Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი: „ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები საქართველოს იცავენ“


ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო 7 ივნისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის ნიშნად სახელმწიფო დროშები დაეშვა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და ასევე ავღანეთში, ქართული კონტინგენტის ბაზებზე. მასშტაბურმა მსხევრპლმა საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ერთი ნაწილი ავღანეთიდან საქართველოს სამხედრო კონტინგენტის გამოყვანასაც მოითხოვს. რა გზით აპირებს წასვლას საქართველო და რა არჩევანი აქვს მას?

კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე, კაპრალი გიორგი ადამოვი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, კაპრალი ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი და პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი - 7 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვით ნატოს ISAF-ის მისიაში ქართული სამხედრო კონტინგენტის დანაკარგი 29-მდე გაიზარდა. 6 ივნისს ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ ბაზაზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად ასევე დაიჭრა 9 ჯარისკაცი. სამხედროები მკურნალობას გადიან ბაზა „ბასტიონზე“ მდებარე ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ისინი 7 ივნისს ავღანეთში საგანგებოდ ჩასულმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მოინახულა. ოფიციალური ინფორმაციით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

”დააბრუნეთ ქართველი სამხედროები საქართველოში” - ამ სახელწოდების გვერდი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” მას შემდეგ გამოჩნდა, რაც 6 ივნისს, გვიან საღამოს, გავრცელდა ინფორმაცია ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ. ყველას, ვისაც ავღანეთიდან ქართველი ჯარისკაცების გამოყვანა სურს, აქციის ორგანიზატორები შაბათს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდებენ. იდეის მხარდამჭერთა რიცხვი სწრაფად იზრდება და, მაგალითად, 7 ივნისს, საღამოს 5 საათისთვის, თითქმის 8 ათასს შეადგენდა. ”აქცია იქნება მდუმარე, არანაირი პროპაგანდა, არანაირი პოლიტიკა. ჩვენი მიზანია ქართველი სამხედროების სიცოცხლის დაცვა და არა რუსეთ–ნატოს ინტერესების განხილვა”, - წერენ აქციის ორგანიზატორები. თუმცა ექსპერტებისთვის ცხადია, რომ ავღანეთიდან ქართული კონტინგენტის გამოყვანა ვერ იქნება განხილული ნატოსთან დაკავშირებული ინტერესების გათვალისწინების გარეშე. მარტივად რომ ვთქვათ, თუკი საქართველოს სურს გაწევრიანდეს ნატოში და სამომავლოდ იყოს უსაფრთხოდ, მან აუცილებლად უნდა შეიტანოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებაში. აქამდე სწორედ ამას აკეთებდა და ახლაც აკეთებს ავღანეთის მისიაში მონაწილეობით საქართველო და ამისათვის მას არაერთი მადლობა აქვს მიღებული საერთაშორისო თანამეგობრობისგან. სამხედრო ანალიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი თავდგირიძისთვის, სხვა არაერთი ექსპერტის მსგავსად, ნატო უალტერნატივო არჩევანია:

”მე არ მომისმენია უსაფრთხოების ალტერნატიული სტრატეგია. არ არსებობს სხვა ორგანიზაცია თუ ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ ქვეყნის უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, ნატო და ნატოში გაწევრიანება საქართველოს უსაფრთხოებისთვის უალტერნატივოა”.

თავიდან 176 კაცი გვყავდა, მერე თითქმის ათჯერ გავზარდეთ... რაც მეტი ხალხია, მით მეტ სხვადასხვა ბაზაზეა განთავსებული, მეტი დავალება აქვთ, უფრო მეტს მოძრაობენ და ამიტომ იზრდება მათზე თავდასხმების შანსი...
ნატოს განსაკუთრებული მნიშვნელობის მიუხედავად, გიორგი თავდგირიძე იმთავითვე დიდ შეცდომად მიიჩნევდა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სამხედროების რიცხვის მკვეთრად გაზრდასთან დაკავშირებით. აქვე გავიხსენოთ, რომ საქართველო ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის პირველი უმსხვილესი კონტრიბუტორია და მას, 1 ივნისის მონაცემებით, 1561 სამხედრო ჰყავდა წარგზავნილი ავღანეთში. სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი თვლის, რომ ქართველმა სამხედროებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვონ ავღანეთი, მაგრამ პატარა ქვეყანა საქართველო, რომლის 20 პროცენტიც ამჟამად ოკუპირებულია, ამხელა რისკს არ უნდა შესჭიდებოდა:

”თავიდან 176 კაცი გვყავდა, მერე თითქმის ათჯერ გავზარდეთ... რაც მეტი ხალხია, მით მეტ სხვადასხვა ბაზაზეა განთავსებული, მეტი დავალება აქვთ, უფრო მეტს მოძრაობენ და ამიტომ იზრდება მათზე თავდასხმების შანსი”.

ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ ამჟამად საქართველო წინა ხელისუფლების მიერ გადადგმული გაუთვლელი ნაბიჯის შედეგებს იმკის და რომ სამხედროების რიცხვი ახალ ხელისუფლებას მაინც უნდა შეემცირებინა. თუმცა ჯერჯერობით ამგვარ პერსპექტივას არ განიხილავს ”ქართული ოცნება” და ამის შესახებ ასევე არაფერი უთქვამს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც 7 ივნისს სამძიმარი გამოთქვა ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო:

”ტერორიზმთან ბრძოლა ურთულესი და, ამავე დროს, მეტად საპატიო მისიაა, რომელსაც, საერთაშორისო სამშვიდობო ძალებთან ერთად, გმირი ქართველი სამხედროები ღირსეულად ასრულებენ. ჩვენი ჯარისკაცები საქართველოდან შორს, უცხო მიწაზე, საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს იცავენ. ეს ბიჭები ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობის, ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან. მიუხედავად ამ თავზარდამცემი ტრაგედიისა, ჩვენ ვერაფერი გაგვტეხს, უკან ვერავინ დაგვახევინებს".

ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ბრძოლას, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოსთვის გაკეთებულ საქმედ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ქვეყანა გააგრძელებს ბრძოლას ”მშვიდობიანი მსოფლიოსთვის, მშვიდობიანი საქართველოსთვის”.
XS
SM
MD
LG