Accessibility links

logo-print
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმი უკვე რამდენიმე წელია განგაშს ტეხს იმის გამო, რომ ცხინვალი ერთ დიდ ნაგავსაყრელად იქცა. აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალში ჩასული სამშენებლო კომპანიები სამშენებლო ნარჩენების გატანისთვის თავს არ იწუხებდნენ და ნაგავს სადაც მოესურვებოდათ, იქ ყრიდნენ. სამშენებლო ნარჩენებს მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნაგავსაც უმატებდა და ასე იქმნებოდა მთელ ქალაქში ქაოსური ნაგავსაყრელები.

მოხელეები მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, რომ ქალაქის სისუფთავეზე ეზრუნათ, მოქალაქეები კი ხელისუფლებას პრობლემის მოუგვარებლობაში ადანაშაულებდნენ. ცხინვალში გადათხრილი გზები და ნაგავსაყრელები იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ გაკვირვებას იქ ჩასული სტუმრებიც ვერ მალავდნენ. მაგალითად, დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში ჩასულმა რუსმა რეჟისორმა და მსახიობმა სტანისლავ გოვორუხინმა საჯაროდ განაცხადა, რომ ცხინვალი ერთ დიდ ნაგავსაყრელს აგონებს. ეს ფრაზა დიდხანს დარჩა ადგილობრივი მოსახლეობის განსჯის საგნად, მაგრამ ვითარება კიდევ უფრო გართულდა.

დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმი მარინა კოჩიევა ჩვენს რადიოსთან საუბარში აღნიშნავს, რომ ამჟამად ვითარება კატასტროფულია. კოჩიევა ნებისმიერ წუთს ინფექციური დაავადების აფეთქებას ელოდება, რადგან ცხინვალში ანტისანიტარიას უხარისხო წყალიც ემატება.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სანიტარულ ექიმს პრობლემის მოსაგვარებელი გეგმა მოსთხოვა. კოჩიევა, პირველ რიგში, სამი ძირითადი მიმართულების მოწესრიგებას ითხოვს: მოსახლეობისთვის ხარისხიანი წყლის მიწოდებას, მდინარეებისა და ტბების ეკოლოგიურ დაცვას და დასახლებულ პუნქტებში ჰიგიენის დაცვას. მისი აზრით, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაარჩენების პოლიგონის მოსაწყობად უნდა გამოიყოს ერთი ადგილი, სადაც ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანაც იმუშავებს.

თავიდან ცხინვალის ნაგავი სოფელ ტბეთის ნაგავსაყრელზე გაჰქონდათ, მაგრამ დროებითი ნაგავსაყრელი მუდმივად იქცა და სოფლის მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია, რადგან აქ წარმოქმნილი მტვრისა და სუნის გამო ადამიანის გაჩერება შეუძლებელი გახდა. მოგვიანებით, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში განაცხადეს, ტბეთის ნაგავსაყრელი გაუქმდა, მაგრამ ახალი ქაოსური ნაგავსაყრელები წარმოიშვა. ერთი მათგანი ქართული სოფლის, თამარაშენის, ტერიტორიაზეა, რომელიც ცხინვალის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ მიკრორაიონს - „მოსკოვსკის“ - ესაზღვრება.

ცხინვალის მერიამ ახალი პოლიგონისთვის კიდევ ერთი ქართული სოფლის ტერიტორია გამოყო. ქალაქის ვიცე-მერის ვადიმ გაბარაევის განცხადებით, ახალ ნაგავსაყრელად მალე სოფელ ფრისის და ერედვის ტერიტორიაზე არსებულ პემზის კარიერს გამოიყენებენ. ერედველები წარსულში ამ კარიერებს წითელ მიწებს ეძახდნენ, პემზას კი სამშენებლო მასალების დასამზადებლად იყენებდნენ. გაბარაევის თქმით, ტერიტორია იმდენად დიდია, რომ ნაგვის უტილიზაციისთვის 20-25 წელი გამოდგება.

ცხინვალის ვიცე-მერის თქმით, ვლადიკავკაზიდან ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის ნაწილი უკვე ჩატანილია, მაგრამ ფინანსების უქონლობა ამ ქარხნის გამართვას ხელს უშლის. თამარაშენთან მოწყობილი ნაგავსაყრელი უკვე გადავსებულია და, გაბარაევის აზრით, თუ ახალი პოლიგონი და ქარხანა რამდენიმე თვეში არ ამუშავდა, ცხინვალში ინფექციური დაავადებების აფეთქება მოხდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG