Accessibility links

logo-print
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ოსური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოღალატეებად მოიხსენია. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამის გამო შეშფოთებულები არიან და თიბილოვთან შეხვედრას გეგმავენ. თიბილოვის განცხადება ცხინვალის ტელევიზიის ეთერში 15 ნოემბერს გავიდა. მან ის სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც სტამბოლში ქართველ კოლეგებს შეხვდნენ, ფულის აღებასა და ეროვნული ინტერესების ღალატში დაადანაშაულა.

"როცა სტამბოლში ჩვენი არასამთავრობოების შეხვედრა მიმდინარეობდა, იქ სამხრეთ ოსეთის სტატუსის გაყინვა შესთავაზეს. ესენი ჩვენი ფილოსოფოსები და გენიოსები არიან. მაშინ, როცა ჩვენ ვაცხადებთ, რომ სამხრეთ ოსეთის სტატუსი დიდი ხნის განსაზღვრულია, ესენი როგორღაც, იმისთვის რომ შემდეგ შეხვედრაზე მოხვდნენ და მოხსნან 200-ზე მეტი ან ნაკლები დოლარი, სამხრეთ ოსეთის სტატუსის განხილვის გადატანას სთავაზობენ“, – განაცხადა ლეონიდ თიბილოვმა.

ოსურ დელეგაციაში ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი კოსტა ძუგაევი იმყოფებოდა, რომელმაც პოლიტიკურ საკითხებზე მორატორიუმის იდეა წამოაყენა, რათა სხვა ჰუმანიტარული საკითხების მოგვარება გახდეს შესაძლებელი. კოსტა ძუგაევი ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ თიბილოვი არასწორად არის ინფორმირებული და დეზორიენტირებულია.

„სავსებით ცხადია, რომ პრეზიდენტი დეზორიენტირებულია იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ამ შეხვედრის შესახებ მისთვის ინფორმაციას ამზადებდა, იმიტომ რომ იქ ჩვენი რესპუბლიკის სტატუსის არანაირი განხილვა არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. ჩნდება კითხვა, თუ რამდენად შესაძლებელი იყო ამის გაკეთება. პრეზიდენტის დეზორიენტაციის ფაქტი სამწუხარო ფაქტია არა მარტო ჩვენთვის, ჯგუფისთვის, რომელიც შეხვედრაზე გაემგზავრა, არამედ მთლიანად პრეზიდენტის არასამთავრობო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. მე იმედი მაქვს, რომ ახალი წელი ახალი სტარტით დაიწყება და სტრუქტურა, რომელიც პრეზიდენტის ინფორმირებას ემსახურება, მუშაობას დაალაგებს და ასეთ შემთხვევას გამორიცხავს“, – აცხადებს კოსტა ძუგაევი.
ეს სამწუხაროა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ 2005 წლიდან დაიწყო ყველაფერი. ყოფილი პრეზიდენტის დეზინფორმატორების წყალობით დაიწყო არა მარტო დევნა, არამედ მესამე სექტორის დეგრადაცია, როცა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მტრის ხატი შეიქმნა, როცა ჩვენ მედიით არასაიმედო მოქალაქეებად გამოვყავდით, რომლებიც უცხოურ ვალუტაზე გაყიდიან არათუ საკუთარ დედას, სამშობლოსაც...


აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო დიალოგის ფორმატის – „თვალსაზრისის“ – თავისებურება ისიც არის, რომ მას როგორც ქართული, ისე ოსური ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებიან ხოლმე. მაგალითად, ამჟამინდელი დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით სანაკოევი ამ დიალოგის ხშირი სტუმარი იყო. ამიტომ, ძუგაევის აზრით, იმ ადამიანებს, რომლებმაც თიბილოვს დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდეს, შეეძლოთ უშუალოდ მონაწილეებისთვის მიემართათ. სტამბოლის შეხვედრას ქალთა სამშვიდობო მოძრაობის ლიდერი ლირა კოზაევა-ცხოვრებოვაც ესწრებოდა. მისი განცხადებით, სტატუსის საკითხზე საუბარი მართლაც იყო, მაგრამ არა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსზე, არამედ საუბარი ოსი ხალხის არჩევანს შეეხებოდა - დარჩნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ თუ რუსეთის ფედერაციაში შევიდნენ. კოზაევას აზრით, თიბილოვის განცხადება ძალიან სამწუხარო იყო.

„ეს სამწუხაროა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ 2005 წლიდან დაიწყო ყველაფერი. ყოფილი პრეზიდენტის დეზინფორმატორების წყალობით დაიწყო არა მარტო დევნა, არამედ მესამე სექტორის დეგრადაცია, როცა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მტრის ხატი შეიქმნა, როცა ჩვენ მედიით არასაიმედო მოქალაქეებად გამოვყავდით, რომლებიც უცხოურ ვალუტაზე გაყიდიან არათუ საკუთარ დედას, სამშობლოსაც“, – ამბობს ლირა კოზაევა.

კონფლიქტოლოგი გიორგი ხუციშვილი სტამბოლში კოსტა ძუგაევის მოხსენებას ყურადღებით უსმენდა. მისი აზრით, ძუგაევმა ჰუმანიტარული საკითხების გადასაჭრელად პოლიტიკური კონტექსტის მოცილების და იმ პოლიტიკურ საკითხებზე, სადაც მხარეები შეხების წერტილებს ვერ პოულობენ, მორატორიუმის იდეა წამოაყენა.
გოგი ხუციშვილი

გოგი ხუციშვილი


„თიბილოვი აბსოლუტურად დეზინფორმირებული იყო იმის შესახებ, თუ რა თქვა იმ შეხვედრაზე კოსტა ძუგაევმა. თქვა ის, რომ მოდით, ეს საკითხი (პოლიტიკური) გადავდოთო, იმისთვის რომ მიეცეს საშუალება სხვა საკითხებზე საუბარსო. ანუ იქნებ რაღაცაზე შეთანხმდნენ. მეც და შეხვედრის სხვა მონაწილეებმაც ეს მივიჩნიეთ როგორც მართლზომიერი და ლოგიკური წინადადება. ამ შეხვედრებზე იყო ლაპარაკი, ვთქვათ, როგორ შეიძლება ადმინისტრაციულ საზღვარზე შემსუბუქდეს რეჟიმი, იყო ლაპარაკი იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდეს ვაჭრობა, - იმისთვის რომ აღდგეს ადამიანური კონტაქტები, - უსაფრთხოების საკითხები და ასე შემდეგ, ანუ ის, რისი წინააღმდეგიც არც ცხინვალში და არც სხვაგან ხელისუფლება არ შეიძლება იყოს“, – აცხადებს გიორგი ხუციშვილი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დე ფაქტო ხელისუფლება სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ გამოდის. წინა პრეზიდენტის დროს გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორი, სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხოვრებოვი ქართველ კოლეგებთან შეხვედრის გამო ჯერ მოღალატედ გამოაცხადეს, შემდეგ კი ქუჩაში სასტიკად სცემეს. აღსანიშნავია, რომ ცხოვრებოვის ცემაში დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრებიც მონაწილეობდნენ.

ოსური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრით, სამოქალაქო სექტორისადმი ასეთი დამოკიდებულება წინა ხელისუფლებისგან დარჩენილი მემკვიდრეობაა, რომლის გადალახვა აუცილებელია. ამიტომ ადგილობრივი მესამე სექტორი თიბილოვთან შეხვედრას და დიალოგის გამართვას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თუმცა ყველა აღნიშნავს, რომ ამ დიალოგის სტარტი არცთუ სასიამოვნოა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG