Accessibility links

logo-print

ქართული ღვინო და წყალი რუსეთს მალე დაუბრუნდება


მოსკოვი, წითელი მოედანი

მოსკოვი, წითელი მოედანი

7-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული ღვინო და მინერალური წყალი რუსეთის ბაზარზე შესაძლოა გაზაფხულზე დაბრუნდეს - ამის შესახებ ცნობილი გახდა 4 თებერვალს - მას შემდეგ, რაც საქართველოს დელეგაცია მოსკოვში ”რუსპოტრებნადზორის” ხელმძღვანელს, რუსეთის მთავარ სანიტარულ ექიმს გენადი ონიშჩენკოს შეხვდა. თუმცა, ვიდრე ქართული პროდუქცია რუსეთისკენ მიმავალ გზას გაუყვება, მის ხარისხიანობაში თავად რუსი სპეციალისტები უნდა დარწმუნდნენ. რა შეფასებები და მოლოდინები უკავშირდება რუსეთის ბაზარზე დაბრუნების პროცესს?

მართალია, რუსეთის მთავარ სანიტარს ქართული ღვინის გემოზე მეტად რძის პროდუქტების გემო მოსწონს, - და ეს მან 4 თებერვალს ჟურნალისტებსაც უთხრა, - მაგრამ ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალს ბევრი აღარაფერი აშორებს რუსეთის ბაზრისგან. თუკი საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე შესაძლოა გაზაფხულის ბოლოს დაბრუნდეს, რუსეთის მედია ასევე აქტიურად ატრიალებს რუსეთის მთავარი სანიტარის გენადი ონიშჩენკოს სიტყვებს, რომ რეალისტურია, ეს უფრო სწრაფადაც მოხდეს; თუკი საქართველოს ეროვნული კონტროლის მექანიზმები შეესაბამება რუსეთისთვის მისაღებ პარამეტრებს, მაშინ ჩვენ ვენდობით საქართველოში გაცემულ ცნობებს, - დაახლოებით ასე უთხრა ჟურნალისტებს 4 თებერვალს გენადი ონიშჩენკომ.

საქართველოს დელეგაცია დარწმუნებულია, რომ საქართველოში დანერგილი კონტროლის მექანიზმები სრულად შეესაბამება რუსეთის მიერ 4 თებერვლის შეხვედრაზე ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს. თუმცა, ასეთი ვითარების მიუხედავად, რუსეთი ცდილობს თავად დარწმუნდეს ყველაფერში, - უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, თენგიზ კალანდაძემ, რომელსაც ჩვენ მოსკოვში ტელეფონით დავუკავშირდით:

”ერთი კვირის შემდეგ ჩამოვა ”რუსპოტრებნადზორის” სპეციალისტების 3 ჯგუფი, 2-2 კაციანი დელეგაცია. ისინი დაათვალიერებენ ჩვენს საწარმოებს, ნახავენ ჩვენს ლაბორატორიულ სიმძლავრეებს, გაეცნობიან კანონმდებლობას და დაბრუნების შემდეგ ისინი შედეგებს განიხილავენ ბატონ ონიშჩენკოსთან და, როგორც ვფიქრობ, ძალიან სწრაფად გადაწყდება ჩვენი პროდუქციის ექსპორტის საკითხი რუსეთში”.
ახლა იმ ადამიანს ეახლებიან და უხსნიან, რომ თურმე რა კარგად გვაქვს აწყობილი სანიტარული კონტროლი. სანიტარული და ფიტოსანიტარული კონტროლის აწყობა იყო ჩვენი ევროკავშირთან ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი თემა ...

თენგიზ კალანდაძე ამბობს, რომ, ღვინისა და მინერალური წყლების პარალელურად, მიმდინარეობს ზრუნვა რუსეთის ბაზარზე საქართველოდან ხილ-ბოსტნეულის შეტანის საკითხებზეც და ქართული დელეგაცია იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები ამ მიმართულებითაც წარმატებული იქნება. მართალია, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული დელეგაცია პირველად სტუმრობს რუსეთს, მაგრამ, როგორც თენგიზ კალანდაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, გენადი ონიშჩენკოსთან 2-საათიანი შეხვედრის დროს, 4 თებერვალს, ერთი სიტყვაც კი არ თქმულა პოლიტიკაზე.

თუმცა საკითხს აბსოლუტურად პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, პირადად მისთვის დამამცირებელი იქნებოდა იმ გენადი ონიშჩენკოსთან მიახლება, რომლის ხელითაც ერთ დროს პუტინი საქართველოს მკაცრად სჯიდა:

”ახლა იმ ადამიანს ეახლებიან და უხსნიან, რომ თურმე რა კარგად გვაქვს აწყობილი სანიტარული კონტროლი. სანიტარული და ფიტოსანიტარული კონტროლის აწყობა იყო ჩვენი ევროკავშირთან ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი თემა და ეს თემა მიმდინარეობს და, მარტივად, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მყოფი ქვეყანა, რუსეთი, რაღაც ანგარიშს უნდა უწევდეს თავისთავად, ყოველგვარი მიახლებების გარეშე, რასაც ახორციელებს ახლა ახალი მთავრობა”.

ქართული ღვინის საწარმო "შუხმანის ღვინოები"

ქართული ღვინის საწარმო "შუხმანის ღვინოები"

დავით დარჩიაშვილი ხედავს დიდ რისკს, რომ, თუკი საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის რუსეთის ნება-სურვილზე არ ივლის, რუსეთი მომავალშიც წარმატებით გამოიყენებს ეკონომიკურ საკითხებს სადამსჯელო იარაღად და ქართულ პროდუქციას კვლავაც გამოისტუმრებს რუსეთიდან.

დაფიქრებას იმაზე, რომ ერთ არცთუ მშვენიერ დღეს რუსეთმა შესაძლოა კვლავ მოუჯახუნის ცხვირწინ კარი საქართველოს, საჭიროდ თვლის ”თბილღვინოს” პრეზიდენტი გაგა მარგველაშვილი, თუმცა ბიზნესმენი ფიქრობს, რომ ეს არ უნდა იქცეს შემაკავებელ ბარიერად, რადგანაც პოლიტიკური, ეკონომიკური და ერთგვარი ინფრასტრუქტურული რისკები თითქმის ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებით არსებობს, სადაც ქართული ღვინო იყიდება. გაგა მარგველაშვილი თვლის, რომ რუსეთის ბაზარზე ხელახლა შესვლისა და დამკვიდრების შანსის ხელიდან გაშვება არაგონივრული იქნებოდა, თუმცა ერთგვარი ბალანსის დაცვაა საჭირო, რათა არ მოხდეს რუსეთის ბაზარზე ისეთივე გადამეტებული დამოკიდებულების შექმნა, რაც 2006 წლამდე, ანუ ემბარგოს დაწესებამდე, იყო. ემბარგოს პრობლემები ”თბილღვინომაც” გვარიანად იწვნია:
ძირითადი გაყიდვები მაინც მოდიოდა ნაციონალურ საცალო გაყიდვების ქსელებზე, სადაც ახლა თაროებზე ადგილები დაკავებულია და ამიტომ გარკვეული სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, რათა ქართულ ღვინოს გამოეყოს სათანადო ადგილი რუსეთის საცალო გაყიდვის ქსელებში ...

”ჩვენს შემთხვევაში რუსეთში გაყიდვები აღწევდა დაახლოებით 52 პროცენტს. შესაბამისად, პირველი წელი იყო ძალიან რთული - ჩვენ ეს რეალიზაცია დავკარგეთ და დაგვჭირდა დაახლოებით 2 წელი, რომ მოგვეხდინა სრული ჩანაცვლება და რეაბილიტაცია. თუმცა სადღეისოდ ჩვენი გაყიდვები გაცილებით აღემატება იმ გაყიდვებს, რაც იყო ემბარგომდე”.

თუკი ემბარგომდე ”თბილღვინოს” პროდუქცია, რუსეთის გარდა, 12 ქვეყანაში იყიდებოდა, ამჟამად კომპანიას საკუთარი პროდუქცია 30-მდე ქვეყანაში გააქვს. ”თბილღვინოს” გაყიდვების მზარდმა დინამიკამ გასულ წელს 3 მილიონ ბოთლს გადააჭარბა, ხოლო ექსპორტის წილი მთელ რეალიზაციაში თითქმის 95%-ს შეადგენს. როგორც კომპანიის პრეზიდენტი გაგა მარგველაშვილი აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, მართალია, ”თბილღვინოს” პროდუქციას ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ნახავთ, მაგრამ დასავლეთ ევროპის ბაზრებს ჯერჯერობით მხოლოდ 10 პროცენტამდე უჭირავთ. დანარჩენი კი ჯერ ისევ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებზე მოდის. ესენია, მაგალითად: ყაზახეთი, უკრაინა თუ აწ უკვე ევროკავშირის ქვეყნები - ლიტვა, ლატვია და ესტონეთი. რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, ის, გაგა მარგველაშვილის თქმით, არა ყველაზე უფრო მნიშვნელოვან, არამედ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ბაზრად განიხილება. ”თბილღვინოს” პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ქართული ღვინო კვლავაც ახსოვთ რუსეთში და მას კვლავაც მოელიან - მოთხოვნა არსებობს, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად იოლი იქნება ბაზარზე დამკვიდრების პროცედურები:

”ძირითადი გაყიდვები მაინც მოდიოდა ნაციონალურ საცალო გაყიდვების ქსელებზე, სადაც ახლა თაროებზე ადგილები დაკავებულია და ამიტომ გარკვეული სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, რათა ქართულ ღვინოს გამოეყოს სათანადო ადგილი რუსეთის საცალო გაყიდვის ქსელებში. ეს დაკავშირებულია ერთგვარ ძალისხმევასთან - ფინანსურ დანახარჯებთან და ასე შემდეგ”.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG