Accessibility links

logo-print

ქართული ღვინო ამერიკის ბაზარზე ფეხს მართალია ნელა, მაგრამ მყარად იკიდებს. განსაკუთრებული პოპულარობით ვაშინგტონის მაღაზიებში "საფერავი" სარგებლობს.

ქართული ღვინოები ვაშინგტონში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. მათ უკვე დიდი სუპერმარკეტების ქსელებში, ბევრ ღვინის მაღაზიაში და ზოგიერთ რესტორანშიც ნახავთ. ჟურნალი „ფორბსი“ ქართულ ღვინოებს 9 საუკეთესო ალკოჰოლურ ნაწარმს შორის ასახელებს, რომელთა სმაც ამერიკელებმა 2015 წელს აუცილებლად უნდა დაიწყონ.

ალის ფარინგი, ნიუ იორკელი მწერალი და ღვინის ავტორიტეტული ექსპერტი ყურადღებას საქართველოში ნატურალური ღვინის წარმოების უნიკალურ წესზე ამახვილებს და ამბობს, რომ „ამ წესით ქართველები „ღვინოს უწყვეტად ალბათ 8 ათასი წლის მანძილზე ამზადებდნენ და დღესაც არის საქართველოში მცირე, მაგრამ ძალიან ძლიერი ჯგუფი, რომელიც მოდერნიზების მიუხედავად, წარმოების პროცესში მანიპულირებას ძალიან მცირე დოზით უშვებს და ტრადიციების ერთგული რჩება“.

პატარა ღვინის მაღაზია „ბეჩ-13“-ში ქართულ ღვინოებს მთელი სექცია უჭირავს. დანიელ ბონეს, მაღაზიის მენეჯერის თქმით, 3 წლის წინ მაღაზიაში სულ რამდენიმე ქართული დასახელების ღვინო ჰქონდათ, ახლა კი 30-მდე სხვადასხვა ღვინოს ყიდიან. „ფენომენალურად კარგად იყიდება. როგორც ჩანს თანდათან უფრო მეტი და მეტი ადამიანი იგებს ქართული ღვინის შესახებ. საოცარია, როცა შემოდიან, ყველას ჰგონია, რომ ღვინო იტალიელების და ფრანგების შექმნილია. თუმცა, სინამდვილეში ის ქართველებმა გამოიგონეს. ყოველ შემთხვევაში, უძველესი ნიმუშები საქართველოშია ნაპოვნი“ - ამბობს ის.

მაღაზიაში თვეში დაახლოებით 20 ყუთ ქართულ ღვინოს ყიდიან და ეს რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ფასი ამერიკელებისთვის საკმაოდ მისაღებია, 12-დან 30 დოლარამდე მერყეობს და როგორც ჩანს, ბევრი სხვადასხვა კულტურის კერძებსაც უხდება. ყველაზე დიდი მოთხოვნა, დანიელ ბონეს თქმით, მათთან „საფერავზეა“, თუმცა თეთრი ღვინო „რქაწითელიც“ ძალიან კარგად იყიდება.

ვაშინგტონის ცენტრში მდებარე პატარა რესტორნის „კომპას როუზის“ მეპატრონე, როუზ პრევიტიც ამბობს, რომ მასთან ყველაზე პოპულარული „საფერავია“. თუმცა, სეზონს გააჩნია. „ახლა „საფერავის“ გაყიდვას ვერ აუდივარ. აცივდა თუ არა, წითელს უფრო სვამენ. „წინანდალზე“, შუშხუნა და სხვა თეთრ ღვინოებზე მოთხოვნა შედარებით უფრო ზაფხულისკენ იზრდება“ - გვეუბნება ის.

როუზის თქმით, ვაშინგტონელები ბევრს მოგზაურობენ და საქართველოზეც მეტი სმენიათ. თვითონაც ნამყოფია საქართველოში. საკუთარი რესტორნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კერძად „აჭარულ ხაჭაპურს“ ასახელებს და მენიუში „ხინკლის“დამატებასაც გეგმავს.

„თავიდან გვეკითხებიან, ჯორჯიის შტატიდან ხომ არ არისო. არც იციან, რომ საქართველოში ღვინოს ამზადებენ. გულწრფელად აღფრთოვანდებიან ხოლმე, როცა იგებენ, რომ იქ ღვინის წარმოების უძველესი არქეოლოგიური ნიმუშებია. და როცა გასინჯავენ, მერე უმეტესად ქართულ ღვინოს უკვეთავენ“ - ამბობს „კომპას როუზის“ ბარმენი ჯეკ კავიტო.

ალის ფარინგი ახლა ქართული ღვინის დამზადების უნიკალურ წესზე და ზოგადად ქართულ კულტურაზე წიგნს წერს, რომელიც სავარაუდოდ მომავალ წელს გამოიცემა. მისი აზრით, „ქართველების ურთიერთობა ვენახთან და ღვინოსთან ისეა ინტეგრირებული ქართულ კულტურაში, როგორც არსად მთელ ქვეყანაზე“. სპეციალისტი ქართველ მეღვინეებს თვითმყოფადობის შენარჩუნებას ურჩევს და ამბობს, რომ ქართულმა ღვინომ კონკურენტულ მსოფლიო ბაზარზე თავი არა ცნობილი ევროპული ბრენდების, არამედ მხოლოდ საკუთარი მრავალფეროვანი სახეობების ღვინით უნდა დაიმკვიდროს.

XS
SM
MD
LG