი არის პატარა ას მეტრიანი ტანკერი და გემის პატრონი არის ნიგერიული კომპანია Ocean Crest Company. ხოლო შუამავალი კომპანიის „ფრეგატის“ ხელმძღვანელი, რომელმაც ჩვენ ბათუმში დაგვასაქმა, არის ირაკლი დუმბაძე. ყველა თორმეტივე მეზღვაური ვართ ბათუმელი და ყველანი ერთნაირ გასაჭირში ვართ.

რადიო თავისუფლება: ირაკლი დუმბაძის მიმართ პრეტენზია არ გაქვთ?

გიორგი ჯანელიძე: ჩვენ გვაქვს პრეტენზია ნიგერიელი მეპატრონის მიმართ. იმიტომ, რომ კონტრაქტი მასთან გვაქვს გაფორმებული.

რადიო თავისუფლება: რადიომსმენელმა შეიძლება ერთბაშად ვერ გაიგოს. თქვენ თქვით, რომ გემი ძალიან ძველი იყოო. აგერ მეპატრონეც არ აღმოჩნდა სანდო კაცი. რატომ არიან იძულებულები ქართველი მეზღვაურები, რომ გარისკონ, როცა არ იცით, თუ რითი დასრულდება ეს წამოწყება?

გიორგი ჯანელიძე: იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს სანაოსნოს არ ჰყავს გემები და ჩვენ ქართველი მეზღვაურები იძულებული ვართ, რომ დავსაქმდეთ უცხოეთში. იმის გამო, რომ ამ ბოლო ხანს შეიქმნა პრობლემა ქართული საბუთები გაფორმებაზე, ჩვენ გვიწევს მუშაობა არასანდო კომპანიებში, ძველ გემებზე. ამის გამო, აქ მოვხვდით სამწუხაროდ.

რადიო თავისუფლება: ამბობთ, რომ რამდენიმე დღეში საკვები და წყალი გამოგველევაო. რატომ არ ცდილობთ, რომ დატოვოთ გემი და თავს უშველოთ? განა ეს დასჯადია?

გიორგი ჯანელიძე: საქმე იმაში, რომ ჯერ ეს ერთი ჩვენ ვდგავართ ნაპირიდან 5 კილომეტრის მოშორებით. ანუ ჩვენ რომც გვინდოდეს, ნაპირამდე ვერ მივალთ, რადგან კატერის გამოძახება ჯდება საკმაოდ ძვირი, სადღაც 300 დოლარამდე. თან საწვავი არ გვაქვს. აი, ახლა როცა მე თქვენ გელაპარაკებით ტელეფონით, რამდენიმე საათში ეს ბატარეა დაჯდება და მეც ვერავის დავურეკავ და ვერც ჩვენ დაგვირეკავენ. რაც შეეხება, რომ სახიფათოა, ჩვენ აქ მოვხვდით და აქ მოვედით იმისათვის, რომ ოჯახებს ფინანსები ესაჭიროება. და თუ ჩვენ აქედან წავალთ, რა თქმა უნდა, როცა საქართველოში დავბრუნდებით, არავინ არაფერს არ გადაგვიხდის.

რადიო თავისუფლება: თქვენ ამბობთ, რომ სართაშორისო სანაოსნოს წარმომადგენლებმა საქართველოში იციან თქვენი გასაჭირის თაობაზე. მაგრამ თუკი სამი თვის განმავლობაში არაფერი არ შეიცვალა, ხომ არ არის უპრიანი, რომ საქართველოს საგარეო უწყებაც ჩაერიოს თქვენი პრობლემების მოგვარებაში?

გიორგი ჯანელიძე: რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ პანამა, ჩემის აზრით არის კორუმპირებული ქვეყანა და ვისაც მივმართეთ, საერთოდ არავინ მოგვაქცია ყურადღება. ჩვენ მივწერეთ ელჩსაც და საქართველოს პრეზიდენტსაც, მაგრამ პირველი, ვინც ჩვენს გაჭირვებულ ეკიპაჟს გამოეხმაურეთ, ჯერჯერობით თქვენ ხართ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG